სიახლეები

„გერმანულ–ქართული“ vs „რუსეთ–თურქმენული“ მოდელი

საპარლამენტო არჩევნების ე.წ. „გერმანული მოდელი“ ეფუძნება ხმების დათვლის და მანდატების განაწილების (ორი განსხვავებული ცნება – ბარიერის გამო) საკომპენსაციო–გამოთანაბრებით მეთოდს მხოლოდ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში. 

ინგლისურად: (Representative Proportion = Mixed Voting System =  Direct + Proportional Mandates)
გერმანულად: (Personalisierte Proporzwahlen = Gemischtes Wahlsystem = Direktmandate + Proporzmandate).

საკომპენსაციო–გამოთანაბრებითი მეთოდი გერმანიის საარჩევნო სისტემაში დაინერგა 1949 წლიდან, 1949–1987 წლებში დათვლა–განაწილება ხდებოდა ე.წ. დონტის (D’hondt Rule) წესით, 1987–2005 წლებში გამოიყენებოდა ნიმაიერის (Hare-Niemeyer) ფორმულა, ხოლო 2005 წლიდან დღემდე ფედერალური არჩევნების შედეგების დათვლა და მანდატების განაწილება ხდება ლეგ–შეპერის (Sainte-Laguë/Schepers) მეთოდით.  

მიუხედავად საკომპენსაციო–გამოთანაბრებითი ფორმულების ცვლილებისა, 1949 წლიდან გერმანიის საარჩევნო სისტემა, საქართველოს, რუსეთის და თურქმენეთის მსგავსად, არის შერეული საარჩევნო სისტემა, რადგან გერმანიის ფედერალური საარჩევნო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად ამომრჩევლების მოვალეობაა როგორც პიროვნებებს, ისე საარჩევნო–პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არჩევანის გაკეთება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაგრამ დროსა და სივრცეში ერთად. 

„გერმანული მოდელის“ დახასიათებისთვის, რომელიც ევროპაში მხოლოდ გერმანიაში მოქმედებს, არ შეიძლება ისეთი ზედსართავი სახელების გამოყენება, როგორებიცაა „იდეალური“, „საუკეთესო“ ან „კარგი.“
გერმანული მოდელი არის მკაცრი, მაგრამ დემოკრატიული, რადგან პროპორციულ ნაწილში ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მცირე პარტიებს აქვთ საპარლამენტო წარმომადგენლობის უფლება, მაგრამ პარლამენტს არ ემუქრება „პოლიტიკური ქარვასლა,“ ისევე როგორც ქვეყანას და სახელმწიფოს – პოლიტიკური არასტაბილურობა და კრიზისი. ე.ი. უზრუნველყოფილია ნებისმიერი პოლიტიკური წარმონაქმნის ეტაპობრივად განვითარების (არასაპარლამენტო ოპოზიცია  – მცირე საპარლამენტო ოპოზიცია – დიდი საპარლამენტო ოპოზიცია – ხელისუფლება) და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა. 

გერმანული მოდელი არის რთული, მაგრამ კომპრომისული – თუ დიდი პარტია უფრო მაჟორიტარულ ნაწილში ახერხებს უმრავლესი საპარლამენტო ადგილების მიღებას, საკომპენსაციო–გამოთანაბრებითი მეთოდის დახმარებით ოპოზიციური პარტიებიც არ იჩაგრებიან პროპორციულ ნაწილში – ე.ი. კომპრომისის გასაღები საარჩევნო სისტემის სირთულეშია. 

*    *    *
გერმანიაში (აგრეთვე საქართველოშიც, რუსეთშიც, თურქმენეთშიც) ამომრჩეველს აქვს ორი ხმა, რომელთაგან:

  • – პირველი ხმა გამოიყენება ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად, საინიციატივო ჯგუფის ან საარჩევნო–პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი არჩევანის გასაკეთებლად მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის სასარგებლოდ (ე.წ. მოჟორიტარები).
  • – მეორე ხმა გამოიყენება სიით წარმოდგენილ საარჩევნო–პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ერთი კონკრეტული არჩევანის გასაკეთებლად მხოლოდ ერთი პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საინიციატივო გაერთიანების სასარგებლოდ (ე.წ. პროპორციული წესი).

ის საარჩევნო სისტემა, რომელშიც ამომრჩეველს აქვს ორი ხმა და ე.ი. უნდა გააკეთოს ორი დამოუკიდებელი არჩევანი, ვერც ედეგის მიხედვით ჩაითვლება სრულად პროპორციულ, ან სრულად მაჟორიტარულ სისტემად. 
კონსტიტუციონალიზმი მას უწოდებს შერეულ საარჩევნო სისტემას (გერმანია, საქართველო, რუსეთი, თურქმენეთი და ა.შ.), რაც წარმოადგენს როგორც სრულად მაჟორიტარული, ისე სრულად პროპორციული სისტემებისგან განსხვავებულ ცნებებს, მაგრამ თანაბრად შეიცავს ორივე სისტემის ელემენტებს (ე.ი. შერეულია).

შერევის პრინციპი შესაბამისად ასახულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში (73+77=150), ისე გერმანიის ფედერალურ საარჩევნო კოდექსში (299+299+X).

თუკი საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს საკანონმდებლო ორგანოში წევრთა რაოდენობის ზედა ზღვარს, გერმანიის ფედერალურ კონსტიტუციაში დაწესებულია მანდატების მინიმალური რაოდენობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, 13 ფედერალურ მხარეში კონსტიტუციებით დაწესებულია სამხარეო პარლამენტების წევრთა რაოდენობის ზედა ზღვარი. მათ შორის, საქართველოს მსგავსად, ბერლინსა (78+52) და ბავარიაში (91+89) არათანაბარი განაწილებით მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეულ წევრთა რაოდენობებს შორის.

შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში, ორი საარჩევნო ბიულეტენის გამო, ამომრჩეველს შეუძლია საარჩევნო–პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ხმების გაყოფა, ე.ი. მხარი დაუჭიროს ორ განსხვავებულ საარჩევნო სუბიექტს – ერთს მაჟორიტარული წესით და მეორეს – პროპორციული წესით. აღნიშნულის გამო საარჩევნო–პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოსალოდნელია  უთანაბრობა პროპორციული და მაჟორიტარული წესით მიღებულ ხმებსა და მოპოვებულ მანდატებს შორის. 

აღნიშნული არითმეტიკული უთანაბრობის აღმოსაფხვრლად, რომელიც უსამართლოა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და მაჟორიტარების ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეს შეიცავს, საქართველოსგან, რუსეთისგან და თურქმენეთისგან განსხვავებით გერმანიის ფედრალურ არჩევნებში, აგრეთვე რამოდენიმე ფედერალურ მხარეში, ხმების დათვლასა და მანდატების განაწილებაში (ორი განსხვავებული ცნება ბარიერის გამო) მოქმედებს როგორც გამოთანაბრების, ისე კომპენსაციის მექანიზმები. ყველა დანარჩენ ფედერალურ მხარეში, ბარიერის (ბუნებრივი, 1%, 3%, 4%) მიხედვით,  მოქმედებს ან მხოლოდ კომპენსაციის, ან მხოლოდ გამოთანაბრების წესი.

საკომპენსაციო–გამოთანაბრებითი მექანიზმი (ე.წ. გერმანული მოდელი) უზრუნველყოფს იმას, რომ საარჩევნო–პოლიტიკური სუბიექტებიდან ე.წ. „დიდი პარტია“ წარმოდგენილი იყოს უმთავრესად მაჟორიტარების ხარჯზე, მაშინ როცა ბარიერის გადალახვის შემთხვევაში „მცირე“ ან დამწყებ პოლიტიკურ სუბიექტებს ეძლევათ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობის შესაძლებლობა. ე.ი. აბსოლუტური (50%+X ; მაგრამ არა - კონსტიტუციური) უმრავლესობის ფორმირება აღარ არის დამოკიდებული მაჟორიტარების დახმარებაზე, არამედ კოალიციურ მოლაპარაკებებზე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მთავრობის ფორმირებისთვის. 

*    *    *
რატომ მოიფიქრეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1948 წელს გერმანიაში კონსტიტუციის მამებმა (სოციალისტი კურტ შუმახერი, კონსერვატორი კონრად ადენაუერი, ლიბერალი თეოდორ ჰოისი) საკომპენსაციო–გამოთანაბრებითი მექანიზმი ფედერალურ საარჩევნო კოდექსში? 

იმიტომ, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თავიდან აეცილებიათ „მართული დემოკრატია“ და „დეფექტური საარჩევნო სისტემა,“  რაც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის და მათ შორის რუსეთისთვის და თურქმენეთისთვის 21–ე საუკუნეში.

ომისშემდგომი კონსტიტუციის მამებმა 1933 წელს საკუთარი თვალით იხილეს, იანვარში სრულად პროპორციულ არჩევნებში (ე.წ. ვაიმარის კონსტიტუცია) მარტივი უმრავლესობით (34%) როგორ გაიმარჯვეს ნაციონალ–სოციალისტებმა მაგრამ მაინც მოახერხეს უმცირესობის მთავრობის ფორმირება. 

უკვე, 1933 წლის აპრილში უმცირესობის მთავრობამ, პარლამენტში შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა, რაც უკვე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა – სამწუხაროდ, ლიბერალების ფრაქციის სრული და ცენტრისტების (მაშინდელი კონსერვატორები) ნაწილობრივი მხარდაჭერით.

 1933 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნები გაიმართა სრულად მაჟორიტარული წესით, ნაციონალ–სოციალისტებმა უკვე 98% გაიმარჯვეს (ცნობილი ფრაზა: „ჰიტლერიც არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში“) – სამწუხაროდ, თავად გერმანიისთვის, აგრეთვე ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის იმ პერიოდში საშინელი და გამოუსწორებელი შედეგებით.
აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე 1948 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკომპენსაციო–გამოთანაბრებითი მექანიზმით, რომელიც დღემდე ძალაშია.

*    *    *
საერთაშორისო თანამეგობრობა „გერმანული მოდელის“ კონსტიტუციორობაზე ვერავითარ დასკვნას ვერ დადებს საქართველოსთვის. ნებისმიერ ქვეყანაში ამ შეკითხვის ერთადერთი ადრესატი ადგილობრივი საკონსტიტუციო სასამართლოა.

„გერმანული მოდელის“ ერთის მხრივ სიმკაცრე და სირთულე, მაგრამ მეორე მხრივ – კომპრომისულობა და სამართლიანობა, ლიბერალური დემოკრატიის დაცულობა, განვითარების გზა და საზოგადოებრივი ინტერესია, რისი სამართლებრივად და პოლიტიკურად შეფასება ნამდვილად არის საერთაშორისო თანამეგობრობის (ვენეციის საბჭო, ეუთო) ავტორიტეტიც და კომპეტენციაც. 

„რუსეთ–თურქმენული“ მოდელისგან ჩახსნით და „გერმანულ მოდელზე“ გადასვლით საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპაში გერმანიის შემდეგ მეორე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში – პირველი ქვეყანა, რომელიც კომპრომისული და სამართლიანი საარჩევნო სისტემით უზრუნველყოფს ლიბერალურ დემოკრატიას, პოლიტიკური სტაბილურობას, ჩრდილო–ატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, პოლიტიკური რისკების შემცირებას, საერთაშორისო–ფინანსური რეიტინგების გაუმჯობესებას და საერთაშორისო ინვესტორებისათვის მიზიდულობის გაზრდას.

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი
 

კომენტარები