სიახლეები

481 Views
პოლიტიკა

ათენში ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს საელჩო დააბოქლომეს

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საბერძნეთში ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართეს. ისინი საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა #შეცვალე იყო, საპროტესტო პერფორმანსს გირჩის ათენელი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები, ასევე, გამოეხმაურნენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელშიც ის ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს  და აღნიშნეს, რომ ეს განცხადება არასახელმწიფოებრივია და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებს წითელი ბარათი ანახეს და ათენში საქართველოს საელჩო სიმბოლურად დააბოქლომეს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ - "შეცვალე მოძალადე მთავრობა" და ქართველ ახალგაზრდებს ერთად დგომისკენ მოუწოდებდნენ

აქციის მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა და სამართლიანი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო.

"მოვითხოვთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს და მოვითხოვთ შეიცვალოს მარაზმული საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე მთავრობა, დღეს რაც ხდება არ არის ნორმალური" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მუქარა და შეურაცხყოფის მცდელობები, თუმცა აღნიშნულმა აქციამ ათენში, საქართველოს საელჩოსთან, კონფლიქტის გარეშე ჩაიარა.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული

კომენტარები