სიახლეები

106 Views
პოლიტიკა

სასამართლომ ჯაფარიძის, ხაზარაძის და წერეთლის მიმართ შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, ძალაში დატოვა.

მოსამართლემ მათი ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 700-700 ათასი ლარის ოდენობის, ხოლო ავთანდილ წერეთლისთვის 500 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გაუქმებას ითვალისწინებდა, არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ძალაში დატოვა ასევე დამატებითი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებს ეკრძალებათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხოლო ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს გამოძიება ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას.

 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები