თენგიზ კიტოვანის ისტორია

თენგიზ კიტოვანის ისტორია აუცილებლად უნდა მომესმინა და ძალიან გამიხარდა, როცა გადაცემაში მონაწილეობაზე დამთანხმდა.

ჩემი მთავარი ამოცანა იყო, სტუმარი ადამიანურად გამეცნო, გამერკვია ის სტიმულები, რომელიც მას ამოძრავებდა აქტიური პოლიტიკური კარიერის დროს და თუ მე შევძლებდი ამის გაგებას, მაყურებლისთვისაც ბევრი რამე იქნებოდა ნათელი.

არ ვიცი რამდენაც წარმატებულად გამომივიდა, რადგან ძალიან რთულია სრულ გულწრფელობას მიაღწიო, ასეთი წინააღმდეგობრივი სტუმრისაგან, მაგრამ გადაცემა ძალიან ხმაურიანი გამოდგა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ციტატები, ბევრმა მედია საშუალებამ წაიღო.

სტუმარმა ისაუბრა, როგორ იქმნებოდა პირველი ქართული შეიარაღებული ძალები, როგორ ყიდულობდა იარაღს ქვეყანაში განთავსებული რუსული ბაზებისგან, რა წინააღმდეგობები იყო და რა მიზეზით განუდგა საქართველოს პირველ პრეზიდენტს.

კიტოვანის თქმით, ქართულ შეიარაღებულ ძალებს იცავდა და რადგან ზვიად გამსახურდიამ გააუქმა გვარდია, ის როგორც პირველი ეროვნული შეიარარებული ძალების შემქმნელი, ამას ვერ შეეგუებოდა.

რესპონდენტმა ასევე ისაუბრა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებაზე და პირდაპირ დაასახელა ადამიანები, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ პრეზიდენტის ლიკვიდაცია.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამორიცხა ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა, თქვა რომ მას თავში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დასძინა, რომ თავს ორი ტყვიით არ იკლავენ (თუმცა თავში ორი ტყვიის მოხვედრის ვერსია, მოგვიანებით არ დაადასტურა, პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ).

თენგიზ კიტოვანმა ასევე გამორიცხა თავისი წვლილი, პირველი პრეზიდენტის სიკვდილში.

კიტოვანი სიტყვაძუნწი მოსაუბრე აღმოჩნდა, რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ისედაც ბევრი რამე თქვა, რაც აქამდე არ უთქვამს და ყველაფერს ვერ იტყოდა. მასთან ინტერვიუ ყველაზე ხანმოკლეა, მაგრამ ვფიქრობ, დაკვირვებულ მაყურებელს მაინც შეუძლია წარმოდგენა შეიქმნას, მის პიროვნებაზე, ხედვებზე და ასევე იმ სტიმულებზე რომელიც განსაზღვრავდა, თავის დროზე, მისი მოქმედებების ლოგიკას.



კომენტარები