სიახლეები

253 Views
ეკონომიკა

მულტისავალუტო რეჟიმი

არგუმენტი #3 რომელ ქვეყანაში არსებობს მულტისავალუტო სისტემა? (პასუხის პირველი ნაწილი)

მიუხედავად იმისა, რომ მულტისავალუტო რეჟიმის მაგალითები არსებობს (თუმცა, არაფერი განსაკუთრებული) და ზოგადად ადამიანობა მთელი თავისი ისტორია მულტისავალუტო სისტემის პირობებში ცხოვრობდა (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ტრადიციულად, ერთდროულად იყო ბრუნვაში, სხვა ფულთან ერთად), რეალურად ეს ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის. როგორც წესი, ეს (ანუ "სხვა ქვეყნების") არგუმენტი მხოლოდ მას აწუხებს, ვინც ეკონომიკური თეორიის ორი მარტივი და ამავდროულად მნიშვნელოვანი საკითხი არ იცის. აქ, ერთ-ერთ ასეთ საკითხს გავარჩევ.

ინფლაცია არის დაბეგვრის ნაირსახეობა. ადრე, როცა ქაღალდის ფული არ არსებობდა და ფულის ემისია (ბეჭდვა) შეუძლებელი იყო, მმართველები იგივე შედეგს - მონეტის/ფულის გაფუჭების მეშვეობით აღწევდნენ. მაგალითად, სურათზე რომის იმპერიის ისტორიაა აღწერილი და ის, თუ როგორ იცვლებოდა ვერცხლის შემადგენლობა ფულში. ნიშანდობლივია, რომ ვერცხლის შემადგენლობის 2%-დე შემცირება იმპერიის ისტორიის დასასრულს შეესაბამება. თქვენი აზრით, რატომ? (სხვათა შორის, ფულის იგივე გაუფასურება, თუ კუპონების პერიოდს ავიღებთ, ჩვენ სულ რამდენიმე წელში გავიარეთ, ამის შემდეგ ლარი შემოვიღეთ და გაუფასურების პროცესი გაგრძელდა და 25 წლის შემდეგ ლარის თავდაპირველი ღირებულების 10%-ზე ნაკლები შემოგვრჩა. ასე რომ ამ ნაწილში რომაელებს ვჯობივართ).

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ დათანხმდით რაიმე საქმე გააკეთოთ 10 ვერცხლის მონეტის სანაცვლოდ. შევადაროთ ორი სიტუაცია:

1. მე 10 მონეტას გადაგიხდით და მთავრობა 2 მონეტას წაგართმევთ.

2. მთავრობამ მონეტები გააფუჭა და მათში ვერცხლის მოცულობა 20%-ით შეამცირა. ამის შემდეგ მე თქვენ 10 მონეტა გადაგიხადეთ.

ცხადია, რომ ორივე შემთხვევაში თქვენ 8 მონეტის სანაცვლოდ იმუშავეთ, ოღონდ პირველ შემთხვევაში დაბეგვრა ღიად განხორციელდა, ხოლო მონეტის გაფუჭების პირობებში - ირიბად.

თუმცა, პრაქტიკაში ეს დაბეგვრის მექანიზმი დიდი ხნის მანძილზე ცუდად მუშაობდა, რადგან მონეტის გაფუჭების დადგენა ძალიან მარტივია და ამით მეფეები ვერავის მოატყუებდნენ. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, მესამე სიტუაცია.

მე თქვენ ათი მონეტა გადაგიხადეთ, მაგრამ მაღაზიაში რომ მიხვედით აღმოაჩინეთ, რომ 20%-ით გაიზარდა ყველა ფასი და ამიტომ 20%-ით ნაკლების ყიდვა შეგიძლიათ.

გასაგებია, რომ რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლში მართლაც 10 მონეტა გადაგიხადეთ, ამ მონეტების მსყიდველუნარიანობა შემცირდა და სიტუაცია იგივეა, როცა ადრე 8 მონეტას გიხდიდით, ოღონდ ფასები უცვლელი რჩებოდა.

ძველ რომში ფასების ვერცხლში ზრდა შეიძლება ვერცხლის ახალი საბადოების აღმოჩენას გამოეწვია („ფულის ბეჭდვისერთადერთი ლეგალური გზა მეტალის სტანდარტის პირობებში). იგივე მოხდა ევროპაში, როცა ამერიკის აღმოჩენისა და იქიდან ოქროს იმპორტის ზრდის შედეგად ოქრო გაუფასურდა და ოქროში გამოხატული ფასები გაიზარდა (ეს იყო ისტორიაში პირველი ხანგრძლივი ინფლაციის პერიოდი, რომელიც არ იყო ფულის გაფუჭებით გამოწვეული). ამასფასების რევოლუციასუწოდებენ, და იმ პერიოდში საშუალოდ ფასები 1-1.5% იზრდებოდა წელიწადში. 😊

ამგვარი გაუფასურების ტემპი ჩვენი გადმოსახედიდან სასაცილოდ უმნიშვნელოა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, როცა ოქროს მიმოქცევა აიკრძალა და ადამიანობა ქაღალდის ფულზე გადავიდა. ახლა, ფულის ბეჭდვა - ჩვეულებრივი ამბავია, რის გამოც ფული, დოლარი იქნება ეს, თუ ლარი, უფასურდება. სხვა სიტყვებით, მთავრობები ზუსტად იმავენაირად იქცევიან, როგორც ადრე, და ფულის გაფუჭებით ბეგრავენ მოსახლეობას. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ ეს ფარულად ხდება და რიგითი მოქალაქე საერთოდ ვერ ხვდება კავშირს ფულის ემისიასა და ფასების ზრდას შორის (ცალკეულ ქვეყნებში ამ კავშირს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებიც კივერ ხვდებიან“). ამ ფარულობის გამო ინფლაცია დაბეგვრის ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ახლა, თუ ეს გასაგებია, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ორი განსხვავებული ვალუტის (მაგალითად, ლარის და დოლარის) ერთდროულად ბრუნვაში დაშვება. შინაარსობრივად ეს იგივეა, რომ ჩვენ არჩევანი გაგვიჩნდეს, რომელი მთავრობა დაგვბეგრავს ფულის გაფუჭების გზით, ამერიკის (ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელით), თუ საქართველოს (ეროვნული ბანკის მეშვეობით). შეიძლება მოქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბევრად უკეთესი იყოს იბეგრებოდე 2%-ით აშშ- მთავრობის სასარგებლოდ, ვიდრე 6%-ით ჩვენი მთავრობის შემოსავლების ზრდის მიზნით, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი შესაძლებლობის დაშვება ნებისმიერი მთავრობის ყველაზე დიდი კოშმარია.

სხვა სიტყვებით, შინაარსობრივად, მულტისავალუტო რეჟიმი ინფლაციით დაბეგვრისგან გაქცევის ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს, მაგრამ ამ გზის ჩაკეტვა იმ ადამიანების პირველადი ამოცანაა, ვინც დაბეგვრისგან სარგებელს იღებს. ამიტომ, როგორც დღგ-სა და აქციზის გადახდისას არჩევანი არ გვაქვს, იმავენაირად ცდილობს მთავრობა ფულის გამოყენებაშიც არჩევანი ჩაგვიკეტოს. ამას მათ ენაზე "დედოლარიზაცია" ჰქვია.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

 

კომენტარები