სიახლეები

120 Views
ეკონომიკა

კანონი ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლებაზე

ჩემი პირველი კანონი, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ეხებოდა, თუმცა პრობლემა, რომლის გამოსწორებაც დავაპირე, არ იყო ამ ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტი. დიდწილად ტექნიკური საკითხი იყო, თუმცა პოტენციურად — საკმაოდ მნიშვნელოვანი.

კანონპროექტი ეროვნული ბანკის ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტში მხოლოდ ერთი წინადადების ჩამატებას გულისხმობდა. 

„ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (მათ შორის,  კონფიდენციალური), მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცეს საქართველოს პარლამენტის წევრს.“

შინაარსობრივად, ეს ნიშნავდა, რომ პარლამენტის წევრს იმ ინფორმაციაზე გაუჩნდებოდა წვდომა, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას ეხება. ამით ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელი გახდებოდა, რაც პარლამენტის საკონსტიტუციო ვალდებულებაა.

თუმცა ამ კანონპროექტის შეტანის მიზეზი მთლინად პოლიტიკური იყო. პარლამენტში შესვლისთანავე უმრავლესობის დეპუტატებს ეროვნული ბანკის მავნებლობაზე ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, მნიშვნელოვანი რეფორმების აუცილებლობაში დამერწმუნებინა, საუბრის ბოლოს კი ჩნდებოდა არგუმენტი „შემოიტანე კანონპროექტი და საგნობრივად ვილაპარაკოთ“. ჩემი აზრით, კანონპროექტი მხოლოდ მაშინ უნდა შეიტანო, როცა უმრავლესობის ზოგადი მხარდაჭერა მაინც გაქვს, თუმცა ეს ფორმალისტური არგუმენტი რომ არ დამეტოვებინა, გადავწყვიტე რაიმე ტექნიკურად მარტივი კანონპროექტი დამეწერა, თან ისეთი, რომლის საწინააღმდეგო მოსაზრებაც ვერ იარსებებდა. 

პროცესში ყველა არგუმენტი დავამუშავეთ და დეტალები გავიარეთ. 30 ქვეყნის კანონმდებლობის ანალიზი, მათ შორის პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩართულობით, მოვაწყვეთ ზუმ-შეხვედრა პოლონეთის სეიმთან, ჩემი ჩეხეთში ვიზიტის დროს ცალკე შეხვედრა მქონდა იქაურ პარლამენტში, მათი და ცენტრალური ბანკის ურთიერთობაზე, პოლიტიკური ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი დეპუტატებით დასრულებული (მათთან, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებდა კანონი), ალბათ, პარლამენტის 1/3-თან მქონდა ხანგრძლივი საუბრები და პრეზენტაციები, ორჯერ შევხვდით ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს და საბანკო ასოციაციას. ამ საუბრისას, ყველა შესაძლო საწინააღმდეგო არგუმენტი მოვისმინე და კონტრარგუმენტი გავაჟღერე. პირველი საკომიტეტო მოსმენისას, არ არსებობდა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება ამ კანონპროექტზე უარის თქმა. თუმცა, უმრავლესობამ მხარი მაინც არ დამიჭირა, რითაც დაამტკიცა, რომ არგუმენტები არ არის გადამწყვეტი და მეტიც, საბოლოო ჯამში, არც აინტერესებთ. როცა აწყობთ, პარლამენტარობას თამაშობენ, ხოლო როცა ხვდებიან, რომ კონტრარგუმენტები აღარ აქვთ, პარლამენტის არსს ივიწყებენ.
 

დანარჩენს ნახავთ ჩემს სამ გამოსვლაში:

1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი:



2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი:

3. პარლამენტის სესია:
 

მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ მიუღიათ, მას ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი, მთელმა ოპოზიციამ, რომელიც იმ დღეს პარლამენტში იყო და ქართული ოცნების 8 დეპუტატმა, რის გამოც, ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

კომენტარები