სიახლეები

292 Views
ფული

ჯედი (GeD – Georgian Dollar) - ციფრული ვალუტა

ჯედი (GeD – Georgian Dollar) - ციფრული ვალუტა.
ემიტენტი - პოლიტიკური პარტია „გირჩი“
ემისიის წესი - 1 დოლარი, რომელიც „გირჩის“ პოლიტიკოსებისათვის არის შემოწირული, 100 GeD-ს გამოიმუშავებს. 
ემისიის მაქსიმალური ოდენობა - 5 000 0000 000
უკვე განხორციელებული ემისია: 2.9% 


ტრანსაქციების ისტორიის მართვის ტიპი: ყველა ტრანსაქცია გირჩის სერვერის გავლით ხორციელდება.
უსაფრთხოების გარანტიები: თითოეული ტრანსაქცია საჯაროა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტრანსაქციების ისტორიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია.

უნიკალური თვისება: 
1.    ჯედი ერთადერთი ფულია, რომლის ყველა გამოყენება, ანუ ყველა ტრანსაქცია, საჯაროა. ტრანსაქციების საჯაროობით უზრუნველყოფილია ტრანსაქციების ისტორიის დაცულობა და ტრანსაქციების გაყალბების შეუძლებლობა.
2.    ჯედი პოლიტიკური ფულია, რომლის ფუნქციონირება „გირჩის“ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. როცა ადამიანი ჯედის მეშვეობით, მაგალითად, ჯოინთს ყიდულობს, ის ღიად და ბევრი ადამიანის გასაგონად ერთდროულად ორ პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს: მხარს უჭერს კანაფის ლეგალიზაციას და მულტისავალუტო სისტემას
3.    ჯედი, მთავრობების მიერ იძულებით დანერგილი ფულისაგან განსხვავებით, მატერიალური და არამატერიალური აქტივებით არის გამყარებული.
4.    1 ჯედის უკან დგას პარტიის მიერ მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება, ამ ეტაპისთვის 0.44 თეთრი. თითოეულ ჯედერს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს თავის მფლობელობაში არსებული ჯედების დაწვა და სანაცვლოდ სათანადო ფულის მოთხოვნა .
5.    ბაზარზე 1 ჯედის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მის უკან არსებული მატერიალური აქტივები, რადგან ჯედის მეშვეობით ჯედერი, ანუ ჯედის მფლობელი, გავლენას ახდენს პარტიის გადაწყვეტილებებზე და, პირველ რიგში, პრაიმერისის დროს ირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატებს.
6.    იმის გამო, რომ  პარტიულ სიას მხოლოდ ჯედერები ადგენენ, მათ საკუთრებაში არსებული ჯედების გამოყენებით, 1 ჯედს დამატებით არამატერიალური სარგებელიც მოაქვს მისი მფლობელისთვის.
7.    ჯედის მატერიალურ უზრუნველყოფასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა გირჩის პოლიტიკური რეპუტაციის ტოლფასია, რომლის ამაღლება გირჩის თითოეული პოლიტიკოსის მიზანი და ვალდებულებაა.

ამიტომ, რაც უფრო წარმატებული იქნება პარტია, მით უფრო მეტი ეღირება ჯედი და მით უფრო მდიდარი იქნება ჯედერი.

ჯედერი ვალდებულია გირჩის კონსტიტუცია აღიაროს, რომელშიც ჯედერებს შორის დავების გადაჭრის მექანიზმიცაა ჩადებული. ამრიგად, ჯედის მფლობელს სხვა ჯედერთან რაიმე ტიპის კონფლიქტის შემთხვევაში, ჯედით ტრანსაქციების დროს, პრივილეგია უჩნდება, სახელმწიფო სასამართლოზე უფრო სანდო და კვალიფიციურ სასამართლოს მიმართოს.

ჯედის, ისევე როგორც, უშუალოდ, პარტია გირჩის არსებობის საბოლოო და მთავარი მიზანი სახელმწიფო საკუთრების საქართველოს მოქალაქეებისათვის სრულად დაბრუნებაა. ზუსტად ამ მიზანმა განაპირობა ჯედის გაჩენა, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კი ჯედის ისტორია დასრულდება, ხოლო თითოეულ ჯედერს, მათ საკუთრებაში არსებული ჯედების პროპორციულად, საქართველოს და, ალბათ, მსოფლიო ისტორიისათვის უპრეცედენტო მასშტაბით გამდიდრების შესაძლებლობა მიეცეს (დეტალურად იხ. „პრივატიზაციის პროექტი“).
 

კომენტარები