სიახლეები

იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზანი იყო გაგვეგო მისი, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პოზიცია, როგორც შექმნილ ვითარებასა და გადაჭრის გზებზე, ასევე მის როლზე დეპოლარიზაციის პროცესში და იზიარებს თუ არა მისი პარტიის რიგითი წევრების პოზიციას, რომლებიც გირჩს ქართული ოცნების მოსყიდულებს გვეძახიან.

შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა, დეტალებზე გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა:

მე რა პოზიციაც მქონდა დაფიქსირებული, ქართული ოცნების მოსყიდულს რომ მეძახდნენ, საქართველოს პრეზიდენტისთვის მისაღები და სწორია. მისი აზრით, მეტი უნდა ვესაუბრო ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ მას არ აქვს სათანადო კონტაქტი პარტიასთან. მიხეილ სააკაშვილიც თვლის, რომ პოლიტპატიმრების (მისი და ნიკა გვარამიას) არსებობა ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.

ცალსახად მითხრა, რომ მას შემდეგ რაც მისი კომისიის შექმნა იგეგმებოდა და ჩვენ ღიად და ცალსახად მხარი დავუჭირეთ მას არ ჰქონია ეჭვები, რომ ჩვენ ქართული ოცნების ჭკუაზე დავდივართ, ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და საგულისხმო უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებისთვისაც, ვინც ამას ამბობდა.

მიხეილს სააკაშვილმა დამისახელა კონკრეტული პირები, ვისაც ნაციონალურ მოძრაობაში შემიძლია ვეკონტაქტო და იმედი გამოთქვა, რომ მათთან ასეთი ტიპის პრობლემები არ მექნება. პარტიაში ბევრი ადამიანია, რომლებიც ხშირად მასაც არ ემორჩილებიან, რადგან იმ სიტუაციაში რაშიც ის ახლა იმყოფება, ძალიან რთულია მან პასუხი აგოს ყველა მისი თანაგუნდელის პოზიციაზე და არის შემთხვევები, რასაც თავადაც არ ეთანხმება.

ისიც თვლის, რომ პოლარიზაციის შესასუსტებლად საჭიროა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და პოლიტიკური სპექტრი არ უნდა იყოს დამძიმებული ისეთი ამბებით, როგორიც არის მიხეილს სააკაშვილის პატიმრობა. მას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ მისი პატიმრობა პრობლემას ქმნის, როგორც უკრაინასთან ურთიერთობაში, ასევე შექმნის პრობლემას დეპოლარიზაციასთან დაკავშირებითაც.

ამავდროულად მის ინტერესებშია ჩაერთოს უკრაინის პროცესებში და ნაკლები ინტერესი გააჩნია ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით, უბრალოდ მას, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რომელმაც ბევრი გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არანაირი ინტერესი არ გააჩნია ჩვენი გზა შეფერხებული იყოს ამ თვალსაზრისით.

დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს, კიდევ მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ მას ჩვენი პოზიციები დეტალურადაც და წერილობითაც აინტერესებს. როცა საჭირო იქნება ჩვენ გვექნება საშუალება მას შევხვდეთ და კიდევ მოვისმინოთ მისი შეხედულებები შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი არ იყო იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენ აზრები გაგვეცვალა. ვისურვებდი ჩვენი საუბრის გაგრძელებას სხვა გარემოში, სადაც ყველაფერზე საუბარი უფრო დეტალურად შეგვეძლება.

მიხეილ სააკაშვილი არ იყო ისე, რომ ჩვენ რამდენიმე საათი გვესაუბრა, მე  ამ შემთხვევაში ავადმყოფის ინტერესებიც გავითვალისწინე.

როგორც იაგომ აღნიშნა, პრეზიდენტი მსჯელობაში მიყვებოდა და იცოდა, რომ ახლა მათი ინტერესები თანხვედრაშია, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას იძლევა.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, იმ პროცესით რასაც გირჩი საზოგადოებას სთავაზობს ყველა მოგებული დარჩება.

ამ პროცესით მოგებულია როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობაც და სხვა პატარა პარტიებიც, პირველ რიგში კი ქართველი ხალხი, რომელიც უკვე დიდი ხანია ამ სრულიად უაზრო კონცერტს უყურებს, რასაც საქართველოს მომავალი ეწირება. იმედი მაქვს ეს შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს დეპოლარიზაციის პროცესი დავიწყოთ.

                                                                                                                                                                              -  განაცხადა ხვიჩიამ

შეგახსენებთ, რომ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მოსანახულებლად პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წინა კვირას მიმართა. შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე კლინიკა „ვივა მედში“ შედგა.

                                                                                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები