გირჩის ციფრულ ვალუტას უკვე ლარით ყიდულობენ

გუშინ, თბილისის დროით დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მოქალაქე ნ. ნ.-მ ქართული ლარით შეისყიდა გირჩის ციფრული ვალუტა, 15,000 GeD (ჯედი).


ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც მოხდა სახელმწიფოს მიერ ემისირებული ოფიციალური ვალუტით პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ვალუტის, ამ შემთხვევაში გირჩის ციფრული ფულის შესყიდვა.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გირჩის მიერ შექმნილი GeD არის ვირტუალური ციფრული ფული, რომლის დაგროვებაც შესაძლებელია: ა) ისეთი ქმედებებით, რომლებიც გირჩის მიერ ჩათვლილი იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილად, ან ბ) უშუალოდ გირჩისთვის გაწეული ფინანსური კონტრიბუციით.

დაგროვებული GeD-ების გამოყენება შესაძლებელია გირჩის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების პროცესში. რაც უფრო მეტი GeD აქვს გირჩის პლატფორმის წევრს, მით მეტი წონა აქვს მის ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.


თუმცა GeD-ების საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება საპრივატიზაციო ფულის ფუნქციის შესრულებაა მომავალში, როდესაც მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ტრილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების მისი სამართლიანი მფლობელებისთვის ანუ მოსახლეობისთვის უკან დაბრუნება.
დღეისათვის გირჩის GeD-ზე მოთხოვნას სწორედ ეს ორი ფუნქცია განაპირობებს. შესაბამისად, გირჩის პოლიტიკური წონის ზრდასთან და ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებაზე პოლიტიკური მოთხოვნის მატებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პირველი პოლიტიკური ციფრული ვალუტის მოთხოვნაზე ზრდაც.
აღსანიშნავია, რომ უკვე თვეზე მეტია ფუნქციონირებს ფეისბუქ-მარკეტი, სადაც საჯაროდ ხდება სხვადასხვა სახის პროდუქტებისა და სერვისების გირჩის GeD-ებზე გაცვლა ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადების გვერდის ავლით.


გირჩის ციფრული ვალუტის ლარით შეძენაც ცალსახად მიუთითებს GeD-ის სავალუტო ბაზრის გაჩენაზე, რაც ასევე არ ჯდება არსებულ სახელმწიფო რეგულაციებში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს ეროვნული ბანკის მხრიდან.



კომენტარები