სიახლეები

გირჩი ეროვნული ბანკის ქმედებების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

დღეს, 28 ივლისს 11:30 საქართველოს პარლამენტში ეროვნული ბანკის საკითხზე სანდრო რაქვიაშვილის ბრიფინგი ჩატარდა.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს.

კომისია 3 თვის განმავლობაში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას, რაც საშუალებას მოგვცემს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გავცეთ.

რატომ ვქმნით დროებით საგამოძიებო კომისიას:

საქართველოს კონსტიტუციის 68 მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარ მიზნებს ფასების სტაბილურობა და ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა წარმოადგენს

2020-2021 წლებში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება.

შედეგად, ამ პერიოდში ფულის მასა 47%-ით გაიზარდა. ლარის მასის უპრეცედენტო ზრდამ კანონზომიერად, ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი, რაც 2021წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა.

გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს და 2021 წელს კაპიტალზე უკუგებით (მოგება/კაპიტალი) მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის   პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეროვნული ბანკის მიერ უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის.

სახეზეა კონსტიტუციის 
68-ე მუხლის დარღვევა, რაც ვალდებულებას უჩენს პარლამენტს, გამოიძიოს აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოძიებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს
სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ,
ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან
შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით ბერკეტს  გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს   სახელმწიფოს წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები.

ჩვენ უნდა გავარკვიოთ რა ხდება ეროვნულ ბანკში, რა ურთიერთობა აქვს ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებთან, რა ტიპის ჩართულობა აქვს ამაში მთავრობას. მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ, რომ სათანადო ინფორმაცია მედიაში არ გავრცელდეს.

ეს სერიოზული პრობლემაა, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი გაერთიანება აზიანებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და მოქალაქეების გაღარიბების მთავარი მიზეზია.

განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოვუწოდებ ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, დამოუკიდებელ დეპუტატს მხარი დაუჭირონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

- განაცხადა სანდრომ

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 2021 წლის ანგარიში 27 ივლისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. 

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები