სიახლეები

444 Views
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი და ფულის „ბეჭდვა"

ეროვნული ბანკი ფულს რამდენიმე განსხვავებული გზით ბეჭდავს. ლარების უდიდესი ნაწილი ეროვნული ბანკიდან ციფრული სახით, ანუ უნაღდო ანგარიშსწორებით ხვდება ეკონომიკაში. ეს ფული არაფრით განსხვავდება იმ ლარებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ საბანკო ანგარიშზე აქვს ადამიანს. როგორც ჩვენ შეგვიძლია ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოტანა, ისე აქვთ კომერციულ ბანკებს ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა. მათთვის ბანკომატის ფუნქციას ეროვნული ბანკი ასრულებს, ხოლო უშუალოდ ბეჭდვა სპეციალურ სტამბაში ხდება, საფრანგეთში, საიდანაც ახალი კუპიურები თვითმფრინავის მეშვეობით ჩამოდის საქართველოში.

ამრიგად, ბეჭდვა ზოგადად ფულის ემისიას ნიშნავს, რადგან საბოლოო ჯამში, ანგარიშზე განთავსებულ და საფულეში ჩადებულ ფულს ჩვენ ერთი და იგივე მნიშვნელობას ვანიჭებთ

სხვა დროსთვის გადავდოთ საკითხი, თუ რატომ ბეჭდავს ეროვნული ბანკი ფულს, და ვნახოთ, თუ რა ინსტრუმენტების მეშვეობით აკეთებს ის ამას.

1. სავალუტო რეზერვები - როცა ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს, ის სანაცვლოდ ლარის ემისიას ახორციელებს (ანუ ბეჭდავს ფულს). მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან 450 მილიონი დოლარი იყიდა და სანაცვლოდ დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარი გამოუშვა ბრუნვაში.

2. მეორედ ბაზარზე სახაზინო ობლიგაციების შესყიდვა. ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის პირდაპირ ფულის სესხების უფლება არ აქვს, თუმცა ის ამას ირიბად აკეთებს: ყიდულობს სახაზინო ობლიგაციებს კომერციული ბანკებისგან და ამით ბრუნვაში უშვებს ლარებს. მაგალითისთვის, 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით, 600 მილიონი ლარის ობლიგაციები შეისყიდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკაში არსებული ობლიგაციები ლარებით ჩაანაცვლა.

3. რეფინანსირების სესხი. ეს ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტია, რომელზეც სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღებაა მიპყრობილი. თუმცა მისი მეშვეობით, არც ისე ბევრი ფულია გამოშვებული. მიუხედავად იმისა, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობა რაღაც პერიოდში 3 მილიარდ ლარამდე აღემატებოდა, 2021 წლის დასაწყისში ამ გზით გაცემული იყო 2.16 მილიარდი ლარი, ხოლო წლის ბოლოს - 2.07, ანუ რეფინანსირების მექანიზმის გამოყენებით ფულის მასა 90 მილიონი ლარით შემცირდა.

არსებობს კიდევ ერთი ფულის ბეჭდვის წყარო - კომერციული ბანკები. როცა ფული კომერციულ ბანკში შედის, ის მომხმარებლის ფულს სესხის სახით ისევ ბრუნვაში უშვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ბარათზე არსებული ფულით ბანკმა გაასესხა, ამიტომ ერთი და იგივე თანხა ბარათზეც არსებობს და სესხის მიმღების ანგარიშზეც. ამას ეკონომისტები მულტიპლიცირებას ეძახიან, ხოლო ისტორიულად ამგვარ ქცევას - თაღლითობას უწოდებდნენ, რადგან ის ფული, რომლის ნებისმიერ დროს დაბრუნების ვალდებულებასაც იღებს კომერციული ბანკი, სინამდვილეში ვერ დაბრუნდება, თუ ბევრი მომხმარებელი გადაწყვეტს მათ ანგარიშებზე არსებული ფულის განაღდებას. თქვენ ამ საფრთხეს ვერ ხედავთ, რადგან ბანკებს გარკვეული რაოდენობის თანხები რეზერვის სახით აქვთ შენახული, ხოლო იურიდიულ პირებს ფულის განაღდების უფლება არც გააჩნიათ (რამდენიმე უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, მაგალითად, სალაროსთვის საჭირო ფული).

აქვე აღსანიშნავია, რომ ბანკებს თაღლითებს მაინც ვერ უწოდებ. მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთი მათგანი, დიდი თუ პატარა, ვერ შეასრულებს კლიენტებთან არსებულ ვალდებულებას (ყველა კლიენტის მიერ ფულის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში), ასეთი საქმიანობა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან ლეგალურია და მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოებშიც არის აღწერილი. საყოველთაოდ ცნობილ და ღიად დეკლარირებულ საქმიანობის წესს კი თაღლითობას ვერ ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, მოგვწონს ის თუ არა).

თუ ფულის მასა ეკონომიკაში ფიქსირებულია, ბანკების მიერ ფულის ბეჭდვის შესაძლებლობა, ბუნებრივად შეზღუდულია იმ რეზერვების მოცულობით, რაც მათ სტაბილური ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ. საქართველოში, კომერციული ბანკები მულტიპლიცირებით, ბრუნვაში არსებულ ოდენობაზე 2-3-ჯერ მეტ ფულს ქმნიან. სხვა სიტყვებით, თუ ეროვნული ბანკი ლარებს არ დაბეჭდავს, ბანკები, ერთის მხრივ, ემიტირებული (დაბეჭდილ) ფულის მულტიპლიცირებას ანუ ფულის მასის ზრდას მაინც შეძლებენ, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს ვერ იქნება უსასრულო პროცესი და დაკრედიტების აქტივობიდან გამომდინარე , ფულის მასა, ერთჯერადი გაფართოების შემდეგ ერთი და იგივე მაჩვენებლის ირგვლივ დაიწყებს მერყეობას.

თუმცა ჩვენს ეკონომიკაში ეროვნული ბანკი ყოველწლიურად უშვებს ფულს, შემდეგ ბანკები ამ ლარების მულტიპლიცირებას ახდენენ და შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დაბეჭდილ ყოველ ლარზე კიდევ 2-3 მულტიპლიცირებული ლარი მოდის. მეტიც, მულტიპლიცირებაც შინაარსობრივად ბეჭდვაა, რადგან ის ეროვნული ბანკის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება - ეროვნული ბანკი ადგენს იმ რეზერვების მინიმუმს, რომელიც კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ჰქონდეთ. თუ ეროვნული ბანკის მხრიდან, სავალდებულო რეზერვების მოთხოვნილი დონე იზრდება, მულტიპლიცირება მცირდება, რადგან ბანკები ნაკლებ სესხებს გასცემენ, ხოლო სავალდებულო რეზერვების შემცირებისას ბანკებს მეტი ლარი რჩებათ სესხების გასაცემად და შედეგად მულტიპლიცირებული ფულის ოდენობა იზრდება, ანუ ლარის მასა ფართოვდება. ამრიგად, ეროვნული ბანკი აკონტროლებს არა მხოლოდ ფულის ემისიას, არამედ იმასაც, თუ რა მასშტაბის მულტიპლიცირება მოხდება ბანკების მიერ.

რომ შევაჯამოთ, ეროვნული ბანკი ფულს ბევრი განსხვავებული გზით ბეჭდავს, პირდაპირ, სავალუტო რეზერვების ზრდის, სახაზინო ობლიგაციების შესყიდვის და რეფინანსირების სესხების მეშვეობით, ან ირიბად, კომერციული ბანკების აქტივობის კონტროლით. აქედან გამომდინარე, ფულის მასის მნიშვნელოვანი გაფართოება თუ შეკუმშვა - ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია და ჩვენ ფულის მასის ნებისმიერი დინამიკა შეიძლება გვქონდეს - ნებისმიერი, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველებს მოუნდებათ რომ იყოს.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

 

კომენტარები