ჩემი საარჩევნო კამპანიის შესახებ

ჩემი საარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანია ხალხს გავაგებინო, რა მინდა, რის გასაკეთებლად შევდივარ პარლამენტში და ამ პროცესში ისეთი მეგობრები შევიძინო, რომლებსაც იგივე უნდათ რაც მე, რათა მათთან ერთად შევძლო მიზნის განხორციელება.

მე ბევრი რამე მინდა.

მინდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და კომუნისტების წართმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნება.

მინდა, ამ ქვეყანაში ხალხი ღატაკი არ იყოს.

მინდა ბიუროკრატია არ გვახრჩობდეს.

იარაღის ლეგალიზაციაც მინდა, თან ძალიან.

ძალადობის გარდა, ყველაფრის ლეგალიზაცია მინდა, რადგან ძალადობის გარდა ყველაფრის უფლება მინდა მქონდეს და სხვისთვისაც იმავეს ვითხოვ.

თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში ცხოვრებაზე ვოცნებობ. 

აქედან გამომდინარე, ჩემი ყველა საქმე, საქართველოს პარლამენტში, თავისთავად მიმართული იქნება ერთი ადამიანის თავისუფლების გაფართოებისკენ.

თუმცა პარლამენტში ძირითადად სხვა რამის გამო შევდივარ.

არის ერთი სფერო, ჩემი ყოფილი პროფესია, რომელიც მე რეალურად წამართვეს  და მინდა, ჩემი როგორც პოლიტიკოსის, წარმატება ამ სფეროს ფუნდამენტურ შეცვლასთან იყოს კავშირში.
 
ეს სფერო მგონია ყველა იმ ბოროტების სათავე, რაც მემკვიდრეობად დაგვიტოვეს კომუნისტებმა.

ამ სფეროს გამოყენებით დაგვაპირისპირეს და გვახოცინებდნენ ერთმანეთს.

როგორც მიხვდით, მართლმსაჯულება და სამართლიანობა მაინტერესებს და მინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია, რომელიც საშიში არ იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც არ ძალადობს.

ერთიანი და ცენტრალიზებული მართლმსაჯულების სისტემა ყოველთვის ყველასთვის საშიში იყო და არის ამ ქვეყანაში, ამიტომაც მოინდომა ყველამ მისი ხელში ჩაგდება.

მე კი მინდა, რომ ეს ამბავი დამთავრდეს.

 რა არის გასაკეთებელი?

1.    სასამართლოში - ის რაზეც უკვე შევთანხმდით ოპოზიციურ პარტიებთან.
2.    პოლიციაში - შერიფებს ხალხი უნდა ირჩევდეს.
3.    პროკურატურაში - დეცენტრალიზაცია.
4.    ის რომ  არავინ გვისმენდეს და გვითვალთვალებდეს.

თუ ეს გამოვა, მე ჩავთვლი, რომ წარმატება მიღწეულია.

მეათე მოწვევის პარლამენტში ამაზე დასათანხმებლად დაველაპარაკები ყველა პარლამენტარს, ნებისმიერი პარტიიდან, ვეცდები ყოველი მათგანი დავარწმუნო, რომ თუ ამ ქვეყნის მომავალი მართლა გვაწუხებს, ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაში ჩემ მხარეზეა,  ბუნებრივად არის მეტი თავისუფლების მხარეს და  მე ვალდებული ვარ მასთან საერთო ენა ვიპოვო, ამ მიზნის მისაღწევად.

რისიც რეალურად მჯერა ისაა, რომ თუ მართლმსაჯულების სისტემა თავისუფალია და კონკურენციის პრინციპით ფუნქციონირებს, ის მოძალადის გარდა ციხეში არავის ჩასვამს და თუ ეს ხდება, ამით ქვეყანა ფუნდამენტურად იცვლება უკეთესობისკენ.

არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს თამაში, ან როგორ დასრულდება, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩემი წარმატება იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენ ადამიანს დავარწმუნებთ ამის აუცილებლობაში და რამდენი ადამიანის სახელით შევძლებთ საუბარს.

როგორც ზემოთ გითხარით, ჩემი საარჩევნო კამპანიაც ეს იქნება - ამ საქმეში თანამოაზრეების პოვნა.

ვისაც იგივე გინდათ და ეძებთ ადამიანს, რომელიც თქვენს ამ ინტერესს  წარმოადგენს პარლამენტში, ან თქვენნაირ ხალხთან ერთად გინდათ ყოფნა, შემომიერთდით ჩემი მეგობრების ჯგუფში.

ეს ჯგუფი იმ თანამოაზრეეთა ერთიანობაა ვინც:

1.    თანახმაა თვეში 1 ლარით მაინც დააფინანსოს კამპანია.
2.    თანახმაა რაიმე კონკრეტული საქმის გაკეთებით დაეხმაროს კამპანიას.
3.    გირჩის პორტალზე რეგისტრირდება და მხარს მიჭერს როგორც პოლიტიკოსს.
4.    ვისი რეფერალიც ვარ პორტალზე.
5.    პირადი მეგობრები, რომლებმაც აქამდე შეძლეს ჩემთან მეგობრობის შენარჩუნება.

ვთვლი, რომ  მე ჩემი მეგობრების ჯგუფში მყოფი ხალხის უშუალო წარმომადგენელი ვარ.

რაც მეტს გვენდომება და რამეს გავაკეთებთ  მიზნის მისაღწევად, მით მეტია მართლმსაჯულების გათავისუფლების შანსი.



კომენტარები