სიახლეები

893 Views
პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი "გირჩთან" თანამშრომლობას იწყებს

ამერიკული ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) "გირჩთან" თანამშრომლობას იწყებს.

29-30 აგვისტოს, სასტუმრო "ბეტსში", IRI-სა და "გირჩის" რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერების შეხვედრები გაიმართება. ამის თაობაზე "გირჩის აზრში" მირიან ბეჟიტაშვილმა ისაუბრა. 

პირველად დავიწყეთ სრულფასოვანი თანამშრომლობა IRI-თან. ამჯერად ეს არის კონკრეტული პროექტი, რომელიც გულისხმობს რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერების ჩამოყვანას, მათთან შეხვედრებს, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის და გირჩის მთავარი თემების განხილვას მათთან ერთად - რისთვის ვიბრძვით, რა იქნება ჩვენი მთავარი მიზანი 2020 წელს და ა.შ.

როგორც მირიან ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, IRI-თან შეხვედრებისთვის "გირჩის" 15 მხარდამჭერი ჩამოვა სხვადასხვა რეგიონიდან.

როცა იყო მოთხოვნა, 15 ადამიანი აგვერჩია რეგიონებიდან, პრიორიტეტი მივანიჭეთ ყველაზე მეტი GeD-ის მქონეს, ანუ ვისაც ყველაზე მეტი რესურსი ჰქონდა ჩადებული "გირჩის" საქმიანობაში, იქნებოდა ეს არჩევნებზე დამკვირვებლობა, მისიონერობა, ფულადი კონტრიბუცია და ა.შ.

29 აგვისტო დაეთმობა "გირჩის" ხედვების, ღირებულებების (განათლების, გარემოს დაცვის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები) და 2020 წლის საარჩევნო პროგრამის განხილვას.

30 აგვისტოს კი განიხილავენ პარტიის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს, შიდა და გარე კომუნიკაციას ადამიანებთან ისევე, როგორც "გირჩის" ახალ პლატფორმას, GeD-ების დანიშნულებას - გირჩის პოლიტიკური რეიტინგისა და საარჩევნო სიის შედგენისას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები