სიახლეები

გვჭირდება თუ არა კერძო პროკურორი?

მართლმსაჯულებას სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს ვუწოდებთ. ის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმაა, რაც სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეების განხილვა-გადაწყვეტის ერთიან წესს ნიშნავს.

მართლმსაჯულების მიზანია კანონით დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტის დადგენა.  სამართლიანობის აღდგენის მიზნით, არამართლზომიერი მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება ან მისი პირვანდელ მდგომარეობაში  დაბრუნება.

ამჟამად, სისხლის სამართლის ხაზით მართლმსაჯულების პროცესში არსებულ მიდგომებს და საკითხს განვიხილავთ - რამდენად არის შესაძლებელი ბრალდების განკერძოება, არის თუ არა ეს დასაშვები? რა სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? რა სარგებლის მოტანა შეუძლია და სხვა..

როგორც ვიცით, საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სახელმწიფოს მონოპოლიურ უფლებას წარმოადგენს სახელმწიფო ბრალდება. ანუ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება/განხილვისას ბრალდების მხარეს პროკურატურის სახით წარმოადგენს სახელმწიფო.

გვინდა განვიხილოთ დასაშვებია თუ არა ბრალდების განხორციელების უფლების განკერძოება, შესაძლოა თუ არა არსებობდეს „კერძო პროკურორის ინსტიტუტი“, შესაძლოა თუ არა პროკურორი  დაზარალებულმა აირჩიოს?

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“.

რაც ნიშნავს, რომ ყოველ საქმეზე უნდა დაიხარჯოს ზუსტად იმდენი დრო რამდენიც ამ კონკრეტული საქმის დასრულებას ჭირდება. საინტერესოა ვინ განსაზღვრავს გონივრულ ვადას? ამ კითხვაზე მარტივი პასუხია, არავინ!

მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის შესაძლებლობა. ერთადერთი, რაც დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ოდესმე სტრასბურგის სასამართლოს საშუალებით დაადგინოს საქმის განხილვისთვის საჭირო გონივრული ვადის დარღვევა. თუმცა ეს დაგვიანებული მართლმსაჯულებისთვის ვერაფერი საშველია და არც იმის გარანტია არსებობს, რომ სამომავლო საქმეებზე არ „ჩაიძინებს“ სახელმწიფო, როგორც მბრალდებელი. მართლმსაჯულების ეფექტიანობა განისაზღვრება მისი სისწრაფით და მოქნილობით. თუ ეს პრინციპი ირღვევა ეჭვქვეშ დგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული „სამართლიანი სახელმწიფოს“ პრინციპი. ეს კი თავისთავად არღვევს სამართლიანობის ზოგად პრინციპს.

საკითხავია რატომ სჭირდება სახელმწიფოს სისხლის სამართლის დევნის უფლების მონოპოლიზირება, რა აუცილებლობას წარმოადგენს, სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება იყოს სახელმწიფო ბრალდების ხელში?

სინამდვილეში, არ არსებობს ამ ფუქნციის მხოლოდ სახელმწიფოს უფლებამოსილებაში დატოვების გონივრული არგუმენტი. შესაძლოა, გონიერმა ადამიანმა დაასახელოს ბრალდების განხორციელების სპეციფიკისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, თუმცა ამ არგუმენტის უარყოფის საპირწონედ შეგვიძლია დავასახელოთ, კერძო სააღსრულებლო ბიუროთა საქმიანობა, ან დაცვის უფლების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ადვოკატები, რომლებიც მართლმსაჯულების პროცესში საკმაოდ წარმატებულად ახორციელებენ დაკისრებულ მოვალეობებს.

გავიხსენოთ, რომ პარალელურად  არსებობს სახელმწიფო სააღსრულებლო ბიურო და სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური. ზუსტად ანალოგიურად შესაძლოა კანონმდებლობით დასაშვები იყოს ბრალდება განახორციელოს დაზარალებულის მიერ არჩეულმა პროკურორმა.

დაზარალებულის ინტერესების დაცვა ასევე წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს. დაზარალებულსა და პროკურორს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მართლმსაჯულების მიმართ დამოკიდებულებას, ნდობას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმსაჯულების პროცესს ჰყავს ორი დაინტერესებული მხარე ბრალდებული და დაზარალებული. მათი ინტერესები თანაბარზომიერია. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულის უფლება გარანტირებულია, აქვს საშუალება მართლმსაჯულების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული. თუმცა ამის თქმა დაზარალებულის  მიმართ თითქმის შეუძლებელია. დაზარალებულის ინტერესი მართლმსაჯულების განხორციელების დროს მინიმალურად არის გათვალისწინებული. გასაგებია რომ დაზარალებულის მხარეს  სახელმწიფო ბრალდება, პროკურორი წარმოადგენს. წესით პროკურორსა და დაზარალებულს შორის უნდა არსებობდეს ინტენსიური ურთიერთობა, პროკურორი დაზარალებულთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს თუმცა, რამდენად არის ეს შინაარსი პრაქტიკაში რელიზებული რთული სათქმელია. შესაძლოა არსებობდეს დანაშაულის ფაქტი, შესაძლო დაზარალებული, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო დაზარალებული საქმეში საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი ან დაზარალებულის ინტერესების უგულებელყოფით წარიმართოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, როგორც ეს მოხდა გირგვლიანის, სარალიძის და არაერთი გახმაურებული  საქმის შემთხვევაში.

პროკურორს აქვს უფლება, სისხლის სამართლის პროცესის მანიპულირებით უგულებელყოს დაზარალებულის ფუნდამენტური ინტერესები, არ ცნოს პირი დაზარალებულად, არ ჩაატაროს ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება, არ წარუდგინოს ბრალდებულს ბრალი იმ ფორმითა და ხარისხით როგორც საჭიროა და ა.შ. მაგალითად ისევ გირგვლიანისა და სარალიძის საქმის მოტანა შეიძლება. ამ დროს ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი ფაქტი, გვყავს დაზარალებული, მაგრამ არ არსებობს რაიმე ნდობა ნდობა ან კომპრომისი დაზარალებულსა და სახლემწიფო ბრალდებას შორის, არ არსებობს კონკრეტული პირი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება დაზარალებულთან. ცხადია ეს დაზარალებულში იწვევს უსამართლობის განცდას და არღვევს სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს.

ამას გარდა, აღსანიშნავია სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მიდგომა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც საქმისადმი დაინტერესებულ მხარეს საშლებას აძლევენ ისარგებლონ კერძო პროკურორის სერვისით. მათ შორისაა კანადა, დიდი ბირტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ა.შ, რაც ამტკიცებს რომ მოდელი გარდა თეორიისა პრაქტიკაშიც ძალიან კარგად მუშაობს.

შესაბამისად, აუცილებელია მართლმსაჯულების პროცესში დაზარალებულის ინტერესი უფრო ფართოდ და ეფექტურად იყოს წარმოდგენილი. მივცეთ დაზარალებულს უფლება საკუთარი გემოვნებითა და ხარჯებით თავად აირჩიოს პროკურორი, სახელმწიფოს სტრუქტურაში დასაქმებული ან, კერძო საპროკურორო საქმიანობით დაკავებული პირი, რომელიც გამოძიების დაწყებიდან-დასრულებამდე წარმოადგენს დაზარალებულის ინტერესებს.
 


ავტორი: ბადრი გრიგალაშვილი 

კომენტარები