სიახლეები

ქალთა მკვლელობა

ფემიციდი - „მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“. სხვა სიტყვებით, მკვლელობა ფემიციდად მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ქალს კლავენ იმიტომ რომ ის ქალია, და არა რაიმე სხვა მიზეზების გამო. მაგალითად, თუ ყაჩაღმა მოკლა ქალი ყაჩაღობის დროს, ეს არ არის ფემიციდი. თუ ყაჩაღობისას თავდაცვის მიზნად მსხვერპლმა მოკლა ყაჩაღი, რომელიც ქალი იყო, ეს არ არის ფემიციდი. ზოგადად, ფემიციდი - ძალიან იშვიათი დანაშაულია. მკვლელობების უდიდესი ნაწილი ძალადობის სტანდარტულ ტიპებს მიეკუთვნება და ძალიან სერიოზული არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ კონკრეტულ მკვლელობას ფემიციდის შემთხვევა ვუწოდოთ. 

ისიც ცნობილია, რომ კაცებს შორის მოძალადეთა პროცენტი ბუნებრივად უფრო მეტია და უმეტესწილად კაცები - კაცებს კლავენ, მაგრამ ამას ანდროციდს არავინ უწოდებს, რადგან მკვლელობები, როგორც წესი, არა გენდერული ნიშნით ხდება, არამედ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ჩვენთანაც, ძალადობის მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი კაცები არიან. მაგალითად, 2021 წელს სულ დაფიქსირდა 2078 დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, აქედან 1609 თვითმკვლელობას ეხება, ხოლო დარჩენილი 469 შემთხვევიდან მხოლოდ 36 არის ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (აქ მკვლელობის მცდელობებიც შედის და უშუალოდ მკვლელობა). წლების მიხედვით, ეს პროპორცია დიდად არ შეცვლილა. 2020 – 2436/42, 2019 – 2337/31, 2018 – 2136/34. შეიძლება ითქვას, 2021 წელს ძალადობის დონე იგივე იყო, რაც 2018, 2019 თუ 2020 წელს.

თუმცა, თუ ტელევიზორში თითოეულ იმ შემთხვევას გააშუქებენ, როცა ქალი იყო მოკლული, ხოლო დანარჩენ მკვლელობებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ, შეიძლება შთაბეჭდილება გაჩნდეს, რომ ქალების მოკვლა გახშირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად ეს ასე არაა (იხ. გრაფიკი).


ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ძალადობა - პრობლემა არაა. პირიქით, საქართველოში მკვლელობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. სომხეთსა და აზერბაიჯანსაც უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. ოღონდ როცა რთულ და კომპლექსურ პრობლემებზე ვსაუბრობთ - საზოგადოებაში ძალადობის გავრცელება კი ძალიან კომპლექსური პრობლემაა - უნდა მოვერიდოთ ემოციებზე აგებულ პრიმიტიულ არგუმენტებს. ასეთ არგუმენტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა პრობლემა არ გაღელვებს და საბაბს ეძებ, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება შეძლო. ასე რომ, იმედია, არც ძალადობის თემა გახდება პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტი და რადგან ამას ყურადღება მიექცია, მშვიდი დისკუსიების გამართვას შევძლებთ, რათა ის გზა ვიპოვოთ, თუ როგორც შევამციროთ ძალადობა ჩვენ საზოგადოებაში.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი 

სტატია ფეისბუქზე 

კომენტარები