სიახლეები

ნოდარ ნათაძე:  ეროვნული მოძრაობის მოღვაწეები, ვინც იყო ჩემ გარდა,  ყველამ ჩაიფსა!

იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - პროცესი, სახალხო ფრონტის ლიდერმა, ქ. ცხინვალში 1989 წლის 23 ნოემბრის არშემდგარ მიტინგზე ისაუბრა და კრიტიკულად შეაფასა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა გადაწყვეტილება, მიტინგის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ.

"ბოლოს აქედან რომ მსვლელობა მოეწყო, მაშინ მე იქ მიტინგი ჩავატარე... ჩავედი და ხიდს იქით ისინი იყვნენ, ხიდს აქეთ ჩვენ, პირდაპირ ხიდის გვერდით ჩავატარე მიტინგი...

გუმბარიძემ მითხრა, ყველაფერი რაც იყო სათქმელი, უთხარი და მეტი რა გინდაო.

იმათ (ოსებმა) გვითხრეს მოდით 300 კაცი კლუბში, დანარჩენი ჩვენ ვიქნებით  და მოვილაპარაკოთო, და ბოდიში, ვინც იყო ჩემ გარდა,  ეროვნული მოძრაობის მოღვაწეები, ვინც იყო ჩემ გარდა,  ყველამ ჩაიფსა...

მე ვუთხარი ერთი მე ვიქნები დანარჩენი 299 თქვენ მოდით-მეთქი, გამოვედი იქიდან სადაც ჩემი პოსტი იყო იქ დავდექი და მერე შემოთვალეს არაო ჩვენ არ მივდივართო, ჩაიფსეს რა, წამოვედით კუდამოძუებული.

მე ახლა ვაქვეყნებ წიგნს სადაც ეს მეწერება“ - ამბობს ნოდარ ნათაძე.

მიტინგის არჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ზვიად გამსახურდია შემდეგნაირად ხსნის:

,,დავინახეთ რა, საფრთხე სისხლისმღვრელი შეტაკებისა, მოვერიდეთ ძალის გამოყენებას, მითუმეტეს, ჩვენს წინაშე იდგენენ საბჭოთა ჯარისკაცები, ისევე როგორც ღალიძგის ხიდთან. ცხადი იყო რომ ძალადობით შესვლას ცხინვალში, მოჰყვებოდა, პირველ რიგში, ამ ჯარისკაცების მიმართ ძალადობა, ეს გამოიწვევდა ჯარის შემოყვანას და კომენდანტის საათს, რითიც შესრულდებოდაადამონ ნიხასისმიზანი, რომელსაც იგი მიელტვოდა. ამის გამო ზღუდელის მთასთან ჩავატარეთ მცირე მიტინგი და უკან დავბრუნდით. ეს სულაც არ იყოსამარცხვინო უკანდახევა,“ როგორც ამას ზოგიერთი სახავს, არამედ ჰუმანური და გონივრული გადაწყვეტილება. ამან აგვაცილა ძმათამკვლელი ომი ქართველებსა და ოსებს შორის.

საინტერესოა ამ დღეზე ჯაბა იოსელიანის მოსაზრებაც:

“1989 წლის 23-24 ნოემბრის ცხინვალში გასვლითი მიტინგის წარუმატებლობის შემდეგ ამ ღონისძიების იდეის ავტორად მე მასახელებდნენ. ვერ დავიჟინებ, იქნებ მართლაც ასე იყო, რადგან წინააღმდეგი არ ვიყავი...

ოსებს, თათრებს და ნაწილობრივ სომხებს, როცა კომპაქტურად დასახლების ადგილებში სოციალური პირველობა გაინაღდეს, იმის პრეტენზიაც გაუჩნდათ, რომ ეს სამუდამოდ დაეკანონებინათ ( 1989 წლის ივნისის ბოლნისის და მარნეულის მოვლენები, .. ბორჩალოს რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნა). აფხაზებმა კი ტოპონიმიკური ომით დაიწყეს სეპარატისტული მოძრაობა. ასე რომ, ქართველებს ეროვნული თავმოყვარეობა მართლაც შელახული ჰქონდათ. ყველაფერ ამის გამო მიმაჩნდა: ქართველს უნდა დაბრუნებოდა თავისი სამშობლოს ბატონპატრონის გრძნობა და, რასაკვირველია, პასუხისმგებლობის მოვალეობაც, რაც ჩვენთან ერთად მცხოვრებ ეთნოსთან თანასწორუფლებიანობას გვაკისრებდა. ასე იყო თუ ისე, მხედრიონმა ითავა 1989 წლის ნოემბრის მიტინგის უსაფრთხოება და მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩაატარა...

საუბედუროდ, მიტინგმა ცხინვალში ვერ შემოაღწია. ამის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: ზვიად გამსახურდიამ და გივი გუმბარიძემ ბოლო მომენტში ღონისძიების ხელმძღვანელობის დაუკითხავად განიზრახეს მიტინგი ცხინვალში კი არა, მის მისადგომებთან გამართულიყო.

ამან გამოიწვია დაბნეულობა, შეუთანხმებელი მოქმედება, ქაოსი, ოსების გაგულისება, რომელთაც წაეხმარა ცხინვალში განთავსებული ჯარის ნაწილი. ცხინვალის შესასვლელთან აღიმართა ცოცხალი კედელი, დაიწყო გაქაჩვა-გამოქაჩვა, გადაყვირ-გადმოყვირება, ლანძღვა-გინება. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებას და პარალელურად ძალის დემონსტრირებას (რაც მიტინგის მიზანს შეადგენდა) ვეღარ შევძლებდით. ხალხი ისე დაიმუხტა, რომ ან ხელჩართული ბრძოლა უნდა დაწყებულიყო, რაც უამრავ მსხვერპლს მოიტანდა, ან უნდა გავბრუნებულიყავით, საიდანაც მოვედით. მე კიდევ ერთ გამოსავალს წავეპოტინე: ორივე მხარეს შევთავაზე ორას-ორასი კაცი შევხვედროდით ერთმანეთს ცხინვალის თეატრში, წარგვედგინა ჩვენ-ჩვენი პრეტენზიები და დაგვეწყო მოლაპარაკება.

ეს ოპტიმალური ვარიანტი შუა გზაში ჩაშალეს ზვიად გამსახურდიამ და ირაკლი წერეთელმა. ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ჩვენმა ჩანაფიქრმა სრული ფიასკო განიცადა, ოსთა მხარე კი გამარჯვებული გამოიყურებოდა" - წერს იოსელიანი. 

კომენტარები