სიახლეები

2482 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე მთავრობას კანაბიდიოლის შემცველი პროდუქციის მოხმარების, იმპორტისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას სთხოვს

ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანაბიდიოლის (CBD) შემცველი პროდუქციის იმპორტის, მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას სთხოვს. „გირჩის“ ლიდერმა პრემიერმინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, დღეს, ამ მოთხოვნით, ოფიციალური წერილები გაუგზავნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯაფარიძეს კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები პირადი მოხმარებისთვის სჭირდება, სამომავლოდ კი ამ პროდუქციის კომერციული მიზნით იმპორტსაც გეგმავს.

კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები მზადდება მცენარე კანაფისგან, რომლის კულტივაციაც  ჯერ კიდევ აკრძალულია საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცენარე კანაფის მოხმარება ლეგალურია ერთ წელზე მეტია.

კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (მაგალითად ტეტრაჰიდროკანაბინოლს THC) ან რაიმე სხვა ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკულ სუბსტანციად შეიძლება ჩაითვალოს. მეტიც, კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. სხვადასხვა გათვლებით კანაბიდიოლის ლეგალური მსოფლიო ბაზარი ორ წელიწადში 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

მიუხედავად ამისა, ქართული კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, ვერ გავარკვიე მაქვს თუ არა უფლება შემოვიტანო, მოვიხმარო და/ან გავყიდო ზემოთაღნიშნული პროდუქტები.

შესაბამისად, მოგმართავთ ყველა სამთავრობო უწყებას:

გთხოვთ უმოკლეს ვადებში შემატყობინოთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რომელ რეგულაციებს ექვემდებარება კანაბიდიოლის შემცველი პროდუქციის იმპორტი, მოხმარება და რეალიზაცია - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში.

კომენტარები