22 აგვ 2019
1357 Views
პოლიტიკა

გირჩმა პარტიის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა გაუშვა

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გირჩმა გაუშვა უნიკალური პარტიული ონლაინ პლატფორმა, რომლის ანალოგიც არ არსებობს არცერთ ქვეყანაში და რომელიც შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფლების იდეა, ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და წარმატებას სრულიად გამჭვირვალე სისტემის გამოყენებით მიაღწიოს.

ონლაინ პლატფორმა უკვე ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის.

პლატფორმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

- თვალყური ადევნოთ გირჩის სიახლეებს;

- გახდეთ გირჩის მხარდამჭერი;

- გახდეთ პოლიტიკოსი;

- წვლილი შეიტანოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში და დააგროვოთ გირჩის ციფრული ფული (GED);

- მხარი დაუჭიროთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკოსს და დააწინაუროთ ის პარტიულ რეიტინგში;

- და სხვა.

პლატფორმის ფუნქციონირება სრულად ეფუძნება ციფრულ ვალუტას - GED.

აღსანიშნავია რომ პლატფორმის პირველი, ახალი ამბების ბლოკის გაშვებიდან ერთ თვეში:

- პორტალზე უკვე რეგისტრირებულია 1630 ადამიანი;

- ჯამში გაცემულია 110 მილიონის GED;

- GED-ების ბრუნვამ (ნაყიდი ლარი, პროდუქცია და მომსახურება) შეადგინა 10 748 767 GED;

- ლარში ბრუნვამ შეადგინა 35 000 ლარი;

 

GED-ის ბაზაზე უკვე ფუნქციონირებს:

- გირჩი - სავალუტო ბირჟა;

- გირჩი - მარკეტი;

- გირჩი - ბანკი;

- გირჩი - ტოტალიზატორი;

ბოლო ორი კვირის განმავლობაში GED-ებით გაიყიდა შემდეგი პროდუქცია და მომსახურება:

- ველოსიპედი - 2 ცალი;

- წიგნები;

- ოქროს ზოდი;

- კომპიუტერული ტექნიკა;

- კანაფი (რეკრეაციული);

- GEDბანკის წილი;

- მონაცემთა ბაზა;

- IPS Monitor;

- Bluetooth Speaker;

- აშშ-ში მუშაობაზე ინფორმაცია;

- გროუ ბოქსი.

 

ამჟამად იყიდება/ქირავდება:

- ავეჯი;

- სასტუმროს ნომერი ბაკურიანში;

- 3D პრინტერზე ბეჭდვა;

- გრაფიკული დიზაინერის მომსახურება;

- მიტანის სერვისი;

- და სხვა.

შეგახსენებთ, რომ GED არის ვირტუალური ციფრული ფული, რომლის დაგროვებაც შესაძლებელია ა) ისეთი ქმედებებით, რომლებიც გირჩის მიერ ჩათვლილი იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილად ან ბ) უშუალოდ გირჩისთვის გაწეული ფინანსური კონტრიბუციით.

დაგროვილი GED-ების გამოყენება შესაძლებელია გირჩის როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების პროცესში. რაც უფრო მეტი GED აქვს გირჩის პლატფორმის წევრს, მით მეტი წონა აქვს მის ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

თუმცა GED-ების საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება საპრივატიზაციო ფულის ფუნქციის შესრულებაა მომავალში - როდესაც მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ტრილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების მისი სამართლიანი მფლობელებისთვის ანუ მოსახლეობისთვის უკან დაბრუნება.

დღეისათვის გირჩის GED-ზე მოთხოვნას სწორედ ეს ორი ფუნქცია განაპირობებს. შესაბამისად, გირჩის პოლიტიკური წონის ზრდასთან და ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებაზე პოლიტიკური მოთხოვნის მატებასთან ერთად, ამ პირველი პოლიტიკური ციფრული ვალუტის მოთხოვნაზე ზრდაც მოსალოდნელია.



კომენტარები