სიახლეები

7036 Views
ეკონომიკა

"აწარმოე საქართველოში" ჰოლივუდის სუბსიდირებას იწყებს

სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს პროგრამის "გადაიღე საქართველოში"-ს ფარგლებში, ჰოლივუდის კინოკომპანია UNIVERSAL PICTURES, პოპულარული ფილმის "ფორსაჟი 9" (Fast and Furious 9) დასკვნით ეპიზოდს თბილისში იღებს.

„ფორსაჟის“ შემქმნელების დასათანხმებლად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაახლოებით, ერთწლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა. 

 

 

 

 

 

 

გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

- აცხადებენ სააგენტოში.

როგორც სააგენტოს პრესსამსახურში ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ამერიკული კინოკომპანია ფილმის გადასაღებად საქართველოში 32 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. თუმცა, ცნობილია, რომ ამ თანხის გარკვეულ პროცენტს, Universal Pictures, სწორედ პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში დაიბრუნებს. 

ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ძველი თბილისის ნაწილი და ბეთანია - სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში გადაიღებენ "ფორსაჟ 9"-ის დასკვნით ნაწილს.

გადაღებების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი გადაკეტილი იქნება როგორც ქვეითებისთვის, ისე ტრანსპორტისთვის. 18 აგვისტოს, დილის შვიდი საათიდან 27 აგვისტოს, 18:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ დელისამდე. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

 

 

"აწარმოე საქართველოში"-ს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო, UNIVERSAL PICTURES-ს კიდევ რამდენიმე პროექტზე ეკონტაქტება, მოლაპარაკებები მიდის სერიალისა და ანიმაციის გადაღებაზეც. როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო, ჰოლივუდის სუბსიდირების გაგრძელებას, მომავალშიც აპირებს. 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ფოტომასალა ჩვენ მიერ ექსკლუზიურად არის მოპოვებული და სწორედ ამ ავტომობილებს გადაიღებენ ფილმში.

კომენტარები