სიახლეები

132 Views
ტკვილი

ბუპრენორფინის კანონპროექტი დღეს კომიტეტზე განიხილება

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გირჩის კანონპროექტი განიხილება, რომელიც პრეპარატ ბუპრენორფინის გამოყენებას ეხება.

გადაცემის დღევანდელმა წამყვანებმა, სანდრო რაქვიაშვილმა და ჰერმან საბომ, ამ კანონპროექტზე ისაუბრეს.

ბუპრენორფინი ჩამნაცვლებელი ოპიოდია, რომელიც ნარკოდამოკიდებულ პირებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების საშუალებას აძლევს. ქვეყანაში, დაახლოებით, 50 000 ნარკოდამოკიდებული ადამიანია.

საქართველოს კანონმდებლობით, პრეპარატის მინიმალური ოდენობის დოზებია დაშვებული. პირს, რომელსაც ამ პრეპარატს თუნდაც შპრიციდან ამონაფხეკს უპოვიან, წლებით ციხეში მოუწევს ჩაჯდომა. ამჟამად, ამ პრეპარატის გამო, 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

იქედან გამომდინარე, რომ 1 აბი ბუპრენორფინი ძალიან პატარა დოზაა, ადამიანები მას ინექციური გზით მოიხმარენ, რითაც ერთი მხრივ, ეფექტის გაზრდა ხდება, ხოლო მეორე მხრივ, იზრდება ზედოზირების რისკები. პრეპარატის ორალურად მიღების შემთხვევაში კი ზედოზირების რისკი არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტია, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო განისაზღვრა მცირე დოზა.

სანდროს თქმით, სინამდვილეში პირიქითაა, განსაზღვრული მცირე დოზების გამო ადამიანები
მიმართავენ ინექციურ მეთოდს, დოზები რომ საკმარისი იყოს, მათ ამის გაკეთება არ მოუწევდათ.

ისეთი დასჯის მექანიზმი შემოვიღეთ, რომ ადამიანის ქცევა შევცვალეთ, ადამიანები ბუპრენორფინს მაინც მიიღებენ, უბრალოდ უარესად და ბევრად საშიში გზით.

ასევე, განსაზღვრული მცირე დოზების გამო ადამიანები სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას შავ ბაზარზე ყიდულობენ, სადაც მათი წარმომავლობისა და შემადგენლობის შესახებ არაფერი იციან. ყოველივე ეს კი გარდაცვალების რისკებს ზრდის.

ფაქტობრივად მილიარდები მიდის კრიმინალურ ბიზნესში, ნაწილი მიდის პოლიციაში, რადგან შეუძლებელია ტონობით რაღაც გაყიდო ისე, რომ პოლიცია არ დაგადგეს. ესე იგი, იციან, რაც ხდება და უბრალოდ შეთანხმებულები არიან.

- განაცხადა სანდრომ.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის დასრულება მარტივადაა შესაძლებელი, პირობითად, ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანს შეგვიძლია ლეგალურად შევთავაზოთ ბუპრენორფინი.

სანდროს თქმით, ამერიკის მოქალაქეს, რომელსაც ეს პრეპარატი ამერიკაში გამოუწერეს, შეუძლია მოგხაურობის დროსაც 1 კვირის სამყოფი დოზა იქონიოს თან, ჩვენთან კი ამის გამო 10 წლით ციხეში სვამენ.

ცეცხლმოდებულ სახლში რომ იდგეთ და გადარჩენის გზად თვალებზე ხელის აფარება აირჩიოთ, ვითომ არაფერი ხდება. რეალურად ის, რისიც გეშინიათ, თქვენ გარშემო ყოველდღე ხდება, უბრალოდ ამის აღიარება არ გვინდა, რადგან აღიარებას გააზრებული ქმედებები და გამოსწორების გზები უნდა მოყვეს.

- მიიჩნევს ჰერმანი.

სანდროს აზრით, უცნაურია, რომ ლეგალურად, ექიმის დანიშნულებით ბუპრენორფინის გაცემის ეშინიათ და ვიღაც ბარიგის, რომელიც კრიმინალია და ვისი პრეპარატების წარმოშობის შესახებაც არავინ არაფერი იცის - არა.

მისივე თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებულები იმიტომ ხომ არ ხდებიან, რომ ის ლეგალურია, ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო იწყებენ დალევას. ისევე როგორც, აკრძალულ ნივთიერებებს შოულობენ ადამიანები შავ ბაზარზე, ასევე ალკოჰოლის აკრძალვის შემთხვევაშიც, დამოკიდებული პირები სხვა გზას იპოვიან, მაგალითად, თავად დააყენებენ ჭაჭას.

არგუმენტი, რომ ლეგალურ ნივთიერებებს უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება, მცდარია. სტატისტიკამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა პრეპარატის დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია მოხდა, მათი მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა.

ეს კანონპროექტი ვახო მეგრელიშვილის დამუშავებულია და დღეს მისი პირველი საკომიტეტო მოსმენაა.

იხ. ტკივილის პროექტი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა.

გვიყურეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათზე, დაგვისვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, რომელსაც პოლიტიკოსები გადაცემის ბოლოს უპასუხებენ.

თუ სურვილი გაქვთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენს შიდა ამბებზე, შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში (გირჩის ბაბლი).

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები