სიახლეები

296 Views
პოლიტიკა

სახელმწიფოსგან მინიჭებული პრივილეგიები საპატრიარქოს

საქართველოს საპატრიარქოს ქონება ხშირად განხილვის საგანია და ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს მისი კანონიერი გზებით მოპოვებასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს შემოწმების უფლება არ აქვს. აუდიტს მხოლოდ საპატრიარქოს ინიციატივის საფუძველზე შეუძლია შევიდეს და ჩაატაროს ხარჯების მიზნობრიობის შესახებ გამოკვლევა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რაც მათი ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ ნეგატიურ ეჭვებს ამძაფრებს - მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც სახელმწიფო ფინანსების მიზნობრიობაზე არის პასუხისმგებელი,
პრაქტიკულად, წართმეული აქვს მთავარი მოვალეობის განხორციელების უფლება.

საპატრიარქო ფლობს ქუთაისის რაგბის კლუბ “ბაგრატს;” შპს “თანადგომას,” რომელიც საწვავის იმპორტითა და რეალიზაციით არის დაკავებული; შპს “იბერია ბურჯს,” რომლის საქმიანობა სამშენებლო-საპროექტო სფეროს უკავშირდება; შპს “ემ.ემ.ბეს,” რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული და ექვს სხვა კომპანიას, რომლებიც სურსათსა და საკვებ პროდუქტებს (რძეს, თაფლს, თევზს, ხილს, ბოსტნეულს) აწარმოებენ.
კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად  -

ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება
და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

გადასახადებში იგულისხმება მოგების, დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადი.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი სახსრები დისკრიმინაციულია და ჩნდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ასეთი მეთოდით ფინანსური მხარდაჭერა სამართლებრივი დისკურსიდან გადის და უფრო მეტად პოლიტიკურ დანიშნულებას იღებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ეკლესიაზე პოლიტიკური გავლენის გაზრდის რისკებს შეიცავს.

შემოსავლების სამსახურში არ ამბობენ, შეუმოწმებიათ თუ არა საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები მათი არსებობის მანძილზე და აღმოუჩენიათ თუ არა იქ რაიმე სახის ფინანსური დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია და ასევე კერძო პირები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული საგნების რეალიზებას ახდენენ,
სარგებლობენ საგადასახადო (მოგების, დღგ, ასევე ქონების გადასახადი) შეღავათებით, რომელიც სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები და სახელმწიფოს მხრიდან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია და ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის წარმოებაში მიიღო.

წყარო: "ბანკები და ფინანსები"

კომენტარები