სიახლეები

164 Views
ეკონომიკა

გერმანიაში გადასახადების დაგვიანებისთვის შესაძლოა ძაღლი ჩამოგართვან

თავისუფალი ბაზრისგან განსხვავებით, სახელმწიფო თავისი მიზნების მიღწევას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს.

ამასწინათ, ბლუმბერგზე გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რა სირთულეები შეიძლება შეუქმნან მაღალი გადასახადების მქონე შტატებმა იქ მცხოვრებ მდიდარ იმ ადამიანებს, რომლებმაც შტატის დატოვება გადაწყვიტეს.

სახელმწიფოს მიერ გამომძიებლების ჯგუფის გამოყენება იმის დასადგენად, ვინ გადალახავს “დათუნია თედის” ტესტს, სავარაუდოდ, ბევრ ამერიკელს უცნაურად და ცოტა ავტორიტარულად მოეჩვენება. გერმანელების მაგალითი კი, ამის საპირისპიროდ, აჩვენებს როგორი დაუნდობელი შეიძლება იყოს სახელმწიფო გადასახადების ამოღებისას.

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადების გადაუხდელობის გამო ქალს ძაღლი ჩამოართვეს. მოპსის ჯიშის ძაღლი, სახელად ედა შემდგომ Ebay-ზე გაიყიდა.

NPR-ის ინფორმაციით, ძაღლის პატრონი ადასტურებს ჩამორთმევის “კანონიერებას”, თუმცა ამ ფაქტით მაინც შეშფოთებულია.

“სრულიად მიუღებელია ის, რითიც ეს ყველაფერი დასრულდა”, განაცხადა ყოფილმა მფლობელმა.

მედიის გადმოცემით, ნოემბერში, ძაღლის მფლობელის სახლში, სამი ოფიციალური პირი - სასამართლოს აღმასრულებელი და ქალაქის ხელისუფლების ორი წარმომადგენელი მივიდა და ძვირფასი ნივთების ძებნა დაიწყო. BBC-ს ინფორმაციით, გერმანული მედია აცხადებს, რომ ოფიცრებს თავდაპირველად ეტლის ამოღება სურდათ, რომელიც ქალის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქმარს ეკუთვნის.

აღნიშნული განცხადება მკაცრად გააპროტესტა ქალაქის მმართველობამ, რომლის წარმომადგენელმა ფრენკ მერშჰაუზმა ამ ბრალდებას “ბოროტი ჭორი” უწოდა.

მათ განაცხადეს, რომ “ნივთები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაადგილებაში ეხმარება აბსოლუტურ გამონაკლისს წარმოადგენს და, განსხვავებით ცხოველებისგან, დაუშვებელია მათი ვალდებულების უზრუნველყოფის სახით ამოღება” და რომ “არც ერთი აღმასრულებელი ოფიცერი იფიქრებდა ასეთ რამეზე”.

შენიშნეთ? როგორც ჩანს, “გადაადგილებაში დამხმარე ნივთების” ამოღება საზღვრებს ცდება, “ცხოველების ამოღება” კი, მეორე მხრივ, სრულიად ნორმალურად ითვლება.


უნდა ვაღიარო, ეს ყველაფერი ისეთი აბსურდულია, რომ თითქმის შეუძლებელია მისი დაჯერება. თუმცა, ეკონომისტი დენ მიტჩელი აღნიშნავს, რომ გერმანიას აქვს გადასახადების კრეატიულად და ყველანაირი საშუალებით ამოღების შთამბეჭდავი ისტორია.

ამერიკელებს შესაძლოა სურდეთ ედას ისტორიის იმგვარად მიჩნევა, რომელიც მხოლოდ “ამ უცნაურ გერმანელებს” შეიძლება დამართნოდათ, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები (მაგალითად ეს, ეს და ეს) ცხადყოფს, რომ რამდენადაც ამერიკის ხელისუფლებას სულ უფრო მეტი ფული სჭირდება, ისინიც განავითარებენ გადასახადების ამოღების, ასე ვთქვათ, მეტად დახვეწილ გზებს.

კარგი იქნება, თუ ამერიკელები არ დაივიწყებენ, რომ ხელისუფლება დაფუძნებულია ძალადობრივ საწყისებზე. თავისუფალი ბაზრისგან განსხვავებით, რომელშიც ადამიანები საკუთარი არჩევანით დებენ მათ ინტერესებზე მორგებულ გარიგებებს, ხელისუფლება იყენებს ძალას საკუთარი მიზნების მისაღწევად.


ეს მნიშვნელოვანია. როგორც დიდმა ლეონარდ რიდმა შეგვახსენა მის 1969 წლის ნამუშევარში “დაე იმეფოს თავისუფლებამ” (Let Freedom Reign), მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები მისაღწევ მიზანზე მნიშვნელოვანია:

რამდენად დიადიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ მის მისაღწევად გამოყენებული საშუალება ნაკლოვანია, ეს მიზანზეც აისახება. შესაბამისად, ყველას, ვისაც კარგად ესმის მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი საშუალებები, შეუძლია კოლექტივისტური ცხოვრების წესის საბოლოო შედეგის სწორი პროგნოზირება.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ძაღლი ედას მისი მფლობელისგან ამოღების ნებას მხოლოდ ისეთი საზოგადოება დართავდა, რომელიც პატივს არ სცემს კერძო საკუთრებას და მიზნებს მათი მიღწევის საშუალებებზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

ავტორი: Jon Miltimore
წყარო: fee.org
თარგმანი: Mariam Bezhanishvili
 

 

კომენტარები