სიახლეები

985 Views
ეკონომიკა

"ოცნებამ" "ბაუ სტარიც" კი გააბრაზა

ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა.

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომონიშვილმა სამშენებლო რეგულაციების ნეგატიურ ეფექტებზე ისაუბრა "კომერსანტთან".

ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული ვითარებაა 

სამშენებლო დოკუმენტის 20%-ის ცვლილების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის აღება თავიდან უნდა მოხდეს - ცვლილება უკვე დაამტკიცა და პრემიერმაც მთავრობის დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა.

როგორც „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი განმარტავს, მთავრობას ამ დრომდე დეტალურად არ დაუსაბუთებია რეგულაციების მიზანი და სარგებელი. რაც შეეხება ახალი ცვლილებების პაკეტს, დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებს:

სამშენებლო რეგულაციებში არის ასეთი  პუნქტი, რომელიც პროექტის კორექტირებას გულისხმობს. პირობითად, თუ გაქვს ასაშენებელი 5 სართული და გინდა დაამატო კიდევ 2, წერ განცხადებას, რასაც ან გიდასტურებენ ან არა. არსებითად ახალი ცვლილებაც იმავეს ემსახურება, მაგრამ განსხვავება ვადებსა და პროცედურებშია. ახლა სულ თავიდან უნდა დაიწყო სამშენებლო ნებართვის მისაღებად ბრძოლა, რაც 6-დან 1 წლამდე იწელება. ხომ, წარმოგიდგენიათ საბოლოოდ როგორ დააზარალებს ეს ბიზნესს?!

გარდა ბიუროკრატიული ბარიერებისა, მალხაზ სოლომონიშვილი ახალ ცვლილებაში სხვა პრობლემებსაც ხედავს. მისი თქმით, იზრდება ხარჯი და ფინანსური ზარალიც.

დეველოპერი დარწმუნებულია, რომ მსგავსი რეგულაციები კონკრეტული ფიზიკური პირების ინტერესებს ემსახურება და ხშირ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის:

ჩვენც დაგვიძახონ და გვკითხონ აზრი, იქნებ უკეთესი ვარიანტი შევთავაზოთ, მაგრამ არა - იკრიბებიან ძმაკაცები და წერენ კანონებს. ჩემი აზრით, ვიღაცის ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. სხვა შემთხვევაში ასე სწრაფად ამდენ რეგულაციას არ შემოიტანდნენ და ჩვენთანაც ექნებოდათ კომუნიკაცია. საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო განახევრდება და ორ წელში დავრჩებით მილიონი. გარბის ყველა საქართველოდ და აქვთ კიდეც მიზეზი.

— ამბობს  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი.

ავტორი: სალომე ლემონჯავა

წყარო: commersant.ge

კომენტარები