სიახლეები

18 Views
ეკონომიკა

მარტის ინფლაციის გირჩის მიმოხილვა

     საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოცხადებულმა ინფლაციამ, 2022 წლის მარტში 11.8% შეადგინა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის, 2022 წლის თებერვლის მონაცემზე.

    11.8%-იანი ინფლაციით, საქართველომ მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც წინა თვესთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურებას გულისხმობს. რეგიონში უფრო მაღალი ინფლაცია აზერბაიჯანსა და თურქეთში ფიქსირდება.

სურ. 1 ინფლაცია საქართველო და რეგიონი

     ინფლაციის კლება დამაიმედებელ ტენდენციაზე შეიძლება მიუთითებდეს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარშან 2021 წლის მარტში საქსტატის მეთოდოლოგიის გავლენის გამო, რეკორდულად მაღალი 4.2% ფასების თვიური ზრდა დაფიქსირდა. (ყოველთვიური ინფლაცია გულისხმობს ფასების ზრდის შედარებას წინა თვესთან, ყოველწლიური ინფლაცია კი, მიმდინარე თვის ფასების ზრდის შედარება წინა წლის შესაბამის თვესთან). კერძოდ, საქსტატი და ეროვნული ბანკი მიიჩნევენ, რომ თუ პროდუქტის გასაყიდი ფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირდება, ეს პროდუქტი იაფდება. ამგვარი მეთოდოლოგიის გამო, 2020 წლის დეკემბერში ფასები „შემცირდა“ კიდეც, მაგრამ რადგან რეალურად სუბსიდირება ინფლაციაზე გავლენას არ ახდენს, 2021 წლის მარტში სტატისტიკურად სუბსიდირების დასრულების შედეგად ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სხვა სიტყვებით, სტატისტიკური აღრიცხვის მეთოდის გამო შარშან მარტში ფასების ზრდის ტემპი, ხელოვნური მიზეზით, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ წლის მარტში ფასების ზრდის ტემპს. ამრიგად, წინა წლის მაღალი ბაზა, რომლიდანაც მოხდა წლიური ინფლაციის ათვლა, უკვე ამ თვეში (2022 წლის მარტში) წლიური ინფლაციის კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია (იხ. სურ. 2).

სურ. 2 ყოველთვიური და წლიური ინფლაცია

     სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტების ფასები გაიზარდა: ტრანსპორტი (21.6%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17.8%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (13.1%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12.7%), საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, [AR1] აირი (8.4%). 2021 წლის მარტში, სებ-ი, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შეჩერებასთან ერთად, ინფლაციის მიზეზად სურსათის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, საწვავის, ჯანმრთელობის დაცვის სიგარეტის ფასების მატებას და ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებდა, თუმცა არ განმარტავდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების მიზეზს. 2020 წლის მარტში, ინფლაციის მიზეზად, ძირითადად კარტოფილის, ძროხის ხორცის, იმერული ყველის, ვაშლის და სიგარეტის გაძვირება დასახელდა.

მონეტარული პოლიტიკის მიმოხილვა

     მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 30 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 0.5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაიზარდა.

     ამავდროულად რეფინანსირების სესხების მოცულობა 950 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის რეკორდია. ხოლო წინა წელთან შედარებით რეფინანსირების სესხების მოცულობა 1.2995 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

სურ. 3 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და რეფინანსირების სესხები

    წინა თვეებთან შედარებით, ეროვნული ბანკი რეზერვებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და ფულის მასის შემცირებისთვის იყენებს. კერძოდ, 9 მარტს, სავალუტო აუქციონებზე 39.57 გაყიდა რაც ეკონომიკიდან ეკვივალენტური ოდენობის ლარის ამოღებას გულისხმობს. სებ-ი მთავრობის მიერ აღებული ვალების პირდაპირი შესყიდვებით, აქტიურად ზრდის სავალუტო რეზერვებს და ამით იწვევს ფულის მასის ზრდას. თუმცა 2022 წლის იანვარში ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო რეზერვები 194 მილიონი დოლარით შეამცირა, ხოლო თებერვალში 83 მილიონი აშშ დოლარით, რაც, როგორც წინა შემთხვევაში, დიდი ალბათობით სესხის გადაფარვით არის გამოწვეული.

სურ. 4 სავალუტო რეზერვები და სავალუტო ინტერვენციები

     ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ობლიგაციების შესყიდვასაც აქვს გარკვეული, თუმცა ზომიერი გავლენა ფულის მასის დინამიკაზე. მაგალითად, 2021 წლის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა ობლიგაციების პორტფელი 492 მილიონი ლარით გაზარდა, თუმცა 2022 წელს ამ ნაწილშიც მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა: იანვარ-თებერვალში პორთფელი 100 მილიონი ლარით, ხოლო მარტში კი 56.3 მილიონი ლარით შემცირდა*.

     ზემოაღნიშნულის შედეგად, 2022 წლის მარტში, ფულის მასა (M2) 558 მილიონი ლარით არის გაზრდილი. იქიდან გამომდინარე, რომ ფულის მასის დინამიკასა და ფასების ზრდას შორის მკაფიო და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს (განსაკუთრებით, 9-თვიანი გადაცემის ეფექტის გათვალისწინებით), წლის დასაწყისში დაფიქსირებული ფულის მასის დინამიკა, ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას 2022 წლის ბოლოსკენ მოახდენს, ხოლო ინფლაციის დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებელი, 2021 წელს მომხდარი ფულის მასის ზრდის შედეგია. გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს და წინა წლებშიც, მაისი, ივნისი, ივლისის თვეებში ფულის მასა შედარებით მაღალი მაჩვენებლით 3-5 პროცენტით იზრდებოდა, რაც სეზონურ ხასიათზე მიანიშნებს, თუმცა ზრდა მაიც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

სურ. 5 ფულის მასა და ფასების საერთო დონე

     როგორც გრაფიკზე ჩანს, 2022 წლის და 2021 მარტშიც ფასების საერთო დონე მკვეთრად არის გაზრდილი, რაც ზემოთხსენებული 4.2%-იანი ყოველთვიური ინფლაციის ზრდის შედეგია.

     ამრიგად, რადგან ფულის მასის დინამიკა ისევ მზარდია, შედეგად ინფლაციური პროცესების სრული აღმოფხვრის ალბათობა ისევ მცირეა და თუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ გაგრძელდება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისკენ დაბრუნების ალბათობა ამ წლის მანძილზე დაბალი იქნება, ხოლო ეროვნული ბანკის ანგარიშებში ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით რეგიონში არსებული მდგომარეობით აიხსნება.

 

 

 

*ობლიგაციების გაყიდვისას, ეროვნული ბანკი ეკონომიკაში არსებულ ფულზე ცვლის ობლიგაციებს, ფულის მასას ამცირებს, ხოლო ყიდვისას კი ეკონომიკაში დამატებით ფულის მასას უშვებს, ფულის მასას ზრდის.

აპრილი, 07, 2022.

 

 

 

კომენტარები