სიახლეები

93 Views

გირჩის ახალი კანონპროექტი - "ბირჟა მაფია", საქმის გაგრძელება

საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბერს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების თანახმად, საქმიდან მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებული უკანონო ნივთები მტკიცებულების სახით არ იქნება მიღებული იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების საშუალება ჰქონდა და არ მოიპოვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენება იმ პირობებში, როდესაც ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 ივლისს შევიდა. ამ დრომდე სამართალდამცავები კვლავ განაგრძობდნენ ჩხრეკასა და ნივთმტკიცებების ისე ამოღებას, რომ ნეიტრალურ მტკიცებულებას არ მოიპოვებდნენ.

საკონსტიტუციო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მსგავს ქეისებზე მსჯავრდებული პირები თავიანთი საქმის გადახედვას ითხოვენ, რაზეც სააპელაციო სასამართლო უარს ეუბნება.

დღემდე ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც ამ წესით მოპოვებული მტკიცებულებებით არიან გასამართლებული, რადგან ქართული მართლმსაჯულება თვლის, რომ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ამსუბუქებს პატიმრის მდგომარეობას ან საერთოდ აუქმებს ამ პასუხისმგებლობას.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო, დღევანდელი სასამართლო პრაქტიკით, ისევ ციხეში იჯდებოდა ამავე სარჩელის ავტორი გიორგი ქებურიაც, რომ არა ის პოლიტიკური მოვლენები, რის გამოც მოხერხდა „ბირჟა მაფიას“ საქმეზე დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება.

                                                                                                                                                                 - გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

გადაწყვეტილება იხილეთ ამ ბმულზე.

ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეეხება მათ შორის იმ პირებსაც, ვისი განაჩენიც გამოტანილი იყო ამ გადაწყვეტილებამდე.

ეს კანონპროექტი ერთ ერთი პატიმრის - ლაშა ჩიქობავას დასახმარებლად შეიქმნა, რომელმაც ციხიდან მოგვმართა და რომელიც იდენტურ საქმეზე იხდის სასჯელს.

2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, მას საპატიმრო სასჯელი, მხოლოდ ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული  ინფორმაციით და პოლიციელთა ჩვენებით დადასტურებული ოქმით მიესაჯა მაშინ, როცა უკვე ძალაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ის ნორმა რითაც ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, ძალადაკარგულად გამოცხადებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ:

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად :

,,დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული კანონი.’’

     2. 3321- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი :

,,4) ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო  განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის მიმართ განაჩენი გამოტანილი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის  იმ რედაქციაზე ან ნორმატიულ შინაარსზე დაყრდნობით, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და თუ მოქმედი რედაქცია იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას ‘’. ‘’

 

ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ვერც სასამართლოში მოსამართლეებმა და ვერც პარლამენტში დეპუტატებმა ვერ გაიგეს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პოლიციელების მიერ ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთის მტკიცებულების სახით მოღება, თუ კი პოლიციელს შეეძლო, მაგრამ არ მოიპოვა ნეიტრალური მტკიცებულება.

დღეს ჩვენ ციხეში გვყავს ადამიანები, რომლებიც არაკონსტიტუციური მტკიცებულებით არიან გასამართლებულები და ამ ხალხს საშუალებას არ ვაძლევთ სასამართლოში გაააგრძელონ დავა საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.

ამ კანონპროექტის მიღებით ადამიანებს გაუჩნდებათ საპროცესო უფლება, რომელიც დღესაც აქვთ მინიჭებული თუმცა, მოსამართლეთა არასწორი ინტერპრეტაციის გამო, ვერ იყენებენ ამ უფლებას სათანადოდ.

                                                                                                                                                  - გვითხრა თეკლა მებურიშვილმა.

იხილეთ კანონპროექტი

კომენტარები