სიახლეები

1845 Views
საკუთრება

სამშენებლო რეგულაციების შედეგები თუშეთში

ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი ისევ ქართულია. ბოლო დრომდე ამ ნიშას, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე, სვანეთის ულამაზესი სოფელი, უშგული იკავებდა. 2014 წლიდან კი, ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელმა, ბოჭორნამ ჩაანაცვლა, რომელიც ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე სამოთხეა.

ბოჭორნაში სწორედ 2014 წელს დაფიქსირდა პირველი ოფიციალური მცხოვრები - გომეწრის ხეობაში, 76 წლის ექიმი, ირაკლი ხვედურაიძე. მისი თქმით 1998 წლიდან ამ სოფლის მცხოვრებია, თუმცა ოფიციალურად 2014 წლიდან გააფორმეს.

ირაკლი ხვედურაიძე თუშეთის მთავარ პრობლემად სამშენებლო კანონს მიიჩნევს, რომლის თანახმადაც ადამიანები სპეციალური ნებართვის გარეშე სახლებს ვერც აშენებენ და ვერც არემონტებენ.

თუშეთის სოფლებს 2008 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ახალი საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობა, კერძო მესაკუთრეებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის გარეშე, კანონით იკრძალება,

გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12 000 ლარით. დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი ძეგლის მესაკუთრეს ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა, რაც ფიზიკური პირების შემთხვევაში 21 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 36 ათასი ლარია.

ასეთ პირობებში ცხადია არავის უღირს მშენებლობის დაწყება და ტურისტულად საკმაოდ მომგებიანი ადგილები, დაუსახლებელი და აუთვისებელია.

როგორც ბოჭორნის ერთადერთი მცხოვრები ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან მისი დაფასება ის იქნება, თუ თუშეთისთვის სამშენებლო კანონს შეცვლიან.

ტურისტი გამრავლდა და თუშებიც დაბრუნებას ფიქრობენ, მაგრამ სახლებს ვერ აშენებენ და როგორღა დაბრუნდნენ? მთავრობა მშენებლობაში პროექტებს ითხოვს, პროექტის დამტკიცებას კი წლები სჭირდება. არადა, თუშეთში მხოლოდ 4 თვე შეიძლება მშენებლობა - მაისის ბოლოდან სექტემბრამდე. იმიტომაც გაგვიჩერდა მშენებლობები. ჰოდა, სასწრაფოდ სხვა რამეა მოსაფიქრებელი. თუ თუშეთის აშენება უნდათ, უნდა მოიფიქრონ!
 

წყარო: კვირის პალიტრა

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები