სიახლეები

208 Views
ეკონომიკა

ქართული კანონმდებლობით ციფრული ვალუტები გადასახადებით დაიბეგრება

მთავრობამ ქართულ კანონმდებლობაში კრიპტოვალუტის არსებობა დააფიქსირა. გადაწყდა, რომ ციფრული ვალუტები გადასახადებით დაიბეგროს, რასაც სპეციალისტების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

ფინანსისტების ნაწილი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვირტუალური ფინანსური ინსტრუმენტის დაბეგვრა დაუშვებელია. საუბარია იმაზეც, რომ კრიპტოვალუტების ბაზრისთვის დაბეგვრის სისტემის ამოქმედება ჩრდილოვანი სეგმენტის გაჩენას გამოიწვევს. 

ფინანსისტი ვახტანგ ხომეზურაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა დაამახინჯებს ბიტკოინის ფასს საქართველოში და კურსის დეფორმაციას გამოიწვევს.

წარმოუდგენელია, რომ ასეთ ხერხს მიმართეს. ეს გათვლილია იმაზე, რომ ბიტკოინთან დაკავშირებული ოპერაციები შემცირდეს და ბიუჯეტში იყოს მეტი შემოსავალი? ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში  ასეთი დაბეგვრის რეჟიმი არ გამოუყენებიათ, ჩვენ კი ბოლო დროს გაუაზრებელი ინიციატივების ქვეყანა გავხდით.

ბიზნესრეზონანსთან ინტერვიუში, ხომეზურაშვილი ფინანსთა სამინისტროს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნეგატიური ცვლილებაა:

თვითღირებულება გაიზრდება, ბიტკოინის მაინინგი არ არის აგურის ან ცემენტის წარმოება, ეს არის პროგრამული კვოტების ბიზნესი, რისი მეშვეობითც ხდება გამომუშავება,. როც ეროვნული ბანკი, ახალი დამატებითი ფულის ემისიას აკეთებს, ისიც რომ დაიბეგროს დღგ_თი. ბიტკოინი არ არის საქონელი. ვირტუალური ინსტრუმენტია და არ უნდა იბეგრებოდეს. ჩვენ აღმოვჩნდებით ქვეყნების სიაში, სადაც საერთოდ არ ესმით, რა არის კრიპტოვალუტა, ფინანსური ინსტრუმენტები და ბეგრავენ ყველაფერს, რაც თვალში მოუვათ"

 ამბობს ფინანსისტი.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება დაექვემდებარა დღგ-თი დაბეგვრას. გამოთვლითი სიჩქარე არის ის საზომი ერთეული, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერი ასრულებს ოპერაციას. იმ შემთხვევაში დაიბეგრება ამ მომსახურების მიმღები, თუ იგი საქართველოშია რეგისტრირებული ან საქართველოში აქვს მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული გადაწყვეტილება.

წყარო : გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები