ქართველი ბავშვის ფიქრები

მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას, არ მირჩევნია აქ სიკვდილი.

ჯერ მხოლოდ ბავშვი ვარ, მცირე გამოცდილებით, რომელიც სავსებით საკმარისია მივხვდე, რომ ამ ქვეყანაში მომავალი არ მაქვს.

ჯერ დაბადებული არ ვიყავი, მშობლები უკვე ნერვიულობდნენ, გოგო არ ვყოფილიყავი, თუმცა იმედები არ გავუცრუე — ბიჭი ვარ! ბიჭი!

ცუდი სახელი დამარქვეს, ბაბუის, მამაჩემმა მამამისს უჯიგრა. დაბადებიდან 40 დღე მაცადეს, მერე კი მომნათლეს. აქ ეგეთი წესია, მსგავს რამეებს ჩემს ქვეყანაში არ გეკითხებიან. ბავშობიდან ზრუნავდნენ ცისფერი არ გამოვსულიყავი, თუმცა ძია კაცები მათ თვალწინ სუფრაზე „პასპორტის“ ამოღებას მაძალებდნენ. სუფრას ჩემს აღზრდაში დიდი როლი უჭირავს: სამი წლიდან შემასწავლეს სადღეგრძელოების თანმიმდევრობა და დალევის კულტურა (უფრო უკულტურობა) — ჯერ მშობლების სადღეგრძელოს ვამბობთ, შემდეგ დედმამიშვილების, წასულებზე გაჩერება სასტიკად იკრძალება, ამიტომ უმალ პატარების სადღეგრძელოზე უნდა გადახვიდე. თუ თამადამ ცოტა აურია, ალავერდს ვითხოვთ და ფეხზე წამოდგომით პატრიარქის სადღეგრძელოს დავლევთ (ეს სადღეგრძელო კოზირია, ყველას მოწონს).

მორალურ და ფიზიკურ ძალადობას მშობლები დიდ ყურადღებას უთმობენ. მთავარია დისციპლინა! — ასე ამბობენ, აბა, კომუნისტები გიჟები ხომ არ იყვნენ, მთელი ქვეყანა „სმირნაზე“ რომ ყავდათო.

ტირილს ვერ ვბედავდი, ასე მეუბნებოდნენ, გოგო ხომ არ ხარო!

ნიჭიერი ბავშვი ვარ, ამიტომ 5 წლისამ წერაც ვიცოდი უკვე და კითხვაც, თუმცა სკოლაში მაინც არ მიმიღეს. ერთი წელი მალოდინეს, შემდეგ ისე, რომ არც ჩემი ცოდნა და არც ჩემი შესაძლებლობები არ შეუმოწმებიათ, პირველ კლასში დამსვეს სხვა 6 წლის წერა-კითხვის უცოდინარ ბავშვებთან ერთად. ყოველთვის მიყვარდა კითხვების დასმა და ყველაფერში ეჭვის შეტანა, მშობლები ამის გამო სულ მეჩხუბებოდნენ, თუმცა მათ ვერ გადამაჩვიეს, სკოლამ გადამაჩვია.

12 წელი უნდა ვიარო ამ ბლოკისგან აშენებულ შენობაში, რომლის ერთადერთი პლუსიც ისაა, რომ არ გათოვს და არ გაწვიმს. ყველა ერთსა და იმავეს ვსწავლობთ, ერთნაირი წიგნებით, თუმცა ყველას სხვადასხვა რამ გვაინტერესებს. გაკვეთილი ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვებით მთავრდება: ზეპირად! ზეპირად! ზეპირად! ასე ვისწავლეთ ვეფხისტყაოსანი, შინაარსი კი არავინ ვიცით, პრინციპში მაგას არც არავინ გვეკითხება. მასწავლებელი სულ მეჩხუბება, მამაშენი რა კარგი მოსწავლე იყო, შენ კი ზარმაცობო, არ გამიმართლა მაინცდამაინც იმ მასწავლებელთან მოვხვდი, რომელიც მამას ასწავლიდა, თუმცა მანდ ბევრია ეგეთი.

ბავშვებს გაკვეთილზე უამრავი კითხვა გვიჩნდება, თუმცა პასუხები წიგნში არ წერია. ყველა მთის სიმაღლე ვიცი, ყველა მდინარის სიგრძე, ყვველა მნიშვნელოვანი თარიღი, თუმცა ეს ყველაფერი ი_GOOGLE-ება, მე კი მინდა, რომ ის ვიცოდე, რაც ინტერნეტში არ წერია. მე ის მირჩევნია, რომ წაკითხულის გამოყენება ვიცოდე, მაგრამ სკოლას არ უნდა;

მე ვერ ვხვდები, რატომაა ვარსქენ პიტიახში მოღალატე, ხოლო აბო თბილელი წმინდანი;

მე არ ვიცი რატომ უნდა ვისწავლო ჰაგიოგრაფია, რომლის წაკითხვაც მასწავლებელსაც უჭირს;

მე ვერ ვხვდები, როგორ ერეოდა ერთი ნასვამი ქართველი ათას დაბოლილ მუსლიმს და თან მუდამ ტერიტორიებს როგორ ვკარგავდით;

მე ვერ ვხვდები, როგორ დაუბნელდა ცა მირიან მეფეს;

მე ვერ ვხვდები, როგორ მიიყვანა დაჭრილმა ირემმა კერპთაყვანისცემელი ფარნავაზ მეფე საგანძურამდე;

მე ვერ ხვდები, როგორ გვართმევენ ქართველობას, ვერც სკოლაში ხვდებიან, მაგრამ არავინ აღიარებს.

საყურის გაკეთება მომინდა, მამაჩემი ამის გამო მეჩხუბა, „პიდარასტი“ არ გამიხდეო და რაგბზე შემიყვანა, ვერ ვთამაშობ, არ გამომდის. დედაჩემმა გადამიწყვიტა, რომ მუსიკაში მეცადა ბედი, მამაჩემი დათანხმდა, ოღონდ ერთი პირობით, ჩემი ბიჭი ვიოლინოს არ დაიჭერსო, ამიტომ ჩონგური დამაჭერინეს.
რამდენიმე წელში სკოლას დავამთავრებ, ამიტომ მშობლები მატარებენ ინგლისურზე, ქართულზე, უნარებზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე, გეოგრაფიაზე, სამოქალაქოზეც უნდათ, მაგრამ ამ საგნის მასწავლებელი ჯერ არ არსებობს. მიზეზი რომ ვიკითხე, მშობლებმა ასე მითხრეს, ატესტატს ვერ აიღებო. როგორც გავარკვიე, ეს ატესტატი ფურცელი ყოფილა, უბრალო ფურცელი, რომლის ერთადერთი დანიშნულება ის იქნება, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარო. სკოლამ მიმაჩვია დაზეპირებას, ამიტომ ავდგები და გამოცდების წინ დავიზეპირებ ყველაფერს, დავწერ გამოცდას და გავახარებ მშობლებს 2,250 ლარიანი გრანტით, რომლის ასაღებადაც წელიწადში ჩემ მომზადებაში 4,000 ლარს ხარჯავდნენ. ამის შემდეგ, ჩემი მშობლები უკანასკნელ თეთრსაც კი გადაიხდიან დიპლომის ასაღებად და დამელოდებიან, როგორ ამოვიღებ ჩემში ჩადებულ ინვესტიციას. სამწუხაროდ, დიდხანს მოუწევთ ლოდინი.

უმაღლესს რომ დავამთავრებ და დიპლომს ავიღებ, დავფიქრდები ჯარში წავიდე, ისევ უმაღლესში ჩავაბარო თუ მშობლებს ვახდევინო 2,500 ლარი ჯარიმის სახით. „ვიშკაზე“ ერთი წელი დგომა არ მინდა, ამიტომ ავდგები ან თავს დავიზიანებ ან საერთოდ აქედან გაქცევაზე ვიფიქრებ. მეც მამაჩემივით ვიოცნებებ ამ ქვეყნიდან გაქცევაზე. მაგრამ ალბათ ვერ წავალ, რადგან მოხუც მშობლებს ვერ მივატოვებ. მათ ხომ ასე ვუყვარდი მთელი ცხოვრება.

შემდეგ თავის რჩენა მომიწევს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ის ყველაფერი, რაც მე ვისწავლე: სადღეგრძელო, პასპორტის ამოღება, მდინარის სიგრძე, ფარნავაზ მეფე, აბო თბილელი, 1 კაცი რომ 1000 მტერს ვერეოდით და სხვა ყველაფერი არაფერში გამომადგება. სკოლა და უნივერსიტეტი ხომ პოტენციურ უმუშევრად ჩამომაყალიბებს.

თუ რაიმე საქმის გაკეთება მომინდება, სახელმწიფო განმისაზღვრავს რამდენი უნდა ვიმუშაო, ჩემი ნაშრომიდან რამდენი შემიძლია დავიტოვო და რამდენი გადავუხადო მას, რა ფული უნდა გამოვიყენო და ბუღალტერია როგორ უნდა ვაწარმოო.

ბოლოს გადავწყვეტ, რომ არ ღირს გარისკვად. შემდეგ ავდგები, რამე 400 ლარიან არსტაბილურ სამუშაოს ვიპოვი, ცოლს მოვიყვან, უფრო სწორად, მომაყვანინებენ, სავარაუდოდ ისეთს, როგორსაც ოჯახისთვის შესაფერად ჩათვლიან. ცოლი სახლს მოუვლის, მე ვიმუშავებ, როცა დაღლილი მოვალ სახლში, მარიხუანის მოწევა მომინდება განტვირთვისთვის, თუმცა იმის გამო, რომ ციხის და დაჭერის შემეშინდება, ავდგები და ჭაჭას დავლევ, ოღონდ ორნახადს, დავთვრები და მერე მეც ის ღიპიანი ძია გავხდები, დღეს რომ პასპორტზე მექაჩება.

შვილები მეყოლება, ბიჭს მეც მამის სახელს დავარქმევ, სხვანაირად არ გამოვა. ისიც საქართველოში დაიბადა, მასაც გამოუტანენ განაჩენს, მასაც დააჯერებენ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდანაა. 


მოკლედ, მე უმომავლო საქართველოს უმომავლო შვილი ვარ.

ავტორი: ცოტნე კობერიძე



კომენტარები