სიახლეები

55 Views
პოლიტიკა

პროკურატურა: იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება,

ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა კოკა კაციტაძემ, განაცხადა.

პროკურატურის განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით.

უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი, რის თაობაზეც საზოგადოება იქნება პერიოდულად ინფორმირებული.

საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები. ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება მისცა 60-მდე პირმა.

ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.

ქ. თბილისში მდებარე 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად იქნა ამოღებული სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. აღნიშნული მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა.

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით.

საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ უკვე ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება"

განაცხადა პროკურორმა ოთარ კაციტაძემ, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები