სიახლეები

3172 Views
გირჩი

ყურადღება! ყურადღება! ვეძებთ 60 ადამიანს, მაღალანაზღაურებად სამუშაოზე!

2021 წლის 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, გირჩს 73-ვე საარჩევნო ოლქში ეკუთვნის საოლქო კომისიის წევრების ადგილები. 

თითო ადგილი თითო ოლქში. 

ოლქების სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

საოლქო კომისიის წევრს უწევს წინასაარჩევნოდ 2 თვე მუშაობა + 1 თვე, თუ მეორე ტური ჩიაინიშნა მის ოლქში.

ამ შესრულებულ სამუშაოში ის აიღებს ხელფასს, საშუალოდ 1 500 ლარს (გააჩნია ოლქს).

ამ 73 ოლქიდან ჩვენ ვეძებთ კომისიის წევრობის მსურველებს 60 ოლქში!

ყველგან, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმისა.

 

რა ევალება საოლქო კომისიის წევრს?

ცესკოს მხრიდან დაგევალებათ:

  1. დაესწროთ თქვენს ოლქში ჩატარებულ შეხვედრებს, სადაც კომისიის წევრები კომისიის მუშაობის სპეციფიკას გაივლით და “შეთამაშდებით”. ჯამში, დაახლოებით 10 შეხვედრას.

  2. არჩევნების დღეს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში იმუშაოთ საოლქო კომისიაში, რათა დააკვირდეთ იქ პროცესებს და თუ ყველაფერი წესიერად იქნება, ხელი მოაწეროთ ოლქის შემაჯამებელ ოქმზე.

გირჩის მხრიდან დაგევალებათ:

  1. დაიცვათ ჩვენი ხმები თქვენს ოლქში. ხაზზე იყოთ საუბნო კომისიების წევრებთან (ერთ ოლქში ბევრი უბანია) და დარწმუნდეთ, რომ უბნებიდან მიღებული გირჩის ხმების ჯამი ზუსტად იქნება ჩაწერილი საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმში.

  2. იყოთ ხაზზე გირჩის ცენტრალურ ოფისთან და მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია დარღვევებზე თუ სიმშვიდეზე. 

  3. არჩევნებამდე იპოვნოთ 24 ადამიანი (16 კაცი და 8 ქალი), რომლებიც დაგვთანხმდებიან, იყვნენ გირჩის ადგილობრივ საარჩევნო სიების ტექნიკურ ნაწილში - ეს რას ნიშნავს - იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გირჩი (36 ნომერი) იყოს ბიულეტენში წარმოდგენილი, საჭიროა ყველა ოლქში საშუალოდ 25 ადამიანიანი კანდიდატების სია წარვადგინოთ. გარდა პირველი ან მეორე გამსვლელი ადგილებისა, სიის დანარჩენი ნაწილის შევსება მოგვიწევს ნაცნობებით, ახლობლებით, რომლებიც ამით არ გახდებიან გირჩის წევრები (უპარტიოები დარჩებიან) და დაგვეხმარებიან სიის მინიმალური რაოდენობა შევავსოთ ყველგან. თუ თქვენ იქნებით ჩვენი ანაზღაურებადი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიებში, ამ 24 ადამიანის პოვნა თქვენი საქმეა (ცოტა ქვემოთ ნახავთ, თუ რა ინფორმაციის შეგროვება დაგჭირდებათ ამ 24 ადამიანზე, რათა ცესკოს წარვუდგინოთ ეს ხალხი, როგორც ჩვენი კანდიდატები).

  4. თუ თქვენს ოლქში რამე წინასაარჩევნო აქტივობას დავგეგმავთ, დაგვეხმაროთ და ჩაერთოთ ყველა შესაძლო ხერხით.

 

როგორ გახდეთ საოლქო კომისიის წევრი გირჩისგან?

ამ 60 ადგილზე, 60 საოლქო კომისიაში, გირჩი აცხადებს შემოწირულობის აუქციონს, მინიმალური ბიჯით 10 ლარი. 

ასე ჩვენ გავარკვევთ, ვის უფრო მეტად უნდა გირჩის წარმატება და ვინ უფრო მეტადაა მონდომებული დაგვეხმაროს სამეფოს გაფართოებაში.

ეს აუქციონი იქნება სერიოზულობისა და მოტივირებულობის ფილტრი, რადგან ჩვენ არც დრო გვაქვს და არც რესურსი, რომ გასაუბრებებითა და პირადი შეხვედრებით ვიპოვნოთ ასეთი ხალხი ყველა რეგიონში.

 

ჰოდა, თუ ბრძანდებით 21+ წლის და გადაწყვიტეთ თქვენი წვლილი შეიტანოთ გირჩის წარმატებაში

  1. შედიხართ ჩვენს საიტზე www.girchi.com

  2. რეგისტრირდებით საოლქო კომისიის მსურველად (ამ ლინკიდანაც მოხვდებით სარეგისტრაციო ფორმაში - link)

  3. იწყებთ 24 ადამიანიანი სიის შეგროვებას თქვენთვის (16 კაცი, 8 ქალი - კვოტებია აქაც, დიახ…)
    ვინც დაგთანხმდებათ იყოს გირჩის ტექნიკურ სიაში, მათგან მოგიწევთ მოაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:

    1. სახელი

    2. გვარი

    3. დაბადების თარიღი

    4. პირადი ნომერი

    5. პროფესია

    6. თანამდებობა (საქმიანობა)

    7. სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება “უმუშევარი”)

    8. პარტიულობა (თუ სხვა პარტიის წევრია ან სხვა პარტიის სიაშია ამ არჩევნებზე, ჩვენს სიაში ვერ მოხვდება. თუ უპარტიოა, მიეთითება “უპარტიო”)

    9. რეგისტრაციის ადგილი (ჩაწერის მისამართი).

    10. სიის წევრის პირადობის ან პასპორტის ფოტოასლი

    11. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა - ესაა ცნობა, რომელსაც გასცემს შსს-ს მომსახურების სააგენტო, უფასოდ, 5 სამუშაო დღეში.

    12. ორი ფოტოსურათი 3X4

    13. სიის წევრის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად, შევსების თარიღის მითითებით - ამაში ჩვენ დაგეხმარებით, მოგაწვდით ბარათებს და აგიხსნით შევსების წესს. 

  4. და უნდა დაელოდოთ შაბათს, 24 ივლისს, როდესაც www.girchi.com-ზე გაიხსნება აუქციონი, მიიღოთ მონაწილეობა ამ აუქციონში და მოიგოთ ყველაზე მაღალი ბიდის დადებით.

აუქციონის მოგების შემდეგ რა ხდება?

თუ აუქციონს მოიგებთ, გექნებათ 3 დღე, რათა აუქციონში მითითებული შემოწირულობა გააკეთოთ, შეიყვანოთ თქვენი 24 ადამიანიანი სია ჩვენს საიტზე სპეციალურ ფორმაში და მოგვაწოდოთ ის საბუთები, რაც მოაგროვეთ. ამ პროცესზე ყველა თქვენ კითხვას უპასუხებენ გირჩელები, რომლებიც მუდმივ ხაზზე იქნებიან აუქციონის თითოეულ გამარჯვებულთან. წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარები