სიახლეები

ნაწილი მესამე  - პროცესი

მესი

 

მესის ფანი ვარ.

პირველად პორტუსთან გამოიყვანეს სათამაშოდ, მაშინ შევამჩნიე და მას მერე თვალი არ მომიცილებია. ეგეთი თავხედი ბავშვი არასოდეს მენახა. სხვანაირად თამაშობდა ფეხბურთს.

ფეხბურთი მესმის, ბევრი რამ მასწავლა ფეხბურთმა, ბევრ რამეზე მიფიქრია მის მაგალითზე, ახლაც ხშირად ვიყენებ, როცა რამის ახსნას ვცდილობ.

ამ სპორტში ყველაზე ნათლად ჩანს, რამდენი შრომა სჭირდება ნამდვილ წარმატებას. გამართლებისა და უიღბლობის მნიშვნელობასაც მარტივად იგებ. ზუსტად იცი, რომ სულელებს არ უმართლებს.

სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაც გჭირდება,  მესიც რომ იყო ვერ მოიგებ, გუნდი თუ არ გივარგა.

სანამ რამეს იზამ, ტვინი რომ უნდა გაანძრიო, ამასაც ფეხბურთი გეუბნება.

ბურთზე პასუხისმგებელი რომ ხარ და რომ არ უნდა დაკარგო, ამასაც სწავლობ. თუ ეს არ გესმის, შენთან არ თამაშობენ.

2009 წელს ვიცოდი, რომ ახალი მარადონა დაიბადა.

მას მერე ყოველ წელს მაოცებს.

ადამიანის შესაძლებლობას საზღვარი რომ არ აქვს, მაგის თვალსაჩინო მაგალითს ვხედავთ.

2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოდიოდა, სულ ვოცნებობდი ფეხბურთის კომენტატორობაზე და გადავწყვიტე მესიზე მესაუბრა.

ყურადღება რომ მიმექცია, ქართული ფეხბურთის ისტორიაზე ჩავწერე გადაცემა.

,,სიმართლე ქართულ ფეხბურთზე“ ჰქვია. ვახოს ფეხბურთი არ უყვარს, მაგრამ ფეხბურთის ქართულმა გაგებამ დააინტერესა და მითხრა რაც მაინტერესებს გკითხავო. ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა.

ვანო გუმბერიძემ, როგორც ჩანს ჩემი ეს ლტოლვა შეამჩნია და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ,,ბეთ ბარი“ ჩაგვეწერა, რამდენიმე თვე ამ ფორმატით ვესაუბრებოდი ამომრჩეველს.

ვანოსი ძალიან მადლობელი ვარ,  ,,ბეთ ბარი“-თ ძალიან გავერთე და თან ახალი ტიპის ცნობადობა მომიტანა.

მის მერე საფეხბურთო გადაცემებში მიწვევენ ხოლმე.

მესიმ მუნდიალი წააგო, გაბრაზდა, ნერვები ვერ მოთოკა და დაიმუქრა წავალო.

მჯერა, კიდევ ცდის მუნდიალის მოგებას, ეგეთი ხალხი, ოცნებებზე უარს არ ამბობენ.

ვინც ყველაზე მეტჯერ ცდის და ვისაც ყველაზე მეტად უნდა, ის იგებს.

მესის დაკვირვებამ ეს მასწავლა.

ლეგალიზაციის ფესტივალი

2018 წლის სექტემბერში, ლეგალიზაციის გადაწყვეტილება დასაცავი გახდა, მთავრობამ რაღაც უაზრობა შემოიტანა პარლამენტში. ადამიანებს ლეგალური მცენარის ერთი ძირის გაზრდის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ვიღაცებს ექსპორტზე გატანა შეეძლოთ. კანაფზე ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ ოპოზიციასაც და საპატრიარქოსაც.

მთავარმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, კანაფის მწეველები პედოფილებს შეადარა, ეკლესიამ რაღაც სოდომ-გომორული ჯადოქრობა გამოაცხო და მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გაუქმება მოსთხოვა.

მთავრობამ უკან დაიხია და ნაცვლად იმისა, რომ ეამაყა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრძოლა გამოუცხადა მას.

მარტო დავრჩით.

რამე იყო მოსაფიქრებელი.

ვახოს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ კანაფის ფესტივალი უნდა ჩაგვეტარებინა ნებისმიერ ფასად, რადგან ეს პროცესის ლოგიკური დასასრული იქნებოდა, თან სიტუაციის ასეთი ცვლილების გამო, სხვა ნებისმიერი სვლა უკანდახევა იყო.

შსს-დან ცუდი ხმები გამოდიოდა, არჩევნების წინა დღეები იყო, ეკლესია და ოპოზიცია ერთ პოზიციაზე იდგა.

ვიცოდით, მათ რომ არ ეყვირათ, ხელს შეგვიშლიდნენ.

რომც დავეჭირეთ, არავინ იყო ხმის ამომღები. თუმცა დაჭერას არ ველოდით.

მოსაწევზე ჩვენი დაჭერა რთული იყო, ჯაფარიძე-მეგრელიშვილი ერქვა ლეგალიზაციის საქმეს,  ამიტომ თუ ვინმეს შეეძლო ფესტივალი გაერისკა, ეს ჩვენ ვიყავით.

20 ოქტომბერს დავნიშნეთ, რამდენიმე დღეში საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

ჯაფარა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ეს დამატებით იმუნიტეტს გვაძლევდა.

კონკრეტული ამოცანა გვქონდა, სულ მცირე, კანაფის საჯარო გადაცემა უნდა მომხდარიყო, იდეალურ შემთხვევაში კი ზეიმი გაიმართებოდა, სადაც ხალხი ერთად დაისვენებდა და  ერთმანეთს ჯოინთებით გაუმასპინძლდებოდა.

სასტუმროებსა და ტურისტულ ადგილებში ფლაერები დავარიგეთ, ლეგალიზაციის ფესტივალზე ვეპატიჟებოდით.

ახლადშექმნილი კანაფის ბიზნესში ჩართულ ხალხსაც მოველაპარაკეთ. მათ თავიანთი პროდუქცია უნდა გამოეტანათ აქციაზე შეღავათიანი ფასებით.

იყო იდეა, რომ ტივი გვექირავებინა და კანაფის ძირი მტკვარზე ჩამოგვეტარებინა, მაგრამ არ მოგვაქირავეს და მალევე დავივიწყეთ.

პოლიციიდან ისევ ცუდი ხმები მოდიოდა, რაღაც საქმეებიც კი აღძრეს.

ყველაზე უარესისთვის მზადება დავიწყეთ, პოლიციას დაკავებები რომ დაეწყო.

წინა ღამით ჯოინთები დავამზადეთ, ვერავის რო ვერ გაებედა გადაწოდება, ჩვენ უნდა გადაგვეწოდებინა ყველასთვის.

ვისი იდეა იყო არ ვიცი, შეიძლება ჯაფარასი, ცხოველების ფორმები ვიქირავეთ, პოლიციას დარბევა რო დაეწყო, სასაცილოდ რომ გამოსულიყო.

ბაყაყი, ძროხა და ჟირაფი ლეგალიზაციის ფესტივალზე

კარგი იდეა გამოვიდა.

კიდევ ერთი კოზირი გვქონდა - პოლსკი.

გირჩის ვიდეოების დიდი ნაწილი პოლსკის გაკეთებულია, პოლსკის ასეთი თვისება აქვს, ზუსტად იცის რა გადაიღოს და როგორ დაამონტაჟოს.

პოლსკის შეიარაღებაში კამერა და დრონი შედიოდა.

ფესტივალი 4:20 სთ. იწყებოდა, 12 საათზე დამიჭირეს და პოლიციის შენობაში მაყურყუტეს მთელი დღე. ვითომ რაღაც გამოკითხვაზე გადამიყვანეს.

ცოტა ხანში ვახოსაც იგივე უქნეს.

ტელევიზორში ვუყურებდი რაც ხდებოდა და გარეთ მარტოდარჩენილ ჯაფარას ვგულშემატკივრობდი.

პოლიციამ ფესტივალი ჩაგვიშალა, ჩვენი ყველა გეგმა ვარდებოდა, გროუერები არ შემოუშვეს, მოსაწევის საჯაროდ გამოჩენაც კი წარმოუდგენელი იყო.

დედაენის პარკთან პოლიციის კორიდორი იდგა, რომელიც არაფერს იცავდა, უბრალოდ ხალხს არ უშვებდა შიგნით.

პოლიციის კორდონი ლეგაიზაციის ფესტივალზე

როგორც შემდეგ გვითხრეს, 4:15 ზე ჯაფარას ჯოინთები არ ჰქონდა, ყველა ვისაც შეიძლება ჰქონოდა ან დაკავებული იყო ან პოლიციის კორდონს გარეთ.

ეტყობა გაიგეს რომ ტივით მცენარის შემოტანა გვინდოდა და მტკვარს კატერებით აკონტროლებდნენ.

ჯაფარამ თქვა, თითქმის იმედი მქონდა გადაწურული, რომ რამე გამოვიდოდაო, ამ დროს მირიანმა 3 ჯოინთი გააჩინა და ჟურნალისტების მიკროფონებთან რო ვიდექი ჩუმად ხელებში მომცაო.

მერე რაც მოხდა იცით.

ჯაფარამ და ამ სამმა ჯოინთმა, ფესტივალი  გადაარჩინა.

ადამიანებმა ერთმანეთს გადააწოდეს.

ამას პოლიციის განყოფილებიდან ტელევიზორში ვადევნებდი თვალს და რო ვნახე ჯაფარამ რაც გააკეთა, სიხარულისგან კინაღამ პოლიციელებს ჩავეხუტე,

გადაწოდების მერე, ხალხის დაჭერები გაძლიერდა და პოლიციამ ჩვენი ცხოველების ფორმაში მყოფი აქტივისტები - ,,დათვი“, ,,ბაყაყი“ და „მგელიც“ დაიჭირა.

,,ბაყაყის“ დაჭერა იმ დღის საუკეთესო ფოტო-კადრია.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა გადაიღო, თუ არ ვცდები.

ბაყაყის დაკავება

სანამ გამომიშვებდნენ, პოლიციის ერთ-ერთ ოთახში, ნიკა ქავთარაძეს მოვკარი თვალი. რო გამომიშვეს მერე გავარკვიე, შვილის ფეხბურთის თამაშზე იყო და იქ დაუჭერიათ,  ფესტივალზე რომ არ მოსულიყო. ნიკა რამდენიმე თვის წასული იყო გირჩიდან და არც ფესტივალის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

გაამწარეს.

პოლიციიდან რომ გამოვდიოდი, ტორესა შემხვდა, რომელიც თავის ძაღლთან ერთად იყო დაპატიმრებული.

ღამე გამოგვიშვეს.

პოლსკი მთელი დღე არც არავის მოხვედრია თვალში, არც პოლიციელებს დაუჭერიათ დადიოდა და იღებდა, ოფისში რო მივედით, დამონტაჟებას ამთავრებდა.

ლეგალიზაციის ფესტივალი, მე პოლსკის კადრებით ვიცი,  გენიალური ნამუშევარია.

#ჯაფარაპრეზიდენტად

2018 წლის გაზაფხულზე ცუდი სიტუაცია გვქონდა, ერთმანეთთან საუბარი გვიჭირდა, დაუმთავრებელმა ფინანსურმა კრიზისმა დაგვღალა, შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები იყო. 

გზა მოვიჭერით და ჯაფარა დავასახელეთ კანდიდატად, არჩევნებამდე ორ-ორჯერ დაგვიჭირეს მეც, ვახოც და ჯაფარაც.

 ლეგალიზაციას მივაღწიეთ, კანაფის ფესტივალი ჩავატარეთ. ჯარში ვისაც არ უნდოდა არ მიჰყავდათ, კამპანიაც ეს იყო რეალურად.

არ დარჩენილა არც ერთი თემა რაც აქტუალური იყო და მკაფიო პოზიცია არ გვქონოდა.

ჯაფარა დადიოდა და იგებდა ყველა დებატს.

#ჯაფარაპრეზიდენტად იქცა გამოთქმად.

მაგრამ ლეგალიზაციიდან ორ თვეზე მეტი იყო გასული და არანაირი თანხა არ შემოსულა ჯაფარას კამპანიის დასაფინანსებლად, ფაქტობრივად დაფინანსების გარეშე ჩავატარეთ.

ძალიან მაგარი კანდიდატი გვყავდა და საარჩევნო კამპანიაც შთამბეჭდავი იყო.

#ჯაფარაპრეზიდენტად

ჯაფარა ხალხს დაპირდა რომ თავისუფლების შემზღუდველ ყველა კანონს ვეტოს დაადებდა და ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ ყველა პირს შეიწყალებდა.

გამკეთებელი ვიყავით, რომ მოგვეგო.

არჩევნების შედეგი 2.25 % იყო ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ თბილისის ცენტრში 7-8% ავიღეთ.

ჩვენ მეტი გვინდოდა.

36 ათასი ხმა ავიღეთ, საბოლოოდ მივხვდი რომ ცუდი შედეგი არ იყო.

არჩევნებზე ბიძინამ ხალხი მოისყიდა და მეორე ტურში სალომემ მოიგო.

მიშამ ამჯერადაც წააგო.

მეორე ტურში მხარი არავისთვის დაგვიჭერია.

ბიძინა და მიშა

ერთმანეთი იპოვეს და ერთმანეთით საზრდოობენ.

ორივე ცივსისხლიანი პოლიტიკოსია, რომელთათვისაც ადამიანი საშუალებაა მიზნის მიღწევისთვის  და არა ძირითადი მიზანი.

ამის მიუხედავად, ცოცხლებში არავინ მახსენდება ისეთი, ამათზე მეტი რომ აქვს გაკთებული ამ ქვეყნისთვის.

ასე მოხდა, მათ მიეცათ ამის შანსი სხვადასხვა დროს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ხალხის დახმარება არ დაგვჭირდეს, მაგრამ ორივეს ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვს.

თუ სამართლიანი ხალხი ვართ ამას დავინახავთ.

ბიძინამ ბევრი გარისკა და მიშა თავისი თავისგან გადაარჩინა 2012 წელს.

ეს დასაფასებელი საქციელია.

მანამდე მიშამ გარისკა 2003-ში და ესეც დასაფასებელია.

გვინდა თუ არ გვინდა ორივე ისტორიის კუთვნილებაა და ამ ფაქტთან ბრძოლის ნაცვლად, უნდა ვეცადოთ, აწმყოში მათ ნაკლები როლი დაიკაონ ჩვენს ცხოვრებაში.

ისტორია მათ კარგსაც დაინახავს და ცუდსაც, ორივეს აქვს ბლომად კარგიც და ცუდიც.

პირადად არც ერთს ვიცნობ, მაგრამ პუტინის აგენტი, არც ერთი არ მგონია.

არც არასოდეს მეგონა რომელიმე, ვინმეს აგენტი.

პროპორციული არჩევნების იმედი მაქვს. ბევრ რამეს დაალაგებს.

 ესენიც იპოვიან თავიანთ ადგილს.

გაზაფხული

არჩევნების მერე დავიკარგეთ, შიგნით ვარკვევდით ურთიერთობებს, მძიმე დღეები გამოვიარეთ.

ვახომ უარი განაცხადა მუშაობის გაგრძელებაზე, სანამ ყველა თანამშრომელთან და განსაკუთრებით ჯაფარასთან, ყველა გაუგებრობას არ ამოწურავდა.

რთული პროცესი იყო, მაგრამ ერთმანეთი უკეთესად გავიცანით.

საბოლოოდ ახალ ოფისში გადავედით, ცენტრში.

მთაწმინდაზე არჩევნები დაინიშნა, სალომე პრეზიდენტი გახდა და მთაწმინდა დარჩა მაჟორიტარის გარეშე.

ცოტა ხნით ადრე, შსს-მ გირჩის წევრები დაიჭირა პოლიტიკოსის სექსის ყურებისა და ერთმანეთისთვის ჩვენებისთვის.

გვჯერა, რომ არაფრის ნახვა და სხვისთვის ჩვენება არ შეიძლება იყოს დანაშაული.

საკონსტიტუციო სარჩელიც ამაზე  შევიტანეთ ბათუმში და გზაზე გავიგეთ რომ ქართული სამეფო ოჯახი, მურუსიძის სასამართლოში არჩევდა იმას, ვინ იყო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე.

უფრო მაგარი კი ის იყო, რომ სასამართლო ამას სერიოზულად იხილავდა.

მთელი დღე ეს იყო ძირითადი თემა, ჯაფარამ გზაზე კითხვა დასვა, მარტო ბაგრატიონები რატო აცხადებენ პრეტენზიას მეფობაზეო, ხოსროიდი რო გამოჩნდეს უარს რა პონტში ვეუბნებითო.

მე გამახსენდა, რომ საბოს სურათი ჰქონდა გადაღებული მირიან მეფის პორტრეტთან, ჰერმანი ჰყავდა დახატული მხატვარს უნახავად.

#საბომეფედ

მეორე დღეს დილის შეხვედრის დაწყებამდე ჯაფარამ რამდენიმე წუთიანი სელფვიდეო ჩაწერა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარებულიყო ტახტისთვის ბრძოლა.

ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი ხოსროიდი კანდიდატი გვყავდა, ძალიან დამაჯერებელი გარეგნული მსგავსებით ქვეყნის გამაქრისტიანებელ მეფესთან.

ეს ვიდეო გავაზიარეთ როგორც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს, სამეფო ტახტისთვის ბრძოლის ვიდეო.

სლოგანით #საბომეფედ

საბოს კამპანია დაიწყო.

ამ ვიდეოს ახლა 311 ათასი ნახვა აქვს.

ამ დროს ნიკა ობოლაძემ დაგვტოვა, რუსთავი 2-ში გადავიდა სამუშაოდ.

ვიცოდი, ბოლო პერიოში თავს კომფორტულად არ გრძნობდა და ვცდილობდი დავხმარებოდი, ვფიქრობ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.

მის ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ მის არჩევანს პატივს ვცემ.

გაზაფხულზე გადავწყვიტე ,,პროცესი“ გამეკეთებინა.

პროცესი

,,პროცესი“ ჩემი საავტორო გადაცემაა, სახელზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა ,,წითელი და შავი“ დამერქმია, მაგრამ საბოლოოდ ,,პროცესი“ ვარჩიე.

კაფკამ გავლენა მოახდინა, ჩვენს რეალობაში ძალიან თემატურია.

თან იმასაც მივხვდი, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაც პროცესია და როგორ წარვმართავთ, ჩვენზეა დამოკიდებული.

,,პროცესი“ ინსტრუმენტია, საინტერესო ამბების გასაგებად.

მინდა ამ ქვეყნის უახლესი ისტორია მოვაყოლო ჩემთვის საინტერესო ადამიანებს.

ნაკლებად ვენდობი ისტორიკოსებს და პირდაპირ ისტორიულ პერსონაჟებთან საუბარი მირჩევნია. ეს გადაცემაც ამიტომ მოვიფიქრე.

საბჭოთა კავშირი და 90-იანი წლები მაინტერესებს. მათი სხვადასხვა კუთხიდან დანახვას ვცდილობ.

მინდა,  ბევრი და მოულოდნელი კუთხით დაგანახოთ ამ ქვეყნის უახლესი წარსული და ამ წარსულის დღევანდელობასთან კავშირი გაჩვენოთ.

პირდაპირ კავშირია წარსულ შეცდომებს და დღევანდელ ჩვენს ყოფას შორის.

ისტორიის შესწავლის მიზანიც ამის დანახვაში მგონია.

ისტორიის სწორად გააზრება გვეხმარება დავინახოთ რა შეცდომებს უშვებდნენ ადამიანები სხვადასხვა დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი რაღაცეების სჯეროდათ.

და ისტორია გაჩვენებს იმასაც, თუ როგორ ისჯებიან ისინი, ვისაც რეალობის სწორად აღქმა არ შეუძლიათ - გადაშენებით.

ამ გადაცემაში, პერსონაჟები მოყვებიან იმ ისტორიას, რაშიც თვითონ მონაწილეოდნენ.

ასე წარმომიდგენია უახლესი ისტორიის დაწერა, ბევრი და განსხვავებული ადამიანის მონაყოლით.

გადაცემაში მოწვევის სპეციფიური სტანდარტი მაქვს.

ვისთანაც მართლა მაინტერესებს საუბარი იმას ვიწვევ და იმ თემაზე, რაც მართლა მაინტერესებს.

ვისაც ჩემთან სტუმრობა უნდა, საინტერესო და ნამდვილი ისტორიები უნდა მოყვეს.

სტუმრად მოწვევა ჩემგან პატივისცემასაც ნიშნავს - თუ გინდა გულწრფელი ისტორიები მოისმინო, მოსაუბრეს პატივი უნდა სცე. მე ასე ვუყურებ.

ძალიან ყურადღებით ვუსმენ სტუმრებს, ჯერ-ჯერობით, გუწრფელობა, მეტნაკლებად ყველა სტუმარმა შეძლო.

კიდევ ბევრია სალაპარაკო.

ასამდე სტუმარი მაინც მეგულება, ვისი მონაყოლიც უახლესი ისტორიის გასააზრებლად მნიშვნელოვანი მგონია.

საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე, გადატრიალებასა და საერთოდ 90-იან წლებზე ბევრი გვაქვს სალაპარაკო, უახლესი ისტორია არ ვიცით და მონობაში დაწერილი ისტორიის სწავლას ვაძალებთ ბავშვებს.

ვეცდები ყველა იმ ადამიანს მოვაყოლო თავისი თვალით ნანახი, ვინც 80-იან და 90-იან წლებში ქართულ პოლიტიკას ქმნიდა.

თანამედროვე ისტორიის წერა ასე წარმომიდგენია, ბევრი ისტორიული პერსონაჟის მიერ მოყოლით.

ბევრი სხვადასხვა გემოვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების ადამიანის თვალით ნანახ საქართველოს ისტორიას მოგასმენინებთ. ჩათვალეთ, საარჩევნო დაპირებაა.

„პროცესი“, პარალელურად, ბევრ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებათ.

P.S. მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში ბევრი აზრიანი ადამიანი იკავებს თავს პოლიტიკის დაფინანსებაზე, მაგრამ აქამდე მათთვის არავის შეუთავაზებია ფულის ჩადება ისტორიის დაწერაში.

,,პროცესი“ ამას გთავაზობთ.

ხომ იცით, უფასო არაფერია, არც ეს პროდუქტი იქმნება უფასოდ.

მე იმდენად მინდა ისტორიის დაწერა, რომ მაინც დავწერ, მაგრამ თუ დამეხმარებით ერთად უკეთესი ხარისხით გავაკეთებთ

მინდა, ეს ჩემ დასახმარებლად კი არა, თქვენივე კომფორტისთვის გააკეთოთ. ასწორებს კარგი საქმის კეთება.

,,პროცესის“ ანგარიშის ნომერი იგივეა, რაც ,,ბიბლიური თავისუფლების“:

თიბისი ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE60TB7791136080100005

საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE74BG0000000101146034GEL
 

გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ #პროცესი.

,,პროცესი“ - სთვის შემოწირული თანხით თქვენ პარტნიორი ხდებით და სრულად ანაზღაურდება GeD-ებით.

გირჩის ყველა პროექტი, ანალოგიური პრინციპით იმუშავებს.

ვისაც რეკლამის განთავსების გზით გინდათ იგივეს გაკეთება, დაუკავშირდით მარია გეგეჭკორს, ძალიან კომფორტულად მოგემსახურებათ.

პროცესის ყველა დამფინანსებელს პირადად გავიცნობ. ასე შერჩეულ ხალხზე საინტერესო საზოგადოება ძნელად წარმომიდგენია.

გირჩის  სასამართლო

გირჩი თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაა, ცოცხალი ორგანიზმია.

ადამიანები ვართ და კონფლიქტებიც ხშირად გვაქვს. ეს ძალიან ადამიანურია და რაც უფრო გავიზრდებით რაოდენობით, მით უფრო მოიმატებს.

კონფლიქტი ადამიანურია, ის ყველას მოსდის და ასეთი საქმეების გასარჩევად მურუსიძის სასამართლოს იმედად ყოფნა არარაციონალურია.

ადამიანები თავიანთი დავის განხილვას უნდა ანდობდნენ იმას, ვისაც ყველაზე მეტად სჯერათ.

ბუნებრივი წესრიგი ასეთია.

ამისთვის გვჭირდება სანდო სასამართლო.

ვგრძნობ, რომ ჩემი გასაკეთებელია.

ჯერჯერობით იდეა არსებობს, მაგრამ შესაბამისი დრო  და რესურსი არ გვაქვს. პლატფორმა გვაქვს გასაშვები და სკოლა გვაქვს გასაკეთებელი.

მერე გავაკეთებთ.

ვახომ და ჯაფარამ საჯარო შეთანხმება დადეს, თუ მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, მე გავარჩევ, გირჩის სასამართლოში. ეს ,,პროცესის“ პირველ გადაცემაში მოხდა.

(ასეთი კლიენტები როცა გყავს, უხერხულია სასამართლო არ გქონდეს).

GeD -ები რო გაეშვება, ამ სფეროში წარმოშობილი დავების განსახილველადაც გვჭირდება აზრიანი სასამართლო.

ჩვენს სასამართლოში ბაჟის შეტანა ჯედებით იქნება შესაძლებელი.

ვისაც სასამართლოს პროექტის დაფინანსება გინდათ შეგიძლიათ ისევ ,,ბიბლიურ თავისუფლებას“ ჩაურიცხოთ და ამჯერად გადარიცხვისას, #სასამართლო მიუთითოთ.

თქვენ უნდა გვიკარნახოთ პრიორიტეტები. ინდივიდუალური პროექტის დაფინანსება, პრიორიტეტების კარნახის, ყველაზე სერიოზული და ადეკვატური გზაა.

მხოლოდ პარტნიორებთან ვგრძნობ თავს დავალებულად.

ძალიან ბუნებრივია, ხო გესმით.

სასამართლოს საკითხზე სერიოზულ თანამოაზრეებთან ურთიერთობაც საინტერესო იქნება, ჩემი აზრით. ამ ნაწილშიც საზოგადოება გვაქვს ჩამოსაყალიბებელი, სასამართლოს უკან მდგომი საზოგადოება განსაზღვრავს სასამართლოს რეპუტაციას.

#საბომეფედ

საბო გირჩში თავიდანვე  იყო. თითქმის ერთად მოვედით.

გირჩის ხმა იყო და ჩვენს ვიდეოებს ახმოვანებდა.

მერე საგანმანათლებლო თარგმანები ჩაიბარა და მილტონ ფრიდმანი ქართულად თავისი ხმით აალაპარაკა.

ჩემი აზრით, ვერავინ ახმოვანებს საბოზე უკეთ ქართულად.

საბოს ტელევიზიებში სიარული არ უყვარდა, როცა დადიოდა, ფაქტობრივად იძულებით დადიოდა. ეს ძალიან უშლიდა ხელს გახსნილიყო.

კამპანიის დასაწყისში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, საბოს პოლიტიკა ნამდვილად უნდოდა თუ არა, მაგრამ იმის მჯეროდა, რომ თუ მოუნდებოდა გამოუვიდოდა.

კამპანიის დროს ძალიან გაიზარდა, იგრძნო, რას ნიშნავს ნამდვილი პასუხისმგებლობა, როცა მთელი გუნდი შენზე თამაშობს.

საბოს არჩევნები ყველა ჩვენგანის შანსი იყო საბოს გავლით გვეთქვა სათქმელი, მე ტექსტებს ვწერდი ვიდეოებისთვის, ჯაფარა კარდაკარ დადიოდა, საბოსთან ერთად.

ვახომ საბოს ყველა კონკურენტი მოიწვია თავისუფალ ბაზარში, პარალელურად დავდიოდით ეთერებში.

,,გადმოეწერე მთაწმინდაზე“ დავიწყეთ, უკანონოდ შეგვიჩერეს.

ამ პროცესში გულშემატკივრები და მხარდამჭერები გავიცანით, ჩვენნაირი ხალხი.

ეს ხალხი ჩვენი  მისიონერები და დამკვირვებლები იყვნენ, უფასოდ გვეხმარებოდნენ.

საბო გირჩის დეპუტატის მოდელური სახე იყო, ასეთი წარმოგვიდგენია გირჩის დეპუტატი.

ჰერმან საბოს თუ კარგად გაიცნობთ, მიხვდებით რომ ყველაზე ქართველი კაცია, ვისაც აქამდე შეხვედრიხართ, ამის ასე ახსნა მიჭირს, შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ.

კრეატიული და თანამედროვე კამპანია გვქონდა, კარდაკარ სიარულს თუ არ ჩავთვლით.  ამას,  როგორც ჩანს, დიდი აზრი არ აქვს, გატყუებენ.

საბომ 5% მდე აიღო, მეტს ველოდებოდით და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექით.

მთაწმინდელებმა ლადო კახაძე აირჩიეს.

კამპანიის დროს საბო ძალიან გაიზარდა და პოლიტიკით მოიწამლა, ეს იყო ამ არჩევნების მთავარი დადებითი შედეგი.

სუსი

სულ გვჯეროდა რომ სუსი გვისმენდა, სსრკ-ში დაბადებულებმა ვიცით რომ ვიღაც აუცილებლად მოგისმენს.

ასეთი ქვეყანა გვერგო.

თავიდანვე შევთანხმდით, რომ შეუძლებელია ჩვენნაირ ხალხს რამე საიდუმლო დაემალა ვინმესთვის და მით უმეტეს სუსისთვის.

გადავწყვიტეთ ისე მოვქცეულიყავით, თითქოს ერთ-ერთი ჩვენგანი არის სუსის ჩანერგილი, მაგრამ არ ვიცით რომელი და თუ არაფერი გვექნებოდა დასამალი ერთმანეთთან, სუსსაც მობეზდრებოდა ჩვენი თვალიერება.

გადავწყვიტეთ, რომ მირიანი ჰგავდა ყველაზე მეტად სუსის თანამშრომელს (ეს სუსის მიმართ უზარმაზარი კომპლიმენტია) და კარგა ხანი დილის გამარჯობის ნაცვლად, მირიანს ვეკითხებოდით, რა ხდებოდა სუსში ახალი.

ხუმრობა გვქონდა ასეთი.

სხვადასხვა დროს ვიღაცებზე ამბობდნენ შემოგზავნილიაო, სისტემამ ყოველთვის იცოდა რას ვაკეთებდით ან რის გაკეთებას ვაპირებდით, ჩვენც არასოდეს გვიცდია რამის დამალვა.

(შეცდომებიც მოსდიოდათ მაგ. ნიკა ქავთარაძის დაჭერა შვილის ფეხბურთზე, რომელიც გირჩიდანაც კი თვეების წასული იყო)

ვისზე არ გაიგებ რომ სუსის კაცია, ერთხელ ერთ ჩემს ძველ მეგობარზეც მითხრეს. არაფერი არ არის ზოგადად გამორიცხული, მაგრამ არ დამიჯერებია. არც არაფერს ცვლიდა, მაგრამ ეგეთ კაცს არ ჰგავს.

თანამშრომლის მოცდენაა გირჩში აგენტის მიგზავნა, ახალს ვერაფერს გაიგებს, ყველაფერს საჯაროდ ვსაუბრობთ მაინც, ამით ვიცავთ თავს.

სუსს ბევრ რამეს აბრალებენ, მაგრამ მათ შორის თუ რამეა მართალი, ალბათ ის რომ სისტემა სუსის მეშვეობით, პოლიტიკას ფულს არ აკარებს, რითიც მმართველ ძალას ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში.

(სხვათაშორის, თუ ასეა, ცუდად გამოსდით - მაინც სულ იცვლებიან ხელისუფლებები).

ერთი რამ ფაქტია, პოლიტიკაში არავინ დებს ინვესტიციას.

მაგიტომაც აქვს დარხეული ამ სფეროს.  ბიუჯეტის ფულზე ზის.

სიმართლე გითხრათ, მხოლოდ სუსის ბრალი არ მგონია ეს.

არავის არ შეუხედავს პოლიტიკისთვის, როგორც საინვესტიციო სფეროსთვის. არც სისტემა იძლეოდა ამის საშუალებას და არც პოლიტიკოსები.

ჩვენ გვინდა გირჩი ინვესტორებისთვის მომგებიანი პოლიტიკური ბიზნესი იყოს, სადაც სუსის მიერ შესაძლო ხელშეშლა, ერთ-ერთი რისკფაქტორია.

შემდეგ თავში ვეცდები ავხსნა, როგორ და რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია პოლიტიკაში ამ ფაქტორის მიუხედავად.

 

მესამე ნაწილის დასასრული.

ჩემი თვალით დანახული გირჩის ისტორია - პირველი და მეორე ნაწილი.

კომენტარები