სიახლეები

სანდრო რაქვიაშვილის ბლოგი ნამახვანჰესზე

ის, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის არიან ადამიანები სრულიად ანტიცივილიზაციური და ნაციონალისტური პოზიციით, არ ნიშნავს, რომ მეორე მხარეს მყოფი, ჰესის მშენებლობის მხარდამჭერები ავტომატურად მართლები არიან. პირიქით, ამ ჰესის მშენებლობის კონტრაქტის თანახმად სრულიად რეალობას მოკლებული იქნება, რომ ამ პროექტს ბიზნესი ვუწოდოთ. რეალობაში, ეს არის (როგორც ბევრი სხვა პროექტი ენერგეტიკაში, ამ თუ ნებისმიერ წინა ხელისუფლების დროს), დიდი ალბათობით კორუფციული პროექტი, რომლის მომგებიანობა მხოლოდ მთავრობის მხრიდან სუბსიდირებით და პროტექციონიზმით არის განპირობებული. მაგალითად, 15 წლის მანძილზე მთავრობა ვალდებულია ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირად შეისყიდოს (6.2 ცენტად), ვიდრე ელეტროენერგიის იმპორტი გვიჯდება (5 ცენტი). ანუ მთავრობა ადგილობრივ, არაეფექტიან წარმოებას ახალისებს ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადების ხარჯზე. ჰესი ასევე დაცულია მოგების შემცირებისგან, რაც კანონების ან გადასახადების ცვლილებამ, ან სახელმწიფო ინსტიტუციის ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს. ფაქტობრივად ეს პროექტი რაიმე ბიზნეს-რისკებისგან დაცლილია და არც შეიძლება ბიზნესად იყოს მოხსენებული.

სხვა სიტყვებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კი არ არიან პრობლემა, არამედ მთავრობა, რომელიც ბუნდოვან, ეკონომიკურად გაუმართავ კონტრაქტებს აფორმებს. მეტიც, პრობლემაა სემეკის არსებობა, რომელიც ტარიფებს არეგულირებს და ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, რომ ელექტროენერგეტიკა, ან, მაგალითად, წყლის მომარაგება, არ გახდეს კონკურენტული ბიზნესი და დარჩეს არაეფექტიან, სუბსიდირებაზე, ანუ მთავრობის კეთილ ნებაზე ჩამოკიდებულ და მართვად ბიზნესებად. პრობლემაა ჩვენი კონსტიტუცია, სადაც სრულიად აზრსმოკლებული ჩანაწერები გვაქვს მიწის გაყიდვაზე და ასევე ის ხალხი, რომელიც მხარს უჭერდა უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვას. პრობლემაა სასამართლოს არარსებობა, სადაც ადამიანები თავის კონფლიქტს მოაგვარებდნენ და მიტინგები არ დასჭირდებოდათ. პრობლემაა, რომ მიწა მოქალაქეების კი არა, სახელმწიფოს საკუთრებაშია და ბიუროკრატები წყვეტენ, თუ ვის უნდა მიყიდონ მიწა და რა პირობით. პრობლემაა, როცა კორუმპირებულ და გადასახადების გადამხდელების კისერზე მჯდომ პარაზიტებს ბიზნესმენებს უწოდებენ და ამით ბიზნესმენების კეთილ სახელს აფუჭებენ - ბიზნესმენების, რომელზეც 100% არის დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.

ამიტომ ნამახვან ჰესის შემთხვევა არა მორიგი დაპირისპირებისათვის უნდა გამოვიყენოთ, რომ „ბნელები“, „მოღალატეები“, „პროგრესისტები“ თუ „პატრიოტები“ ვუწოდოთ ერთმანეთს, არამედ ამ სიტუაციის გამომწვევ ფუნდამენტურ პრობლემებს მივხედოთ და ისინი მოვაგვაროთ, რომ მომავალში ამგვარი დაპირისპირება ავიცილოთ თავიდან.

ხოლო, აშენდება თუ არა ნამახვანჰესი, არც ისე მნიშვნელოვანია. არც მისი აშენება გაგვამდიდრებს, არც მისი არაშენება გაგვაღატაკებს. თუმცა, რადგან კონტრაქტი გაფორმებულია, ჯობია, კონტრაქტი შევასრულოთ და ჰესი აშენდეს, მაგრამ ამასთან ერთად ენერგია იმაზე უნდა დავხარჯოთ, რომ მეტი მსგავსი კონტრაქტები არ ფორმდებოდეს, სემეკი და ელექტროენერგიის ბაზარზე შესვლის ბარიერები გაუქმდეს, მიწა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს, ხოლო კერძო საკუთრება პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან დაცული გახდეს.

                                                                                                                                                  ავტორი: სანდრო რაქვიაშვილი

კომენტარები