მინდა ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე, რაც მართლა გვაწუხებს ჩვენ და ამ ქვეყანას - იაგო ხვიჩია

გირჩი დღეს პარლამენტში უკვე ოფიციალურად შევიდა.

იაგო ხვიჩიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში პირველი სიტყვაც წარმოთქვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პირველ რიგში ყველას გილოცავთ ამ შეთანხმების მიღწევას, საკუთარ თავსაც, ჩემს ოპონენტებსაც და ხელისუფლებასაც და მე მინდა, რომ ამ შეთანხმებამ ქართულ საზოგადოებას იმედები არ გაუცრუოს და მართლა შევრიგდეთ.

მე მინდა, რომ ნიკა მელია აქ იყოს, თან მალე და მზად ვარ ეს პროცესი ჩვენი შერიგებით დაიწყოს.

მინდა ამ დარბაზში მსხდომი ხალხი მომავალში ერთმანეთის დაჭერაზე სანამ კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ ისე რომ არ გამოგვივიდეს, რომ მოყვასს ის გავუკეთოთ, რაც არ გვინდა რომ ჩვენ გაგვიკეთონ.

მინდა ამ დარბაზში რეალური პოლიტიკა კეთდებოდეს და ეს ნამდვილად პარლამენტი იყოს, დიდი ხანია ეს შენობა იმ გაგებით პარლამენტი არ ყოფილა რა გაგებითაც მე პარლამენტი წარმომიდგენია.

მინდა შევძლოთ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული საღი აზრის დანახვა და უარი არ ვთქვათ მასზე მიუხედავად იმისა, თუ ვის თავში დაიბადა ის.

მინდა ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე, რაც მართლა გვაწუხებს ჩვენ და ამ ქვეყანას.

მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა და პატიება შევძლოთ, არ შეიძლება ადამიანურობაზე უარის თქმა.

მინდა უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ ისხდნენ, ეს უბრალოდ საშინელებაა და მინდა მომავალში მომისმინოთ, თუ რატომ მგონია მაგალითად რატომ მგონია ნარკოტიკების მომხმარებლები უდანაშაულონი, სისხლის სამართლის მიზნებისთვის რასაკვირველია.

მინდა ახალი ქართული მართლმსაჯულების სისტემა, ნაცვლად საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემისა.

მინდა თავისუფალი სკოლა, სადაც მოსწავლე დიდების თანასწორი ადამიანია და მას, როგორც უუფლებოს არ უყურებენ.

და ბოლოს ძალიან მინდა ისე როგორც დღეს გადავდგით ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ისე გადავდგათ ნაბიჯი ეკონომიკური კრიზისის განსამუხტავადაც. ეკონომიკას არაფერი ეშველება მანამ, სანამ ადამიანები ჩაკეტილები არიან და მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ვუკრძალავთ, ამიტომ თუ გვინდა დავრესტარდდეთ, ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ და ქვეყანა უნდა გავხსნათ.

ჩემი სურვილების სანაცვლოდ , როგორც პირველ დათმობაზე რომ წავიდე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირბადეებს არც ამ დარბაზში და არც სხვაგან არ ვატარებთ, კორექტულობის და მეგობრობის ნიშნად ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს გირჩის წარმომადგენლები ვწყვეტთ და  ამ გამოსვლის შემდეგ, პირბადეები დარბაზში გვეკეთება.

მადლობა ყურადღებისთვის, იმედი მაქვს თქვენი თანამშრომლური დამოკიდებულების.

 



კომენტარები