სიახლეები

201 Views
პოლიტიკა

გიორგი ლომინაძე: ნულოვანი ბარიერი კონსტიტუციურად უნდა დაკანონდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ბაზრის" დამფუძნებელი გიორგი ლომინაძე სოციალური ქსელით ახალ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხმიანება, ლომინაძის თქმით ნულოვანი ანუ "ბუნებრივი" ბარიერი ჩვენს რეალობაში ყველაზე სამართლიანი სისტემაა :

გრიგოლ ვაშაძემ ისარგებლა იმით, რომ გუშინდელ აქციაზე არაფერი თქმულა ე.წ. ნულოვან (ანუ, "ბუნებრივ") ბარიერთან დაკავშირებით და ეს-ესაა ამ საკითხს აქციის მონაწილეებისთვის მეთორმეტეხარისხოვანი უწოდა.

ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის უმნიშვნელო საკითხი და, შესაბამისად, აქციის ორგანიზატორები დიდ შეცდომას უშვებენ იმით, რომ მას აქციისთვის არაპრიორიტეტულად და პოლიტიკოსების გადასაწყვეტად აცხადებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად გამოდის ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგ, რადგან ბარიერის საშუალებით სურს პატარა პარტიებისთვის ხმების წართმევა და უსამართლოდ პრივილეგირებული ოპოზიციური პარტიის როლის შენარჩუნება, და ამას პრორუსული პარტიების პარლამენტში შესვლის საფრთხით აპრავებს.

როგორც გიორგი ლომინაძე წერს, ბარიერის დაწესება იმ მიზნით, რომ შენთვის არასასურველ პარტიებს ხმები წაართვა და პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცე, უსამართლობაა.

ნულოვანმა ბარიერმა, შესაბამისი რაოდენობით ხმების მიღების შემთხვევაში (ყველა ხმის, მინიმუმ, 0.67%-ის, ერთი მანდატის მისაღებად), სხვა მცირე პარტიებსაც შეიძლება მისცეს პარლამენტში შესვლის და დაბალრეიტინგული პრორუსული პარტიების დაბალანსების ან, უფრო მეტიც, გადაფარვის საშუალება.

ამდენად, ბარიერის საშუალებით ხმების წართმევა უსამართლობაა არა მხოლოდ დაბალრეიტინგული პრორუსული, არამედ ყველა სხვა პარტიის მიმართაც. ამას გარდა, ეს პრორუსული პარტიები, ჯობია, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები, თუკი მათ ამომრჩევლები ხმას მისცემენ, იმის ნაცვლად, რომ უსამართლოდ წაერთვათ ხმები და პარლამენტის გარეთ ცდილობდნენ საკუთარი მიზნების მიღწევას.

და რაც მთავარია: საარჩევნო ბარიერის მოთხოვნა საფრთხის ქვეშ აყენებს თავად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას, რაც აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ხოლო ხელისუფლება ამ ცვლილებას ნულოვანი ბარიერის პირობით დათანხმდა.

წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალ პროპორციულ საარჩევნო  სისტემაზე გადასვლა, გუშინ, 24 ივნისს დააანონსა, ბიძინა ივანიშვილმა. ეს პარლამენტთან მდგომი აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ. ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებში, მათმა უმრავლესობამ ხელისუფლება კვლავ გააკრიტიკა ნულოვანი ბარიერის დაწესების გამო.

გირჩი ეთანხმება "ბუნებრივი" ბარიერის პრინციპს და ყველაზე სამართლიან მეთოდად მიიჩნევს, არსებულ სისტემებს შორის.

კომენტარები