სიახლეები

კოტე იოსელიანი: პოლიციელების უმეტესობას კოგნიტური დისონანსი აქვს

პოლიციელების უმეტესობას კოგნიტური დისონანსი აქვს. ვერ ჩამოყალიბებულან, პოლიციელები არიან თუ ძველი ბიჭები

- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კოტე იოსელიანმა ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში, „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.

იოსელიანმა და მეგრელიშვილმა 20 ივნისის, ე.წ. „გავრილოვის ღამე“ გაიხსენეს, ისაუბრეს პოლიციისა და აქციის მონაწილეების ქმედებებსა და დაკავებებზეც. ენმ-ს წევრის განცხადებით, იმ ღამით სამართალდამცველები მოქალაქეებს თავიანთი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში ედავებოდნენ.

დაკავებულ ხალხს ეჩხუბებოდნენ, აქციაზე რატომ მოხვედიო. აგრესია ორივე მხრიდან იყო და სახელმწიფოს ამ აგრესიული ფონის ჩაქრობის არანაირი მცდელობა არ ჰქონია

გადაცემაში კოტე იოსელიანმა საკუთარი დაკავებაც გაიხსენა. ამბობს, რომ უბრალოდ შეხლა-შემოხლაში მოყვა და პარლამენტის ეზოში მყოფ იმ ავტობუსშიც, სადაც დაკავებულ ხალხს სვამდნენ, სრულიად შემთხვევით მოხვდა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იქ მყოფმა პოლიციელმა დაკავების ოქმი გააყალბა.

ადამიანმა, რომელიც აქციაზე საერთოდ არ იყო, დაკავების ოქმში ჩაწერა, რომ თითქოს მე სადღაც ვიქცეოდი ცუდად, მან ეს დაინახა, მოვიდა და დამაკავა

იოსელიანმა „თავისუფალ ბაზარში“ საპროტესტო აქციაზე მისვლის მოტივებზეც ისაუბრა.

აქციაზე სრულიად გააზრებულად მივედი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, „ქართული ოცნების“ პრაქტიკები ძალიან მიუღებელია. ვიღაცამ შეილება გავრილოვის ვიზიტი გააპროტესტა, მაგრამ ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ყოველთვის ვხედავდით რას აკეთებდა

კომენტარები