სიახლეები

88 Views
პოლიტიკა

ISFED: არჩევნებზე ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ნულოვანი ბარიერი გარკვეულ რისკებს ქმნის.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში. მათივე თქმით, ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. "სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში, შესაძლოა, გართულდეს მთავრობის ფორმირება ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დააანონსა. სწორედ ეს მოთხოვნა ჰქონდათ, პარლამენტთან მდგომ აქციის მონაწილეებს ხელისუფლებასთან. გირჩი ამ ცვლილებას მიესალმება და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

საპროტესტო აქცია, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ კვლავ გრძელდება. მომიტინგეები გიორგი გახარიას გადადგომას და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები