ერთი დღის ამბავი

როგორ მოვხვდი პარლამენტის ეზოში გაჩერებულ ყვითელ ავტობუსში?


ხუთშაბათს ღამე პარლამენტის წინ ტელეფონით ფეისბუკ-ლაივს ვიღებდი. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩიტაძის ქუჩის დასაწყისში აღმოვჩნდი პიონერთა სასახლის კუთხესთან. ყველა მიმართულებით უკვე მხოლოდ პოლიციელები მოძრაობდნენ. რობოკოპების და სპეცდანიშნულების ფორმიანები თავისუფლებიდან რუსთაველისკენ, პოლიციელების დიდი ჯგუფი პარლამენტის წინ მოედნიდან ჩიტაძისკენ.
ღობესთან ხუთი თუ ექვსი პოლიციელი მარტო მდგომ ახალგაზრდას მივარდნენ, წააქციეს, ხელები ამოუტრიალეს და თან ძველბიჭურად „აკაჩავებდნენ“. ამ დროს ლაივი ჩართული აღარ მქონდა. შემთხვევითი თვითმხილველი აღმოვჩნდი. ახალგაზრდის დაკავების ერთ-ერთმა ინიციატორმა შემამჩნია ერთადერთი უფორმო ადამიანი ახლომახლო და სხვებს ჩემზე მიუთითა - „ესეც დავიჭიროთო“. 
ახალგაზრდასთან შედარებით ცივილურად გადამიგრიხეს ზურგს უკან ხელები და სამმა ჯანიანმა სწრაფი ნაბიჯით, გეგონება ძალიან ეჩქარებოდათ „სამართალდამრღვევის“ იზოლირება, სწრაფად ამარბენინეს ჩიტაძის აღმართზე.
პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელიდან მე და ჩემი ზედამხედველი პოლიციელი მივედით ეზოში ჩამწკრივებულ ყვითელ ავტობუსებთან. აქ დამადეს პლასტმასის ხელბორკილი და ჩამსვეს ერთ-ერთ ყვითელ ავტობუსში.


პარლამენტის ეზო - ყვითელ ავტობუსში


ყვითელი ავტობუსი ნახევრად უკვე სავსე იყო. აღშფოთებული ადამიანები ემოციურად ლაპარაკობდნენ. საკუთარი დაკავების ისტორიების ემოციურ მომენტებს უზიარებდნენ ერთმანეთს და ხელისუფლებას ან გახარიას აგინებდნენ. ავტობუსი ნელ-ნელა შეივსო ხელბორკილებ-დადებული ადამიანებით. ბოლოსკენ ამოვიდა ადამიანი, რომელიც სპეციფიკურად ლაპარაკობდა და ამოსვლისთანავე მიიქცია ჩემი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სხვების ყურადღებაც. ძველბიჭური ტონით მხოლოდ ის ცდილობდა პოლიციელებთან საუბარს.
პოლიციელის ადამიანობის მაქსიმუმი ზურგზე გაკეთებული მჭიდროდ მოჭერილი პლასტმასის ხელბორკილის ოდნავ მოშვება იყო. რითიც ბევრმა ვისარგებლეთ და დავუფასეთ. საერთო განწყობის მიხედვით პოლიციელებისთვის უდანაშაულობის მტკიცებას ან თავის შეცოდებას აზრი არ ქონდა. გასაგები იყო რომ ისინი მზად იყვნენ მიღებული დავალება შეესრულებინათ.
ჩვენგან განსხვავებით, ბოლოსკენ ამოსული, რომელსაც სოსო ერქვა, გაუჩერებლად ცდილობდა ავტობუსის კარიდან პოლიციელების საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებას. უყვებოდა რომ ვიღაცეებმა ცემეს და ამ ავტობუსში მას არაფერი ესაქმება და საერთოდ არ იცის რა ხდება და რატომ არის აქ.
სოსო ემოციურად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცდილობდა მოეყოლა თავისი ამბავი, რომლის სხვადასხვა მონაკვეთს გაუჩერებლად უმეორებდა ხან ერთ ხან მეორე პოლიციელს, რომლებიც იგნორის რეჟიმში უემოციოდ იდგნენ ავტობუსის წინა და უკანა კართან. 
პარლამენტის ეზოს დატოვების მომენტისთვის ავტობუსში პოლიციამ 28 ადამიანი დაგთვალა, საიდანაც 5 თუ 6 პოლიციელი და დანარჩენი დაკავებულები ვიყავით.
გაღიზიანებულმა და ტრავმის გამო ტკივილით გამწარებულმა ერთ-ერთმა დაკავებულმა სოსოს ონდავ უხეშად მიანიშნა, რომ პოლიციელებთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა. თანამგზავრის შენიშვნამ სოსო გააღიზიანა და პოლიციელებს მიუბრუნდა: 
ხო ხედავთ მე არაფერ შუაში ვარ ამ ყლეებთან (ანუ დანარჩენ დაკავებულებთან), არანაირი საქმე არ მაქვს, მე სხვა სამყაროდან ვარ და გამიშვითო.
სოსოს ეს გამოხტომა იმდენად არაადეკვატურობამ მომეჩვენა, რომ ვიფიქრე მთვრალი ან უბრალოდ გიჟია თქვა. ფიქრებში გართული  გარშემომყოფებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი ვიდრე ყვითელი ავტობუსი კრწანისის პოლიციის ეზოში არ გაჩერდა.


კრწანისი პოლიცია


პოლიციის ეზოში გაოფლილი ხელები რაღაცნაირად გამოვაძვრინე პლასტმასის ბორკილებიდან და მობილური ტელეფონის გამოყენება მოვახერხე, ლოქეიშენით იაგოს მივანიშნე სად ვყავდი პოლიციას. ლაივების მერე ტელეფონი მიჯდებოდა. სიჩქარეში როგორც ჩანს ან ვერ დაამენეჯმენტეს ტელეფონების ჩამორთმევა ან შესაბამისი ინსტრუქცია არ ქონდათ მიღებული. 
ავტობუსიდან დაკავებულები რიგ-რიგობით შევყავდით პოლიციის განყოფილებაში. ბოლოსკენ შემიყვანეს და ინსპექტორ გამომძიებელ ვინმე დავით ნატროშვილს ჩამაბარეს. დათოს იგივე უნდა დაეწერა რაც აბსოლუტურად ყველა პოლიციელს ამ განყოფილებაში. ყველანი იდენტურად ვხულიგნობდით (შესაბამისი მუხლი ადმინისტრაციული კოდექსის) და არ ვემორჩილებოდით პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას (ასევე შესაბამისი მუხლი). სულ ეს იყო.
მთელი ღამის განმავლობაში კრწანისის პოლიციის განყოფილება წერდა ორ აბზაცს. ხელით იყო დასაწერი და ეტყობოდათ უჭირდათ. რამდენიმე წერა-კითხვის უკეთ მცოდნე ზედამხედველობდა ინსპექტორ-გამომძიებლების შრომას.
სისტემა ურჩების დასასჯელად ემზადებოდა. თანამშრომლები თვალებში არ გვიყურებდნენ.
ვერ ვიტყვი რომ პოლიციელებს დიდი ენთუზიაზმი ეტყობოდათ, მაგრამ რამე პროტესტიც არ შემიმჩნევია. ადამიანურად იქცეოდნენ და ტუალეტში ან სიგარეტის მოსაწევად გასვლის თხოვნებს უსიტყვოდ გვისრულებდნენ.
მე და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ახალი სახე კოტე იოსელიანი გვერდი-გვერდ მაგიდებთან აღმოვჩნდით. გამიხარდა კოტეს გაცნობა, გამახსენდა რომ ჩემი და იაგო ხვიჩიას დაჭერის დროს იშვიათი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საჯაროდ გამოჩნდა გირჩების აქციაზე. კოტეს გულწრფელი მადლობა გადავუხადე ერთი წლის წინანდელი მხარდაჭერისთვის.
კოტეს ინსპექტორ-გამომძიებელმა ხელი გამომიწოდა და მითხრა რომ პატივს მცემდა. როგორც ჩანს ბექგრაუნდში მაინც გაღიზიანებულმა ვუპასუხე, რომ სამაგიეროდ მე არ ვცემდი პატივს სისტემას სადაც ის მუშაობდა. რაზეც მიპასუხა რომ იცოდა და მშვიდად, უემოციოდ გააგრძელა თავისი საქმე.

ღამე კრწანისის პოლიციაში


დათოს ვუკარნახე სახელი გვარი და მამის სახელი, (პოლიციაში ჯერ კიდევ სავალდებულო გრაფად აქვთ მამის სახელი შემორჩენილი), დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილური. სულ ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩემს შესახებ აინტერესებდა. მას შემდეგ რაც დაასრულა ორი აბზაცის წერა, მშვიდად შემომთავაზა წამეკითხა და ხელი მომეწერა თანხმობის შემთხვევაში. 
ეწერა რომ ვხულიგნობდი არ ვემორჩილებოდი. დათოს მშვიდად ვკითხე თუ იცოდა რომ რაც გააკეთა სისხლის სამართლის დანაშაული იყო? მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა რაც ალბათ ნიშნავდა რომ მე თუ შეგნებული ადამიანი ვიყავი ისედაც უნდა მივხვედრილიყავი რომ მასთან საუბარს აზრი არ ქონდა. მას ასეთი როლი ქონდა, ხოლო მე ჩემს როლს უნდა შევგუებოდი. ეს ადამიანი ნამდვილად არ იყო ჩემი პრობლემის წყარო და მეც უემოციოდ უარი ვუთხარი ხელმოწერაზე.
პოლიციის განყოფილებაში სასწრაფოს ბრიგადის ექიმები და სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი იყო.
ჩემს მოპირდაპირედ მაგიდასთან სოსო და მისი „დამკავებელი“ პოლიციელი იყვნენ განთავსებული. სოსო კაი ხანი ექიმს და დამაწყნარებელს ითხოვდა და როგორც ჩანს სასწრაფოს ექიმებმა რაღაც დამამშვიდებელი გაუკეთეს. შემდეგ მისი ხმა რაღაც პერიოდი არ ისმოდა, როგორც ჩანს ჩაეძინა. მეც ჩამომეძინა მაგიდაზე და მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
იგივე ისტორიის ნაწყვეტებს ყვებოდა რასაც ავტობუსში, მაგრამ ამჯერად ბევრად ყურადღებით დავიწყე მისი მოსმენა. ჩემს წინ გადმოჯდა. აშკარად დასვენებული ლაპარაკის ხასიათზე იყო მოსული. დაკავებულებმა და პოლიციელებმა ერთხმად აღნიშნეს რომ სოსო „მოიხოდა“.
ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა. ცნობისმოყვარეობით და ყურადღებით შევხედე. ვცდილობდი მეჩვენებინა სმენის მზაობა და კითხვაც დავუსვი, როგორ შემდეგში გავარკვიე ბრიყვული - რას საქმიანობ მეთქი ვკითხე. 
დაკვირვებით შემომხედა. გამოხედვაში იკითხებოდა შენ ბიჭო სულელი ხომ არ ხარო? 
მაგრამ სოსოსაც ლაპარაკი უნდოდა და ჩემი შეკითხვა საბაბად გამოიყენა თავის ისტორიის მოსაყოლად. თითქოს მის გარშემო მჯდომ რამდენიმე ადამიანს გვიყვებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელ განყოფილებას ესმოდა. აღარავის აღარ შეუწყვეტინებია.


სოსო


მხოლოდ სოსო ლაპარაკობდა, არამხოლოდ ლაპარაკობდა ფიზიკურადაც როლს თამაშობდა, დგებოდა და მონაყოლის კონტექსტში მიდიოდა პოლიციელთან და მას ერთკაციანი სპექტაკლის სცენარში მეორეხარისხოვან როლს ასრულებინებდა მაყურებლებისათვის აზრის უკეთესი დემონსტრაციის მიზნით.
სოსო ყვებოდა ნაწყვეტებს საკუთარი ცხოვრებიდან. ნელ-ნელა დაგვანახა მისი თვალით დანახული სამყარო და მდგომარეობა რომელშიც ჩვენთან ერთად აღმოჩნდა.

სოსო ნამდვილი კრიმინალი იყო, 13 წელი იჯდა მოპარვაზე. ახლა ხანს შვეიცარიიდან დაბრუნდა. ასე მოუწია. წასვლის პრობლემა არ აწუხებს, პროფესიონალია და ბევრი გზა იცის. სოსო თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არავის ცხოვრებაში არ ერევა, არც პატრიოტია და არც საზოგადოების ცხოვრებაში არ მონაწილეობს და ვერც კი წარმოუდგენია ჩვენნაირ ხალხთან რამე ფორმით ურთიერთობა. ოპიატური ნარკომანიის გამო მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაშია.
მისი საზოგადოებასთან ხელშეკრულების არსი ასე გამოიყურება:
იმის გამო რომ მას არ გაუმართლა დაბადებიდან, არ ყავდა მშობლები, რომლებსაც ის ეყვარებოდათ როგორც ჩვენ, სხვა ბავშვები, ბევრი უბედურება გადაიტანა ცხოვრების დაწყებისას და სამყაროზე გაბრაზებულმა აირჩია ქურდის და „კაი ბიჭის“ გზა. მორალი მდგომარეობს იმაში, რომ მას დანარჩენ საზოგადოებასთან აქვს შემდეგი შინაარსის ხელშეკრულება: ის თავისუფალია მორალური შეზღუდვებისგან, თავს აძლევს უფლებას მოიპაროს, სანაცვლოდ აღიარებს სისტემის უფლებას ის დაიჭიროს. სოსოს არც თვითირონიის დეფიციტი აღმოაჩნდა. ზოგადი მორალური მსჯელობის პარალელურად ის საკუთარ ადამიანურ ისტორიასაც სიამაყით გვიყვებოდა. ხმაში ეტყობოდა რომ ამაყობდა ხარისხიანი ბრენდების ტანისამოსით და ძვირადღირებული სათვალით რომლის ფასიც ევროშიც იცოდა და შვეიცარულ ფრანკშიც. ენაზე მედგა შეკითხვა მოიპარე თუ იყიდე მეთქი, მაგრამ არ გავრისკე, ვიფიქრე ამჯერად პირდაპირ მეტყვის „შენ ბიჭო ყლე ხომ არ ხარ რით ვერ გაიგე რომ ქურდი ვარო“?
იმ დღევანდელი ისტორია დალაგებულად ასე გამოიყურებოდა. სოსო გაგებაში არ არის ვინ არის გავრილოვი და ვინ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მას ღრმად ფეხებზე კიდია სამოქალაქო პროტესტი და არასოდეს ცხოვრებაში ასეთ აქციას ის არ გაეკარება. სახლში მარტო იყო და ავლაბრელმა მეგობარმა სახლში დაპატიჟა საღამოს ერთად გასატარებლად. დათანხმდა, კარგად მოემზადა, იბანავა, „დასტოინად“ ჩაიცვა, ტაქსი გააჩერა და წავიდა. 
ტაქსი სადღაც რუსთაველის მიდამოებში გაიჭედა გადაკეტილ ქუჩასთან, სოსო ჩამოსვა და ურჩია კოლმეურნეობამდე ფეხით ჩასულიყო და იქ სხვა ტაქსი გაეჩერებინა. ამანაც დაუჯერა და წავიდა. ცოტა ხანში ოცდაათამდე ადამიანმა ჩაურბინა კინაღამ წააქციეს, მერე პოლიციელებმა ჩამოირბინეს უკვე წააქციეს, ურტყეს და ყვითელ ავტობუსში მოიყვანეს. 
ამ ყვითელ ავტობუსში მისი თვალთახედვიდან განვითარდა ასეთი სცენა:
ის ცდილობდა პოლიციელებისთვის აეხსნა რომ ის მართლა კრიმინალია, ნამდვილი ქურდული სამყაროს წევრი, ახლა ავადაა ცოტა ხნის წინ ინსულტი მიიღო, ფეხი აქვს ახალი მორჩენილი და მისი ცემა არ შეიძლება. ჩვენნაირ „ყლეებთან“ ანუ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებთან მას არაფერი საერთო არ აქვს. ამ ამბის სერიოზულად გაგებინებას ცდილობდა მისთვის ასე ნაცნობი სისტემის წარმომადგენელი პოლიციელებისთვის.
მისი აზრით მას ქონდა უფლება პოლიციელებთან საკუთარი საქმე ჩვენი ჩარევის გარეშე გაერჩია. რაზეც ავტობუსში მას დავცინეთ, და ახლა გასაგებად პასუხს გვთხოვდა რას მერჩოდით რატომ დამცინოდითო? 
ნაწყენი იყო ჩვენზე. 
ჩვენი სისულელით შემთხვევით შევეჭერით მის სამყაროში. ჩვენი შიდა კონფლიქტი გადავიტანეთ მასზე რაც უაზრობად მიაჩნდა.
რაღაც მომენტში გაკვრით დაინტერესდა ჩვენი კონფლიქტითაც. გაიგო რომ ჩამოვიდა ვიღაც რუსი, რომლის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომა არ მოგვეწონა. ვერ გაიგო შინაარსი, მაგრამ არც ჩაგვძიებია.
ამ ყველაფრისთვის სხვა კუთხიდან რომ შეგეხედა დაინახავდით რომ პოლიციის განყოფილებაში სადაც ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანებს სისტემა ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის საბაბით გვსჯიდა, სოსო კამერებით აღჭურვილ პოლიციელებით სავსე განყოფილებაში ადამიანურად გვიყვებოდა თავის ისტორიას რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება 7-დან 10 წლამდე, როგორც ქურდული სამყაროს წევრობა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები


განყოფილებაში ორი სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო. მათ ჯერ კოტე იოსელიანი გაიყვანეს განყოფილების უფროსის კაბინეტში, შემდეგ მე. მოვუყევი ჩემი ამბავი. მოკლედ ჩაიწერეს. თქვენზე მშვიდობიანი პარტია არ არის ამ ქვეყანაშიო - კომპლიმენტივით მითხრა გიორგიმ, ორიდან ერთმა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მეორე გოგონამ წინასწარ გამზადებულ ფორმაში ჩემი გამოკითხვის წერა დაასრულა და მკითხა სახალხო დამცველთან შუამდგომლობა ხომ არ გექნებათო?
სოსოს მონაყოლის შთაბეჭდილების ქვეშ ვუპასუხე, სახალხო დამცველი სისტემის ნაწილი მგონია და თქვენთან თხოვნა არ მაქვს მეთქი. გიორგიმ, კოტე იოსელიანის პოლიციელის მსგავსად მშვიდად ზუსტად იგივე მიპასუხა -„ვიციო“.

სასამართლოსკენ


კრწანისი პოლიციის განყოფილების თანამშრომლების კვალიფიკაციაზე ჩემი დაბალი წარმოდგენის მიუხედავად, სისტემის სხვა განყოფილებებთან შედარებით უფრო ოპერატიულები აღმოჩნდნენ. უკვე ათის ნახევარზე საბუთების წერა დაასრულეს და ყვითელ ავტობუსში ჩაგვსვეს. სასამართლოსკენ ესკორტის თანხლებით, ამჯერად უფრო მშვიდად და რაც მთავარია ხელბორკილების გარეშე გავემართეთ.
ერთ-ერთი პირველები მივედით და თითქმის ცარიელ სასამართლოს სარდაფში ჩავედით. მალე სარდაფმა შევსება მაღალი ტემპით დაიწყო.
თორმეტი ადამიანი ხუთიოდე კვადრატულ მეტრიან საკანში აღმოვჩნდით. სადაც რუსული პ-ს მაგვარ სივრცეში შვიდი ადამიანი გვერდი გვერდ ჯდებოდა და კიდევ ხუთი ფეხზე დგომას ახერხებდა.
სოსომ გზაშივე დაიწყო წუწუნი. პოლიციელებს ახსენებდა რომ ავადაა, ინსულტი აქვს ახალი გადატანილი, მეთადონის პროგრამაშია და ექიმი ჭირდება. კამერაში დაძინებაც სცადა ჩვენზე მოყრდნობილმა, მაგრამ მალე ლომკა დაეწყო და ძალიან ცუდად გახდა. კამერიდან გარეთ გაიყვანეს და სკამზე დასვეს. ცდილობდნენ წყალი დაელევინებინათ. იტანჯებოდა, ბღაოდა და ნერწყვი გასდიოდა. 
სისტემამ ვერ დაამენეჯმენტა მასიურად დაკავებული სამართალდამრღვევებისთვის ტელეფონების ჩამორთმევა და დალუქვა. ამიტომ „კაცურად“ დაგვიტოვეს ოღონდ სანაცვლოდ გვთხოვეს მათი გათიშვა. ალბათ წარმოუდგენელია ასეთ მდგომარეობაში ტელეფონი გქონდეს და მისი ჩართვა არ მოგინდეს. საუბედუროდ ჩემი დილიდანვე დამჯდარი იყო. ერთ-ერთმა ტელეფონიანმა ვიდეო გადაიღო და გაავრცელა. როგორც ჩანს მალე სოსო ტელევიზორში აღმოჩნდა.
არ ვიცი რა კონტექსტით გავიდა ეს კადრები მედიაში, დღემდე არ მინახია, ალბათ სპეციალურად. მევალებასავით, რომ ვთქვა ადამიანურად სოსოს არავინ არ ჩაგრავდა, სისტემამ გაჭედა გადატვირთულობის გამო და ისიც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ისევე როგორც ყველა სხვა. 
სასწრაფო სავარაუდოდ გამოიძახეს, მაგრამ აგვიანებდა და როცა მოვიდა სოსო უკვე კონვულსიებში იყო. ყველა, ადამიანურად თანაუგრძნობდა. როგორც ჩვენ ვიყავით მონების მდგომარეობაში ასევე იყვნენ ჩვენივე პოლიციელები.
როგორც იქნა ექიმები მოვიდნენ სოსო გაიყვანეს და რაღაც პერიოდის შემდეგ დამშვიდებული დაბრუნდა. არ ვიცი თავისი პროგრამით გათვალისწინებული მეთადონი დაალევინეს თუ სხვა რამე გამაყუჩებელი გაუკეთეს, მაგრამ დამშვიდდა. შევამჩნიე, რომ სოსოს ჩვენზე გაბრაზებამ გადაუარა. მიხვდა ჩვენს ემოციას და თვითონაც დაიწყო სისტემის გინება. რაღაც მომენტში ჩვენი ემოციები დასინქრონდა. 
პირველად აღმოჩნდა იმ ადამიანების გვერდით ვინც მისი წარმოდგენით შექმნა სისტემა მისი მსგავსი ადამიანებისგან თავის დასაცავად. რა ცინიკურია!?
იმ დღეს ქურდული სამყაროს ნამდვილი წევრი გავასამართლეთ, როგორც რიგითი მოქალაქე. 


სასამართლოს სამინისტრომ სოსოს 11 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. 


გულითადად და მეგობრულად დაგვემშვიდობა, წარმატება გვისურვა და როგორც ჭორად ამბობდნენ სადღაც თბილისს გარეთ წაიყვანეს რადგან თბილისის იზოლატორები გადაივსო. 
მთელი დღე ვიგებდით რომ ჯგუფურად ადამიანებს 13-12 და 11 დღეს უსჯიდნენ მოსამართლის გემოვნების მიხედვით. შემდეგ ხმა გავარდა რომ პოლიტიკა შეიცვალა და უკვე ჯარიმებზე და პროცესების გადადებაზე გადავიდნენ. ჩვენს ჯგუფს გაგვიმართლა რომ ბოლოსკენ აღმოვჩნდით.
ამ დღეს ბევრი ვისწავლე. ასეთი განსხვავებული, ერთმანეთისადმი სოლიდარული და კეთილგანწყობილი ადამინების ნაკრები მე დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან ადამიანური ამბავი ხდებოდა სასამართლოს სარდაფში. 
სოსო აუცილებლად უნდა გამოვიდეს ციხიდან, დაუყონებლივ და სისტემა, რომელიც სოსოს ციხეში ჩასვამს რუსული ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, უნდა დაიშალოს, აგურ-აგურ.
რაც მოხდა მოგიყევით, ახლა მოგიყვებით იმაზე თუ რაზე ვიფიქრე ,,გავრილოვის ღამეს“.

რატომ არ მინდა რუსეთი?


შეუძლებელია რუსეთი გინდოდეს შენს ქვეყანაში თუ გესმის მისი არსი, ამას გარდა ქართველებს სიძულვილის სპეციფიური მიზეზებიც გვაქვს:
ტერიტორიები წაგვართვეს და სახლებიდან გამოგვყარეს.
რამდენჯერმე დაგვიპყრეს და საკუთარი წესების და მორალის თავზე მოხვევას ორას წელზე მეტია ცდილობენ. 
საკუთარი კომუნისტური სისტემა, მემკვიდრეობით დაგვიტოვეს. 
ჩვენი ეკლესია დაიქვემდებარეს და გულუბრყვილო ადამიანების სამართავად იყენებენ.
ადამიანზე არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნეს.
სასამართლოდან მორალი გაიტანეს, მართლმსაჯულებას შინაარსი გამოაცალეს და მორალისგან დაცლილი პროცედურების შესრულებამდე დაიყვანეს. ,,ტროიკებიც“ ამ პრინციპით იყო აწყობილი და მურუსიძის სასამართლოც.
მხოლოდ მურუსიძის საბჭოთა სასამართლოს შეძლო გაესამართლებინა და ციხეში ჩაესვა ანტი-საოკუპაციო აქციის გამართვისთვის ნაცემი ადამიანები.
პუტინმა მოთხოვა, ჩვენს მთავრობას დაესაჯა ხალხი ვინც გავრილოვს შეურაცყოფა მიაყენა, რაც მოხდა ყველამ დავინახეთ.
თუ ეს რუსეთის მოთხოვნის გარეშე გავაკეთეთ, მაშინ უარესი გამოდის: თქმაც არ დაგვჭირდა ისე გავლახეთ ჩვენი მოქალაქეები ოკუპანტის შეურაცხყოფისთვის.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა აქედან?
მე დავასკვენი, რომ საქართველო მთლიანად ოკუპირებული ქვეყანაა, რომლის მთავრობასაც კარგ შემთხვევაში არ ესმის ოკუპაციის შინაარსი, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ოკუპანტთან კოლაბორაციონისტობს.
ჩემი თვალებით ასე ჩანს.

სისტემა.


სისტემა, საბჭოთა სულისკვეთების ორგანიზმია, რომელიც თავის მტრად მიიჩნევს თავისუფალ ადამიანს და ყველა ფორმით ცდილობს მის მოთოკვას, კონტროლს ან დაშინებას.
ესაა მისი მიზანი, ამისთვის შექმნეს კომუნისტებმა და მერე ჩვენ გადმოგვაბარეს.
სისტემა ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს, ასრულებს უსიტყვოდ, აზრის დაუტანებლად, შესაბამისად არაადამიანურად.
სისტემამ მიიღო უჩვეულოდ მასშტაბური ბრძანება. მისი აღსრულება პროცედურების დაცვით შეუძლებელი აღმოჩნდა და პოლიციელებს მოქმედების თავისუფლება მიეცათ, აქ გამოვლინდა ქართული პოლიციის ნამდვილი სახე.
ყველამ დავინახეთ თუ რაც ჩაიდინეს ჩვენი სახელით.
ამ პროცესში მონაწილე რიგითი პოლიციელიდან გახარიამდე ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.
მათ არ იციან რომ ადამიანების დაცვა და სამსახური ევალებათ, მათ თუ დაავალებენ მოქალაქეების დაცვას ისინი დაიცავენ, თუ ეტყვიან რომ ვიღაცისგან შეურაცხყოფა უნდა აიტანონ აიტანენ, მაგრამ პირიქითა ბრძანებასაც ულაპარაკოდ შეასრულებენ.
ასეთია სისტემის შიგნით შეთანხმება. შესაძლოა მორჩილებას ზღვარი ქონდეს, მაგრამ ზღვართან სიახლოვე არ შემიმჩნევია, მეტზეც არიან წამსვლელები.
მეორე დღეს მურუსიძის სასამართლო იყო ფორმაში და კონვეირული წესით უშვებდა ადამიანებს ციხეში, უტიფრად შეერწყა ხელისუფლების სხვა შტოებს ადამიანის თავისუფლების გასათელად.
და ამ წამს ამ პრობლემის გამო საქართველოში არის ასობით პოლიტიკური პატიმარი, სატუსაღოებში მოსამართლეების გემოვნების შესაბამისად 13, 12 და 11 დღით დამწყვდეულები. 
მათ შორის არის სოსო, რომელიც, რომ არა სისტემის უაზრობა, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა თავს პოლიტპატიმრად.

რა შუაშია პროპორციული არჩევნები?


მაჟორიტარული სისტემა „შუას კრიფავს“. ამ სისტემაში მხოლოდ ორი კონკურენტი არსებობს, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში ბონუსის სახით იღებენ მაჟორიტარებს და შესაბამისად თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობას.
ეს არის ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციის და შემდეგ შინაური ავტორიტარიზმის მთავარი მამოძრავებელი სტიმული.
სხვაგან ნორმალურ ქვეყნებში შუა არ იკრიფება, პირიქით პოლიტიკური სისტემა საშუალებას აძლევს ბევრ პოლიტიკურ ძალას ადვილად დამკვიდრდნენ პოლიტიკაში.
ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო, ფორმულა ძალიან მარტივია.
რამდენ ხმასაც აიღებ იმდენი კაცი უნდა გყავდეს პარლამენტში.
მაგ. პარლამენტი უნდა იყოს 100 კაციანი და ყველა პარტიას იმდენი დეპუტატი ჰყავს რამდენ პროცენტსაც აიღებს.
ამაზე მარტივი და სამართლიანი რა შეიძლება იყოს, და მეტ ნაკლებად ამ პრინციპს ეფუძნება ყველა ნორმალური ქვეყანა დასავლეთში.
ამიტომ არ ჰყავს იქ არავის 80% საკონსტიტუციო უმრავლესობები, სირცხვილად ითვლება. ჩვენ (77%)  და რუსეთი (76%)  ვართ განსაკუთრებით სამარცხვინოები, მერე ორბანი მოგვდევს 67%-ით.
ამიტომ თუ მართლა გვინდა რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში, უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც მიშას და ბიძინას გარდა სხვა პოლიტიკურ არჩევანს გააჩენს.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ასეთია.
ამიტომ არ უნდოდა მისი მიღება მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამიტომ არ უნდა ბიძინა ივანიშვილსაც.
,,გავრილოვის ღამის“ მერე შეუძლებელია ვინმე იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს ხელისუფლებას პუტინი არ მართავს.
რაც არ უნდა დაგმოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი, ამას არავინ დაიჯერებს, საქმით უნდა დაამტკიცოს საპირისპირო.
პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოში პუტინს არ აწყობს, მან იცის რომ ამ სისტემის გაშვების შემდეგ ბელადები დამთავრდებიან, როცა ეგ მოხდება, არავინ იქნება ისეთი ვისაც გადაიბირებს და მთელი ქვეყანა დაემორჩილება.
ბელადების შემქმნელი საარჩევნო სისტემა უნდა დასრულდეს, სხვა ყველაფერი პუტინის თამაშია.
ამაზე გვჭირდება საერთო სახალხო კონსესუსი.

გადადგომებზე

კობახიძის, გახარიას ან ნებისმიერი ადამიანის გადადგომამ შესაძლებელია გული მოგვფხანოს, მაგრამ სიტუაციას ვერ შეცვლის. 
უნდა გვესმოდეს, რომ ძალოვანმა სისტემამ სხვაგვარად მუშაობა ფიზიკურად არ იცის. ის პოლიტიკური ბრძანების შემსრულებელი ცენტრალიზებული მანქანაა, რომელიც შეიქმნა როგორც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი და დღემდე არ გაგვიაზრებია თავისუფალი საზოგადოებისთვის მისი განსხვავებული დანიშნულება. 
სისტემის რღვევა იწყება კონცენტრირებული პოლიტიკური ხელისუფლების დაშლით. 
მერე უნდა ვასწავლოთ პოლიციელებს, თუ რა არსებაა ადამიანი და როგორ უნდა მოიქცეს მასთან ურთიერთობისას.
ამით იმას არ ვამბობ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, გახარიას გადადგომა არაა საკმარისი, ამის თქმა მინდა.

გამოხატვის თავისუფლებაზე.


ამ ყველაფრის პარალელურად, საპატრიარქო და მასთან  აფილირებული ჯგუფები ითხოვენ „შეურაცხყოფის“ კრიმინალიზებას ანუ მარტივად რომ ვთქვათ სიტყვის თავისუფლების განადგურების იდეას გვასაღებენ როგორც ტრადიციების და მორალის დაცვას.
შეურაცხყოფის კრიმინალიზება, როდესაც თავაშვებულ კრიმინალად ქცეულია პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები და მოსამართლეები, ნიშნავს რომ გახარიას და ივანიშვილის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული ვინ იჯდება 5 კვადრატულ მეტრიან საკანში სასამართლოს სარდაფში.
შეხედეთ ამ ფაქტს, ანტიპუტინური აქციასთან ერთად და მიხვდებით, თუ რას ნიშნავს პუტინის ნამდვილი ჩარევა ქვეყნის შიდა წესრიგში.
რას იზამდით თქვენ პუტინი რომ იყოთ და გინდოდეთ დედა უტიროთ სხვა ქვეყანას, ანტიპუტინური გამოსვლების მერე?
მე  ვინც პუტინისტებს შეურაცხყოფდა იმათ ჩავასმევინებდი ჩემს  ხელის ბიჭებს ციხეში. თან ამას გამომწვევად გავაკეთებდი, კონვეირული წესით, მორჩილებას ვასწავლიდი გუბერნიას.


მოთხოვნა


მე ამ აქციებზე ვივლი ორი მოთხოვნით: 
1.    რუსული უშიშროების ქვეგანყოფილებად ჩამოყალიბებული საპატრიარქოს ლობირებით დაწყებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროცესი შეწყდეს, სამუდამოდ.
2.    2020 წელს (ან მანამდე) ჩატარდეს სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, ბარიერის გარეშე.
ამას ვითხოვ იმიტომ რომ მხოლოდ ეს გვაზღვევს რუსეთის ჩარევისგან ქვეყნის შიდა მმართველობის პროცესში.
სხვა გარანტია არ არსებობს.

ავტორი: ვახტანგ მეგრელიშვილი


 



კომენტარები