სიახლეები

586 Views
ბლოგი

ოპერაცია ჰესები - ანტონ გაბრიჩიძე

მოსახლეობისთვის გადამწყვეტია კუთვნილი კერძო საკუთრების დაბრუნება და სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების შეთანხმებული წესებით პრივატიზაცია. ზოგადად, ფუნდამენტური ღირებულებაა საკუთრება. მას სოციალისტები და სხვა სადისტები არ აღიარებენ, ან გარკვეული პირობებით აღიარებენ, თითქოს ეკითხებათ მათ ვინმე რამეს ან ამ მიზნით იყვნენ მოვლენილები, დაადგინონ ვის რა ეკუთვნის. საკუთრება არის გარდაუვალი მოცემულობა. მის წინააღმდეგ არსებული პოზიციები რომ განვიხილოთ, უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და რას ვითხოვთ საერთოდ ამ წმინდა ცხოველით. “არგუმენტები” ძირითადად შაბლონურია და ყველა ენაზე მოისმენთ სოციალიზმის იდეოლოგებისგან, სახელმწიფოსგან და დანარჩენი კოლექტივისტებისგან.

ხშირად ფიქრობენ, რომ საკუთრების უფლებების შეზღუდვა რაიმე სახის განვითარებას, ღირებულებათა გადაფასებას ან საზოგადოების დროულ არჩევანს ნიშნავს. ბენიტო მუსოლინიმ თავის დროზე განაცხადა, რომ ინდივიდის თავისუფლება მით უფრო მეტად უნდა შეიზღუდოს, რაც უფრო კომპლექსური ხდება ცივილიზაცია. რომ ვიცოდეთ, რა წარმოდგენები უდევს საფუძვლად ასეთ აზრებს. სახელმწიფოს ჩარევას კერძო ურთიერთობებში ყოველთვის თან ახლდა კრიტიკა, პრობლემა მუდმივია და საზოგადოების წევრები არასდროს არსად შეთანხმებულან ერთხმად, რომ სახელმწიფოს გამოეგონებინა მათთვის თანაცხოვრებისა და საკუთრების გამოყენების წესები.

ალექსის დე ტოკვილი, ჩრდილოამერიკული დემოკრატიის დახასიათებისას, აღწერს ახალი ინგლისის რეგიონში მდებარე შტატების ყოველდღიურობას. საუბარია XIX საუკუნეზე.

პოლიციას შეეძლო სურვილისამებრ შერჩეული ადამიანების სახელები გამოეკრა სხვადასხვა დაწესებულებაში. მათთვის ალკოჰოლური სასმელებით გამასპინძლება უმკაცრესად ისჯებოდა.

ტოკვილი მსგავსი ტიპის აკრძალვაში სახელმწიფოს აბსოლუტური და უპირობო ძალაუფლებისკენ მიდრეკილებას ხედავდა. მისი აზრით, აღნიშნული აკრძალვა მონარქიაშიც დიდი პროტესტის გამომწვევი უნდა ყოფილიყო და გაოგნებული აღნიშნავდა, თუ როგორ ემორჩილებოდნენ ამერიკელები საკუთრების ხელყოფას. დღეს კი ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უფლება აქვს კერძო დაწესებულებაში აკრძალოს მოწევა. ტოკვილიც ისეა ათვისებული, როგორც ილია ჭავჭავაძე და მისი ნაშრომები საკუთრების შესახებ. (ინვესტორი იყო ილია, რომ ამბობდა მიწა კერძო საკუთრებაში უნდა იყოს და კერძო საკუთრების თავისუფალი მიმოცვლა არის ცივილიზააციის აშენებისთვის გარდაუვალიო?)

ამასთანავე, ნათელია, რომ არ არის აუცილებელი, მეტად სკანდალური ფაქტი გამოვიკვლიოთ, ვიდრე ალკოჰოლის აკრძალვაა, რათა საკუთრების უზენაესი უფლების მნიშვნელობას მივხვდეთ. (“რატომ ამოიჩემეთ კანაფი”) ქვეყანა ვერ იქნება ჩვენი საკუთრება, თუ სხეულიც კი არ არის ჩვენი საკუთრება.

კომუნისტების მიერ წართმეული ქონების დაბრუნება და მათ მიერ დატოვებული არაადამიანური იდეოლოგიის მოსპობა მარტივად არ მოხერხდება, როდესაც საკუთარ სხეულზე გედავებიან. ამიტომ, თავისუფლების (საკუთრების) მაქსიმალური დოზაა საჭირო.საწარმოო საშუალებებთან ერთად, კერძო ხელში უნდა იყოს მიწაც. არ არსებობს სახლი მიწის გარეშე, არც ინფრასტრუქტურა.

მიწის კერძო საკუთრებაში არსებობის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მფლობელები შრომის გარეშე მიიღებენ შემოსავალს, სანაცვლოდ კი არაფერს შესთავაზებენ სხვებს. მათ არ ესმით, რომ მიწას არანაირი ღირებულება არ გააჩნია, თუ მისი გამოყენების სხვადასხვა ფორმებზე არ არის მოთხოვნა. თუ მიწას არავინ ითხოვს, მისი ფასი ნულია. შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ფასს განსაზღვრავს საზოგადოება. დღევანდელი მოცემულობით, სახელმწიფოს ხელში არსებულ მიწას ფასი არ აქვს, რადგან კერძო აქტივი არაა და მასზე მოთხოვნა არ არის. სხვა სიტყვებით, დიდი რაოდენობით მაღალი ღირებულების ქონებას ვალპობთ. ეკონომიკურ ხარაკირს ვიკეთებთ, პირი გვაქვს გაღებული და გვიხარია.

ცნობილი ბრალეულობაა სპეკულაცია, სტალინისა და ჰიტლერის პროპაგანდაში ხშირად მოხსენიებული ტერმინი. ხშირად ისმის ეს სიტყვა სახელმწიფოს მხრიდან. მესაკუთრემ მიწა შესაძლოა არ განათავსოს გამოსაყენებლად, რითაც შეზღუდოს მისი მოხმარება და დაელოდოს მომენტს, როდესაც მისი სარგებლობაში გადაცემა ან გაყიდვა უფრო რენტაბელური გახდება. ამ შემთხვევაში, მიწისგან ელიან ისეთ სარგებელს, როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდული რესურსისა და ინვესტიციისგან. სარგებელი არ არის აუცილებელი იყოს მონეტარული და შესაძლოა კულტურული ან სხვა დატვირთვა ჰქონდეს. (ჰესების მაგალითი)

ყველა მათგანი ლეგიტიმურია. ანუ, შეგიძლიათ გქონდეთ მიწა და როცა გინდათ მაშინ გაყიდოთ, ან არასდროს გაყიდოთ, რადგან თუნდაც მისი ყურება თქვენთვის ყველაზე მომგებიანია.“სპეკულაციის” წინააღმდეგ არსებული “ლოგიკით”, ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც შეიძლება აიკრძალოს მოგების სურვილი და დაშვებული იყოს მხოლოდ შედარებით წამგებიანი ინვესტიციები, თუ მესაკუთრე ვერ უნდა არჩევდეს გაცვლის შესაბამის მომენტს.

საშიშროება, რომ მიწის მფლობელები დანარჩენებს მთლიანად წაართმევენ თავისუფლებას, თუკი შეუზღუდავენ მიწაზე წვდომას ან შესთავაზებენ მონურ პირობებს ამ მიწაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან მიმართებაში, მცდარია. ეს წარმოდგენა რომ გავაშიშვლოთ, საჭიროა ვახსენოთ პირობა, რომელიც განსაზღვრავს ძალაუფლებას. ასეთი პირობაა, ერთი მხარე იყოს დამოკიდებული მეორეზე. ძალაუფლება აქვს დამოუკიდებელ მხარეს, ხოლო ძალაუფლება არ აქვს დამოკიდებულ მხარეს. როგორც ზემოთ დავწერე, ცალკე აღებულ მიწას არ აქვს არანაირი ღირებულება. ღირებულება იქმნება, როდესაც მოთხოვნა წარმოიქმნება მიწის გამოყენებაზე.

ბაზარი თუ თავისუფალია და სახელმწიფო არ ერევა, შრომითი ძალის რესურსი ყოველთვის უფრო შეზღუდულია, ვიდრე ბუნებრივი რესურსი - მიწა. აქედან გამომდინარე, მიწის გამოყენების მსურველები კი არ არიან დამოკიდებულები მესაკუთრის სურვილზე, ჰქონდეთ თუ არა მათ წვდომა, არამედ მესაკუთრეა დამოკიდებული მათზე. ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება დაირღვეს და შემოტრიალდეს მხოლოდ სახელმწიფო ინტერვენციით, სახელფასო ტარიფებისა და ფასების რეგულირებით. ეს ყველაფერი უკუშედეგის მომტანია. მაგალითად, როგორც შრომის ბაზარზე. კერძო მფლობელობაში არსებული მცირე რაოდენობის ტერიტორიის შემთხვევაში ვაწყდებით იმავე პრობლემას, რაც გვაქვს კერძო დამსაქმებლების მცირე რაოდენობის შემთხვევაში. დამოკიდებული მხარე ხდება მომხმარებელი, ხოლო დამოუკიდებელი მხარე ხდება მიმწოდებელი.

მასშტაბური პრივატიზაცია, წინასწარ შეთანხმებული წესებით, არის საშუალება, შეიცვალოს ეს დამოკიდებულება და გაცილებით მეტი ინდივიდი გახდეს დამოუკიდებელი. ჰესი აშენდება, თუ ეს ენდომება ხალხს, ანუ მესაკუთრეებს და არა მონებს. ხოლო ჰესი არ აშენდება, თუ ეს არ ენდომება ხალხს, ანუ მესაკუთრეებს და არა მონებს.

სახელმწიფო როდესაც ერთის ქონებას გააჩუქებს მეორეზე, უხილავი ხელი და ბაზარი აქ არაფერ შუაშია და თავისუფალი ბაზრის კრიტიკა მხოლოდ ლოგიკურად და ემპირიულად გაპარტახებული სოციალისტური იდეოლოგიით აზროვნებას ან შემაძრწუნებელ უვიცობას ნიშნავს.

მშიერი ქართველების მიერ 70 მილიონით, 70 მილიონით, 70 მილიონით, 70 მილიონით, 70 მილიონით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი როცა აჟღერებს თავისუფალი ბაზრის ანუ ადამიანებს შორის არაძალადობრივი ინტერაქციის უშინაარსო კრიტიკას, კიდევ უფრო გულისამრევი ხდება რიტორიკა.

                                                                                                                                                                       ავტორი: ანტონ გაბრიჩიძე

კომენტარები