ალექსანდრე რაქვიაშვილი - ბუნებრივი საპარლამენტო ბარიერის შესახებ

1. რატომ გვჭირდება ბუნებრივი ბარიერი?

ა) დაბალი ბარიერი ხელს უწყობს პატარა პარტიების პარლამენტში შესვლას, რის შედეგად საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრი უფრო ხშირად გაჟღერდება. (მაგალითად, ნიდერლანდებში, პარლამენტში, სადაც ჩვენსავით 150 ადგილია და მოქმედებს ბუნებრივი ბარიერი, ანუ 0.67%, წარმოდგენილია 15 პარტია.)

ბ) დაბალი ბარიერი ართულებს დიდი, იერარქიული პარტიების არსებობას, რადგან, თუ ცალკეული პოლიტიკოსთა ჯგუფი არ ეთანხმება პარტიის პოზიციას ან განვითარების მიმართულებას, დაბალი ბარიერის პირობებში მათ მოტივი უჩნდებათ თავისი პარტია დაარსონ და დამოუკიდებლად გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა. მეორე მხრივ, დიდი პარტიის ლიდერებს ამგვარი მოვლენების განვითარების ალბათობა მეტ სტიმულს უჩენს პარტიის ცალკეული წევრების პოზიცია გაითვალისწინონ. ამრიგად, დაბალი ბარიერი შიდაპარტიულ მრავალფეროვნებასაც უწყობს ხელს.

გ) დაბალი ბარიერის პირობებში გარდაუვალი ხდება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ერთპარტიული მართველობის დასრულებას. (უკვე ნახსენებ ნიდერლანდებში მმართველ კოალიციაში 4 პარტიაა, ხოლო დანარჩენი 11 პარტია ოპოზიციაში იმყოფება). კოალიციის შექმნის აუცილებლობა ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვისწავლით საუბარს და შეხვედრები თუ დებატები აღარ გახდება პოლიტიკოსებისათვის უცხო და მიუღებელი.

2. რისი ეშინიათ კრიტიკოსებს?

მთავარი პრობლემა, რომელსაც კრიტიკოსები ხედავენ, ეხება კოალიციურ მთავრობას, რომელიც ბევრი პატარა პარტიის პირობებში შეიძლება ვერ იყოს ჩამოყალიბებული. საპარლამენტო ქვეყანაში ეს ხდება ხოლმე, მაგალითად, ისრაელში ან ბელგიაში, თუმცა თუ ამ ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო დეტალურად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ამგვარი პროცესები პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ, რუტინულ ელემენტს წარმოადგენს და მათი, როგორც პრობლემის განხილვა მინიმუმ არაკორექტულია (მაგალითად, იგივე ისრაელში ბარიერია დაწესებული, მაგრამ 2-3 დიდი პარტია მაინც ვერ თანხმდება კოალიციაზე, ანუ მიზეზები ბარიერში არ არის და ბარიერის გარეშე შედეგი იგივე იქნებოდა). მეტიც, ამ „რისკის“ ქვეშ, სინამდვილეში სულ სხვა პრობლემა იმალება. უბარიერო სისტემის „არასტაბილურობის“ უკან დგას პოლიტიკოსების ვალდებულება ელაპარაკონ ერთმანეთს და ერთმანეთის ინტერესები გაითვალისწინონ. ჩვენთან, როგორც წესი, ეს იშვიათობაა და პარტიის წევრები ლიდერის ან პატარა ადამიანთა ჯგუფის გადაწყვეტილებას უპირობოდ ემორჩილება. ამიტომ პოლიტიკური შეთანხმებისათვის სულ 2-3 ადამიანის შეთანხმებაა საჭირო. ეს შეიძლება მარტივია ტექნიკურად, მაგრამ ასახავს იმ რეალობას, რომ პარლამენტი პარლამენტი არაა და პარლამენტარების უმრავლესობა ცალკეული პოლიტიკური ლიდერების დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ამრიგად, უბარიერო სისტემა პარლამენტში მეტ პოლიტიკოსს გააჩენს და მაშინ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გარდაუვლად მეტი ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

იშვიათად, მაგრამ ასევე მომისმენია, არგუმენტი „რაში გვჭირდება 15 000 მხარდამჭერის მქონე „პარტიუკები““, რაც პირიქით, უბარიერო სისტემის სასარგებლო არგუმენტია. პირველ რიგში, 15 000 ხმის აღება არც ისე მარტივია. მაგალითად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამას, გარდა 9 პარლამენტში გასული პარტიისა, მხოლოდ ნინო ბურჯანაძის პარტია შეძლებდა, ხოლო რამდენიმე ათეული პარტია მაინც დარჩებოდა პარლამენტის მიღმა. მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთი დეპუტატი, რომლის უკან 15 000 ადამიანი დგას, უფრო დამოუკიდებელი და ამ ადამიანების სურვილებზე მორგებული იქნება, ვიდრე დიდი პარტიის მესამე ათეულში მყოფი პოლიტიკოსი. ნუთუ ვინმე მართლა მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის 32 ნომერი ან ქართული ოცნების სიის 37 ნომერი უფრო ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების მიმართ, ვიდრე ერთი პატარა პარტიის ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ლამის ყველა თავის ამომრჩეველს პირადად იცნობს? პირიქით, 20 პატარა პარტია უკეთესია, ვიდრე პირობითი „მიშას“ თუ „ბიძინას“ ნების 150 უსახური გამტარებელი.

ზუსტად ამიტომ უბარიერო სისტემის წინააღმდეგ გამოდიან დიდი პარტიები, რომლების ლიდერებს ურჩევნიათ მათნაირ ლიდერებთან დაალაგონ საქმე, ვიდრე 150 დამოუკიდებელ პოლიტიკოსთან. ხოლო, მაღალი ბარიერი, უზრუნველყოფს, რომ დიდი პარტიის ცალკეულ პოლიტიკოსებს „გაქცევის“ სურვილი არ გაუჩნდეს და პარტიაში ყველა უპირობოდ ლიდერის ნებას ასრულებდეს.

ასე რომ, მაღალი ბარიერი კლავს პოლიტიკურ კონკურენციას და ჩვენ შემთხვევაში ისევ „მიშას“ და „ბიძინას“ შორის გვტოვებს, ხოლო ბარიერის გაუქმება ამ ტრაგიკული წრიდან გამოსავალს და ცივილიზებული წესრიგისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.



კომენტარები