ქართული პოლიტიკური სპექტაკლი - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ერთი კვირის წინ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსების შეხვედრები და საუბარი, დანაშაულია. ცალკეული ოპოზიციონრები და მედიის წარმომადგენლები იმით დარჩნენ გაოცებულნი, რომ პოლიტიკოსებს „ინდივიდუალური შეხვედრები" აქვთ და სკანდალურ ინფორმაციად აღიქვეს არა მხოლოდ შეხვედრები, არამედ შეხვედრების გეგმებიც კი. შეიძლება, ზრდასრული, ერთი საქმით დაკავებული ადამიანების შეხვედრების ამგვარი წარმოდგენა - პარანოიად იყოს აღქმული, მაგრამ ჟურნალისტების რეაქცია გასაგები გახდება, თუ დავფიქრდებით ვინ არის ქართული პოლიტიკოსი.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული პოლიტიკოსის მთავარი საქმიანობა - სპექტაკლია. თუ ოდესმე პოლიტიკოსმა ძალაუფლება მოიპოვა, ის იმდენად დამოკიდებული ხდება მასზე, რომ „დარჩენა“ ან „უკან დაბრუნება“ მის მთავარ მიზნად იქცევა. ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი ამ მოტივებით არის შექმნილი და ამიტომ ხდება, რომ ჩვენ მუდმივად ორპოლუსიანი სისტემა გვაქს - მსახიობთა ნაწილი ვერ ტოვებს სცენას, მეორე კი ამ სცენისგან ჩამოშორებას ვერ ეგუება.

შედეგად, მთავარი მიზანი - ძალაუფლების მოპოვება/შენარჩუნებაა, ხოლო იდეები, პრინციპები თუ მორალი, მხოლოდ ამ სპექტაკლის ელემენტია და რაიმე დამოუკიდებელ ფასეულობას არ წარმოადგენს. ჩვენ პოლიტიკოსს ურჩევნია „პრინციპულობა“ ითამაშოს, ვიდრე პრინციპული იყოს.

მაგალითად, სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა - არის სპექტაკლი, რადგან ორივეს (სიების და მანდატების) უკან დაბრუნება შეიძლება, თუ, მაგალითად, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება ან უბრალოდ, რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია თავის პოზიციას შეცვლის. მაგრამ ეს სპექტაკლი ამომრჩევლის პოლიტიკოსების პრინციპულობაში დარწმუნებისათვის ეფექტიანი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, თუ მას სათანადო მედია გაშუქება მოჰყვება.

თუმცა პოლიტიკოსების არსენალში მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი ინსტრუმენტებია, რომ თავისი პრინციპულობა გამოავლინონ - სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული, უარი თქვან:

- პარტიების დაფინანსებაზე;

- პარლამენტარების ხელფასებზე;

- ყველა მომდევნო არჩევნებში მონაწილეობაზე;

- საკრებულოებში მათი პარტიების დეპუტატების მანდატებზე.

ნებისმიერი ეს ნაბიჯი უფრო მეტს იტყოდა მოტივებსა და მიზნებზე, ვიდრე კამერების წინ განცხადებების ფრიალი, ხოლო ერთდროულად გადადგმული ყველა ეს ნაბიჯი, ამომრჩეველს, ფასილიტატორებს და „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის პრინციპულობაში და ამ ბრძოლის სერიოზულობაში დააჯერებდა.

(თქვენ შეიძლება იკითხოთ: „როგორ იარსებოს პარტიამ დაფინანსების გარეშე?“ გიპასუხებთ: „პრინციპულობა არასდროს ყოფილა იაფი და იდეებისთვის ბრძოლა იოლი“.)

თუმცა, თუ პრინციპულობას არ აფასებ და მორალს არ აღიარებ, ასეთი ფასის გადახდა სრულიად არაგონივრული ხდება, ხოლო პრინციპულობისკენ მოწოდებები და პრინციპული პოლიტიკოსი კი საფრთხედ იქნება აღქმული. საფრთხედ, რომელიც სასწრაფოდ მოსაკვეთია, როგორც განგრენა.

შედეგად, სპექტაკლზე და თამაშზე ფოკუსირებულ პოლიტიკოსებს არ ძალუძს მათგან განსხვავებული პოლიტიკოსების ადეკვატური აღქმა. მაგალითად, მათი გადმოსახედიდან, შეუძლებელია, რომ ორი ადამიანი შეხვდეს ერთმანეთს, რომ შექმნილ მდგომარეობაზე, პრობლემებზე, კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე ისაუბროს. თუ შეხვედრა შედგა და თან ღიად, ათობით ადამიანის თანდასწრებით, ესე იგი, ეს რაღაცას ნიშნავს! სტანდარტული პოლიტიკოსი შეხვედრას ერთი დიდი სპექტაკლის მორიგ სცენად აღიქვამს, და არა ზრდასრული ადამიანების საქმიან საუბარს. ამიტომ მისი ყურადღება არა შინაარსზე, არამედ ფორმაზეა ფოკუსირებული, რათა ამ ფორმაზე დაკვირვებით „ფარული ნიშნებით“ მსახიობების ჭეშმარიტი მიზნები ამოიცნოს.

ჩვენ ჟურნალისტებსაც დიდწილად ასეთი პოლიტიკა აქვთ ნანახი და ამ ფარული ნიშნების ძიებაში და ინტერპრეტაციაში დიდი ოსტატები არიან. ამიტომ მათაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეხვედრა - შეხვედრა იყო, საუბარი კი საუბარი. ამიტომ ვერ იჯერებენ ისინი, რომ პოლიტიკოსი სიმართლეს ამბობს, თავის სიტყვას არ ტეხავს და პრინციპებისთვის ერთგული რჩება. ეს მათ ახალი სპექტაკლი ჰგონიათ, რომლის შინაარსი ჯერ ვერ გამოიცნეს, ამიტომ ჯიუტად იმეორებენ „თქვენ შედიხართ პარლამენტში?“, „თქვენ კიდევ გეგმავთ ლაპარაკს?“, რომ იქნებ და ამ უსასრულო გამეორებაში ეს ფარული შინაარსი ცხადი გახდეს.

ამ დროს კი 30 წლიანი უნიჭო და დამანგრეველი სპექტაკლის დასრულებით დაშინებული პოლიტიკოსები, ზოგი ცოფიანი ძაღლივით აგრესიას ვერ მალავს, ზოგი კი გარბის იმით აღშფოთებული, რომ ეს ახალბედა მსახიობები მათ პროფესიაში მიღებულ წესრიგს არ სცნობენ. თუმცა ამავდროულად მათ ფონზე მარტივი ხდება გავარჩიოთ, თუ ვინ არის გულწრფელი, ვის არ ეშინია ლაპარაკის, ვინ არ კარგავს ღირსებას, მაშინაც კი, როცა ბევრი რამ არის რისკის ქვეშ, და შეუძლია ლაპარაკი, თავისი პოზიციის დაცვა და დისკუსია მათ შორის სხვა შეხედულებების, მაგრამ ასევე გულწრფელ პოლიტიკოსებთან.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა უფრო მოსწონს, თამაში თუ გულწრფელი საუბარი, და ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დავრჩებით თუ არა უპრინციპო მსახიობების იმედად თუ შევძლებთ პოლიტიკაში მორალის და პრინციპების შემოტანას.



კომენტარები