სიახლეები

„ჰაიეკის ბიბლიოთეკა“ - ალექსანდრე რაქვიაშვილის ახალი პროექტი

ახალ წელს ახალ პროექტს ვიწყებ: „ჰაიეკის ბიბლიოთეკა“, რომელიც კლასიკური, უნივერსიტეტებზე დაფუძნებული განათლების სისტემის, ბევრად უფრო ეფექტიან და ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატივას წარმოადგენს.

ცოტა რომ გავამარტივოთ, უნივერსიტეტის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი (რექტორი, დეკანი, ლექტორი) სხვა, ამ კუთხით ნაკლებად განათლებულ ადამიანებს ასწავლიან იმას, რასაც თვითონ სწორად და აქტუალურად მიიჩნევენ. ფაკულტეტები, პროგრამები, რეგლამენტირებული განათლების მიღების ტრაექტორიები და „ხარისხის“ მინიჭების პროცედურები, იმ პრინციპის მატერიალიზაციაა, რომლის თანახმად, XX საუკუნის 80-90-ია წლებში ნასწავლი ადამიანები, XXI საუკუნეში დაბადებულ ახალგაზრდას ასწავლიან იმას, რასაც, მათი აზრით ამ ახალგაზრდას 10-15 წლის შემდეგ დაჭირდება. შედეგად, რაც უფრო სწრაფია ეკონომიკური განვითარება, მით უფრო ჩამორჩება მას განათლების სისტემა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში, ჯარიდან თავის დაღწევიდან დაწყებული და მშობლების დიპლომით გახარებით დამთავრებული, ნებისმიერ მიზანს ემსახურება, გარდა უშუალოდ განათლების მიღებისა.

მე კი იდეალური განათლების სისტემა სულ სხვანაირად წარმომიდგენია და ის თავისი არსით, უფრო ბიბლიოთეკას გავს, ვიდრე უნივერსიტეტს. ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც კონკრეტული პრობლემით დაინტერესებული ადამიანი მიდის, რომ თავის კითხვებზე პასუხები იპოვოს. ის თავის საჭიროებიდან და არა „განათლების სტანდარტებიდან“ გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ისწავლოს და რას მიანიჭოს უპირატესობა. ბიბლიოთეკის თანამშრომელი შეიძლება სხვაზე მეტად ერკვეოდეს ამა თუ იმ თემაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მხოლოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებს. ის არ ასწავლის, რადგან ბიბლიოთეკის სტუდენტი სწავლობს დამოუკიდებლად.

ბიბლიოთეკაში საინტერესო ლექციებიც შეიძლება ტარდებოდეს, მაგრამ ლექციის მიზანი არა პასიური მსმენელის ტვინში ინფორმაციის ჩაგდება-ჩატენვაა (როგორც ეს უნივერსიტეტებში ხშირად ხდება), არამედ მსმენელში კონკრეტული თემისა თუ სფეროსადმი ინტერესის გაღვივება. ლექცია ერთგვარი სპექტაკლია, რომელიც წარმატებული მხოლოდ მაშინ ხდება, თუ მისი დასრულების შემდეგ მსმენელს სწავლის და წიგნის წაკითხვის სურვილი გაუჩნდა.

ბიბლიოთეკა ასევე არის საზოგადოება, სადაც ადამიანები საუბრობენ და ამ ურთიერთობაში ახალ ცოდნას იძენენ და სხვებს თავის ცოდნას უზიარებენ.

ზუსტად ეს, ბიბლიოთეკის მოდელი, არის განათლების თანამედროვე სისტემა, რომელიც არც განათლების სამინისტროზე და არც უნივერსიტეტის შიდა ბიუროკრატიაზეა დამოკიდებული, და ფუნქციონირებს მხოლოდ დაინტერესებული მსმენელის მიზნებიდან გამომდინარე. და ზუსტად ამ ახალი მოდელის რეალიზაცია მინდა ჰაიეკის ბიბლიოთეკის მეშვეობით.

ეს არის გრძელვადიანი პროექტი და მისი რეალიზაციის პირველი ნაბიჯი ორ მცირე პროექტს მოიცავს.

პირველი - ჰაიეკის წიგნების და სტატიების შეგროვება და ქართულ ენაზე თარგმნას გულისხმობს. ეს პროცესი უკვე დაწყებული მაქვს და მალე კონკრეტულ შედეგებზე და გეგმებზე მოგიყვებით. ჰაიეკი კი ამ შემთხვევაში ავირჩიე იმიტომ, რომ ჩემი აზრით ის XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომისტია, და, იმედია, ამ წამოწყებით ჰაიეკისებურ ლიბერალიზმის პოპულარიზაციასაც შევუწყობ ხელს.

მეორე მიმართულება კი ლექციებია ეკონომიკაზე, რომლის მეშვეობით მინდა მსმენელებში ეკონომიკისადმი ინტერესი გავაჩინო და მშენებლობა დავიწყო მიკროსაზოგადოების, რომელიც განათლების მიღების იმ წყაროდ იქცევა, რომელიც ჰაიეკის ბიბლიოთეკის საბოლოო მიზანია.

ლექციების კურსი, რამდენიმე თვე გაგრძელდება, და მოდულებად იქნება დაყოფილი. პირველი მოდული, რომელიც ეკონომიკაში შესავალის როლს ასრულებს, 12 იანვარს, გირჩის ოფისში დაიწყება. სულ მოდული 4 ლექციისგან შედგება:

- ეკონომიკური აზროვნების თავისებურება და მნიშვნელობა

- ლიბერალიზმი და სოციალიზმი

- რაციონალურობა და ირაციონალურობა

- საკუთრება და ინტელექტუალური „საკუთრება“

ამ ლექციების შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოთ სიტყვა „სახელმწიფო“, რატომ ლიბერალიზმი არაბუნებრივია ადამიანისათვის, რატომ ადამიანის ქცევა ყოველთვის რაციონალურია და რატომ ინტელექტუალური საკუთრება საკუთრება არ არის.

თითოეული ლექციის LIVE-ტრანსლაცია სპეციალურად ამ კურსისათვის შექმნილ Facebook-ჯგუფში მოხდება, რაც მათ გამოადგება, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, გირჩის ოფისში სიარული უჭირს. იმავე ჯგუფში თქვენ გელით საინტერესო დისკუსიები, დებატები და ახალი მეგობრები.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაიეკის ბიბლიოთეკის პროექტი მხოლოდ დაინტერესებული ადამიანების შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული, პირველი მოდულის ღირებულება არ არის ფიქსირებული და ნებისმიერი ადამიანი, ვინც 1 ლარს მაინც შემოწირავს, ლექციებზე დასწრებას შეძლებს.

ლინკები სარეგისტრაციო ფორმასა და გადახდის ალტერნატივებზე ამ პოსტის კომენტარებში იქნება განთავსებული.

მადლობა და შეხვედრამდე ჰაიეკის ბიბლიოთეკის პირველ ლექციაზე!

                                                                                                                                                ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

კომენტარები