სიახლეები

ან უნდა მივმართოთ ორგანიზებულ ბოიკოტს, რომლის მიზანიც რეჟიმის დამხობა იქნება, ან მეორე გზა არის მოლაპარაკებები, სადაც თუ ჩვენ არ ავწონ-დავწონით ყველა შესაძლებლობას, რომელიც მოგვეცემა, მაშინ ვიქნებით ძალიან უპასუხისმგებლო ხალხი - ვახო მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციური ცვლილება სრულად პროპორციული არჩევნების სახით:

რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაგვემართა და რის გამოც შეიქმნა ყველაზე დიდი გაუგებრობა ამ ქვეყანაში იყო 30 მაჟორიტარი, რომლითაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოივაჭრა. რეალურად ქართულმა ოცნებამ 48%-ზე მეტი ვერ მიიღო და ფაქტობრივად ოპოზიციამ გაიმარჯვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 30-მა მაჟორიტარმა მნიშვნელოვნად შეცვალა შედეგები.

                                                                                                                                             - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს წინადადება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდეს ისეთივე ფორმულით, რა ფორმულითაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები (საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში 120/30 პროპორციით, ადგილობრივი თვითმართველობის შემთხვევაში კი 4/1 პროპორციით), მაგრამ გასწორებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და გამჭირვალობით, რათა აღარ იარსებოს ეჭვებმა, რომ არჩევნები ისევ გაყალბდა. მეგრელიშვილის თქმით, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ტესტი, რომელშიც თუ ქართული ოცნება იმაზე ნაკლებს აიღებს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მიიღო, მაშინ ბუნებრივი იქნება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მანვე განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ გააჩნია ფაქტობრივი მტკიცებულებები, რითიც დაარწმუნებენ შუამავლებს თავიანთი მხარის სისწორეში, ამიტომ ზემოაღნიშნულ სქემაზე უკეთეს გზას ჯერჯერობით ვერ ხედავს და მზად არის დაჯდეს ოპოზიციასთან ამ იდეის განსახილველად, ვინაიდან მოლაპარაკების რეჟიმში შესაძლებლობების განხილვის ხელიდან გაშვება უპასუხისმგებლობად მიაჩნია:

ნდობის ბოლო ბასტიონი იყო პარლამენტი, რომლიდანაც ჩვენ შეიძლება გამოგვეთალა ახალი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მაგრამ თუ ბოლო ბასტიონიც ერთპარტიული დაგვრჩა, მაშინ ან მთელმა ოპოზიციამ უნდა მივმართოთ ორგანიზებულ ბოიკოტს, რომელიც ეჭვის ნასახს არ ტოვებს, რომ ჩვენი მიზანია ამ ხელისუფლების, როგორც რეჟიმის დამხობა, ან მეორე გზა არის მოლაპარაკებები, სადაც თუ ჩვენ არ ავწონ-დავწონით ყველა შესაძლებლობას, რომელიც მოგვეცემა, მაშინ ვიქნებით ძალიან უპასუხისმგებლო ხალხი.

                                                                                                                                                         ავტორი: მარიამ შენგელია

კომენტარები