სიახლეები

35 Views
პოლიტიკა

გირჩის საგანგებო განცხადება

ქვეყანაში არის ძალიან დაძაბული სიტუაცია, ხელისუფლების უაზრო და უსამართლო პოლიტიკამ საზოგადოებაში გამოიწვია დაძაბულობა და ბრაზი, რომელიც არავინ იცის როდის და რა ფორმით ამოხეთქავს.


ამას დაემატა დღევანდელი თავხედური აქტი, რის შედეგადაც, ოკუპანტმა საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სკამიდან მოგვმართა და ახლა გვაკვირდება რამდენად ავიტანთ ასეთ თავხედობას.
ოკუპანტმა ეს ქართული ოცნების მეშვეობით ქნა და ამ საქმეს ბოდიში რომ არ უშველიდა, ნორმალური ადამიანისთვის მყისიერად გასაგები უნდა ყოფილიყო.


მთავრობა ამ წუთამდე თავს არიდებს უკიდურესად აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას და პირიქით, იღებს კატასტროფულ გადაწყვეტილებებს, რითაც სერიოზულ რისკს უქმნის საკუთარ მოქალაქეებს, რაც ზრდის დაძაბულობას და  ყველანი ვგრძნობთ, რომ შესაძლოა ეს მალე არეულობაში გადაიზარდოს.


რისკს ზრდის ის ფაქტიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობენ ივანიშვილის რევოლუციით დამხობის მსურველები და გარეთაც  გვყავს კონკრეტული მტერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს უმართავი.


ამ რეალობაში ჩვენი სათქმელი ჩვენს მხარდამჭერებთან არის შემდეგი:

 

  1. არ უნდა ავყვეთ არავის რევოლუციურ მოწოდებებს და ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობის შესანარჩუნებლად.
     
  2. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაანონსოს რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, საარჩევნო ბარიერის გარეშე.
     
  3. საზოგადოების მორალურად საკომპენსაციოდ, უნდა გადადგეს თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელი იყო დაეცვა საკუთარი სკამი ოკუპანტისგან.

     

ჩვენი აზრით ამ მოთხოვნების შესრულება აუცილებელია, კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

კომენტარები