სიახლეები

104 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: თავისუფლების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს

ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში „თბილისი პრაიდისა“ და ქვეყნის მომავლისთვის თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირადაა პრაიდის ორგანიზატორების ხედვების წინააღმდეგი, რასაც ახლა ეს ადამიანები აპირებენ, ჯაფარიძის აზრით, ქვეყანაში თავისუფლების მნიშვნელობას გააფართოვებს და თავისუფლების იდეის წინ წამოწევის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჯაფარიძის თქმით, თუ ქვეყანაში არ იქნება თავისუფლება, მას არც მომავალი ექნება: " უნდა გვესმოდეს, რომ თუ ქვეყნის განვითარება გვსურს, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავისუფალ გარემოში."


ვერ იქნება ვერანაირი პენსიების ზრდა და  ეკონომიკის განვითარება. ვერაფერი იქნება, თუ ქვეყანა თავისუფალი არ იქნა.

როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს,  პრაიდთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს გარკვეული საფრთხეები, თუმცა საეჭვოა, ამ ფორმირებებს ისეთი თვითორგანიზების ნიჭი აღმოაჩნდეთ, რომ მათი განეიტრალება სახელმწიფო სამსახურებმა ვერ შეძლონ. პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლებას, რეალურად, არ სურს ამის გაკეთება, ვინაიდან მათი  ელექტორატის ძირითადი, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბნელი ნაწილის დაკარგვას გამოიწვევს.

გირჩის ლიდერი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ამ ძალების უკან საპატრიარქო დგას, რომელმაც წლების განმავლობაში ყველაზე უკეთ მოახერხა პოლიტიკური ძალაუფლების დაგროვება და, პლუს, წარმატებით ახურდავებს მას მატერიალურ სიკეთეებში, იქნება ეს მიწები, 25 მილიონი ბიუჯეტიდან თუ სხვა რამ. ხელისუფლება კი ცდილობს მინიმალური რეიტინგის შენარჩუნებას სწორედ საპატრიარქოსთან მუდმივი თამაშით და ამის მიზეზიც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილის საბჭოთა აზროვნებაა.

 
საბჭოთა განათლების სისტემის „დამსახურებით“, სამყაროს, გარშემო არსებული რეალობის შესახებ გამრუდებული წარმოდგენები აქვთ, მათ შორის იმაზეც, როგორი უნდა იყოს ადამიანების საზოგადოება, რა წესებზე შეიძლება შევთანხმდეთ. შეიძლება ასეც ითქვას, რომ არასწორი მორალი აქვთ, - ამბობს ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძის აზრით, ქვეყანაში "ბნელა" და სწორედ ამის კაპიტალიზაციას ახდენს საპატრიარქო, შემდეგ კი მასთან თამაში უწევთ სხვადასხვა ხელისუფლებებს და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ არ გავიაზრებთ, რომ სახელმწიფო აზის იმ ტრილიონობით დოლარის ღირებულების ქონებას, რომელიც ბოლშევიკებმა წაგვართვეს; არ გავიაზრებთ, რომ ყოველი ორი სიმწრით ნაშოვნი სამსახურით ერთ უსაქმურ ბიუროკრატს ვინახავთ.

ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ რაღაცეები, რომ ჩვენმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ და სანამ სიბნელეში ვართ,  მას თვალს არ ვუსწორებთ და აღიარებისაც კი გვეშინია, რეალურად, მონები და საბჭოთა კავშირის მიერ ტვინგამორეცხილები ვართ. სანამ არჩევნებზე ასეთი ადამიანები უფრო დადიან და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს ჩვენი შვილების მომავალი, მანამდე ვიქნებით ამ წუმპეში და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ გირჩი სკოლას, რომ ჩვენი და იმ ადამიანების შვილები, ვინც გვენდობიან, გადავარჩინოთ და სისტემას გამოვგლიჯოთ, მათ მაინც მივცეთ გადარჩენის შანსი

აღნიშნა ჯაფარიძემ გიორგი გაბუნიას გადაცემაში.

კომენტარები