სიახლეები

350 Views
პოლიტიკა

"საქართველოს კლინიკების ასოციაცია" სამედიცინო სფეროს რეგულირების გამკაცრებას ითხოვს, რადგან არაკვალიფიციურ ექიმებზე დაზარალებული პაციენტები ძალადობენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კლინიკების ასოციაცია" პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შედის, რომლის საფუძველზეც ის საპარლამენტო ორგანოში დამატებითი ცვლილებებისა და რეგულირების ინიცირებას ითხოვს.

"კლინიკების ასოციაციის" თქმით, გახშირებულია ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ გარკვეული ბრალდებები, მათ მიერ შეცდომის ჩადენის, გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შესახებ, რის გამოც ხშირია პაციენტის ან პაციენტის ახლობლების მხრიდან ძალადობის მუქარა, კლინიკებში შეჭრა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს ახდენს სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს მათ საქმიანობას. კლინიკების ასოციაცია დაუშვებლად მიიჩნევს ამ ტიპის ზეწოლას და მუქარას ადამიანების მხრიდან, თუმცა, მეორე მხრივ, მათი აზრით, უმნიშვნელოვანესია ექიმისა და სამედიცინო პერსონალის ზრდა-განვითარების უწყვეტობა და მიღებული კვალიფიკაციცის მუდმივი ამაღლება, რათა თავი ავარიდოთ მსგავს უსიამოვნო ფაქტებს.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, "საქართველოს კლინიკების ასოციაცია" ითხოვს სამედიცინო კანონმდებლობის გამკაცრებას. მათ შორის პროფესიული აკრედიტაციის თვალსაზრისით.

კერძოდ , მათი მოთხოვნით

საქართველოს კანონს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" უნდა დაემატოს ნაწილი, რომლის მიხედვითაც საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებული იქნება, ყოველ 7 წელიწადში ერთხელ გაიაროს პროფესიული აკრედიტაცია.

მეორე საინტერესო ფაქტორი მათ საკანონმდებლო წინადადებაში, პროფესიული აკრედიტაციის განმახორციელებელი სუბიექტების ბორდია, რომელიც კლინიკების ასოციაციის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა გარდა, დამოუკიდებელი სამედიცინო ასოციაციების წევრებისგანაც უნდა შედგებოდეს, რაც ამ მიმართულებით "საქართველოს კლინიკების ასოციაციის" ფინანსურ ინტერესს  არ გამორიცხავს. 

კომენტარები