ილონ მასკის უკლასო სკოლა მისივე შვილებისთვის

ილონ მასკს არ მოსწონდა სკოლა, სადაც მისი შვილები სწავლობდნენ, ამიტომ შექმნა პატარა, კრეატიული სკოლა ბავშვების კლასებად დაყოფის გარეშე.

ილონს არ მოწონდა მისი შვილების სკოლა, ამიტომ მან ახალი სკოლა შექმნა - ამის შესახებ გამომგონებელმა და ანტერპრენერმა ბეიჯინგის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სკოლას სახელად „ედ ასტრა“ (Ad Astra) ქვია, რაც ითარგმნება, როგორც „ვარსკვლავებთან“.

სკოლა პატარაა და მეტად გასაიდუმლოებული: არც გვერდი აქვთ ინტერნეტ სივრცეში და არც სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი.

ქრისტინა სიმონმა (Christina Simon), რომელიც ლოს ანჯელესში მდებარე კერძო სკოლებზე წერს სტატიებს, საკითხი უფრო ღრმად შეისწავლა.

იგი ამბობს, რომ მასკის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის დედას დაეკონტაქტა. მშობლის თქმით, ახალი სკოლა პატარა და ექსპერიმენტულია და იქ, ძირითადად, SpaceX-ის თანამშრომელთა ბავშვები სწავლობენ.

მასკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ედ ასტრა“-ში, რომელიც სულ რაღაც ერთი წლისაა, 14 მოსწავლე სწავლობს და მათი რაოდენობა სექტემბრისთვის 20-მდე გაიზრდება. მისი ხედვა კლასების სისტემის ამოღებას გულისხმობს, ამიტომაც აღარაა სხვაობა პირველ და მესამე კლასელებს შორის. მასკის სკოლაში ყველა ბავშვი ერთსა და იმავე კლასში სწავლობს, წლოვანების მიუხედავად.

„ზოგ ადამიანს ინგლისური ან უცხო ენები უყვარს, ზოგს მათემატიკა, ზოგს მუსიკა, - ამბობს მასკი , - უფრო ჭკვიანური იქნება, თუ განათლება მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს მოერგება“.

მასკმა საკუთარი ბავშვები სკოლიდან გამოიყვანა და ერთ-ერთი მათი მასწავლებელიც კი დაიქირავა, რათა ეს ახლებური სკოლა შეექმნა. „მე ვერ ვხედავდი, რომ რეგულარული სკოლები იმას აკეთებდნენ, რაც უნდა ეკეთებინათ“, - განაცხადა მან.

ელონ მასკი სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის მეთოდებში ფუნდამენტურ ხარვეზს ხედავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს პრობლემების გადაწყვეტა. ვთქვათ, გვინდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ მუშაობს ძრავი. შედარებით ტრადიციული მიდგომა იქნებოდა გვეთქვა მათთვის: დღეს ვისწავლით ყველაფერს სახრახნისისა და ქანჩის შესახებ… ეს ძალიან რთული გზაა“.

მასკის აზრით, უკეთესი გზაა, მოსწავლეს ძრავა მივცეთ და დავაშლევინოთ.

„როგორ უნდა დავშალოთ ძრავა? დაგვჭირდება სახრახნისი. სწორედ ამისთვისაა სახრახნისი შექმნილი, - ხსნის მასკი, - სწორედ აქ მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტთან: ინსტრუმენტის დანიშნულება ხდება თვალსაჩინო“.

ჯერჯერობით, „ედ ასტრა“-ს სკოლის საქმეები კარგად მიდის, ამბობს მასკი, - „ბავშვებს ნამდვილად უყვართ სკოლაში სიარული“.

„მე ვერ ვიტანდი სკოლაში სიარულს, ეს წამებას უფრო გავდა“, - იხსენებს იგი ინტერვიუში.

როდესაც მასკი პატარა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობდა, სხვა სტუდენტების მხრიდან ჩაგვრის მსხვერპლი ხშირად გამხდარა. მისმა თანაკლასელებმა ბეტონის კიბეზეც კი დააგორეს და ერთხელ ისე იყო ნაცემი, საავადმყოფოშიც მოხვდა. ილონ მასკი ამ ფაქტის თავად აღწერს:

„ჩემმა „საუკეთესო“ მეგობარმა სამალავიდან გამომიტყუა, რომ მათ ვეცემე. ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გადაწყვიტეს, რომ „ის“ ვიყავი და მუდმივად მდევნიდნენ. სწორედ ამიტომ იყო ჩემი ზრდის პერიოდი ასეთი რთული. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი, სკოლის დაჯგუფებები დამსდევდნენ და სულ ჩემ საცემად იწევდნენ. სახლში რომ მივიდოდი, თავს იქაც საშინლად ვგრძნობდი“.

მასკის რთულმა გამოცდილებამ სახლში, სადაც მამასთან დაძაბული ურთიერობა ქონდა და სკოლაში - მოსწავლეებთან, საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დატოვებისა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

წყარო: businessinsider.com

თარგმნა გიორგი შაქარაშვილმა



კომენტარები