სიახლეები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიელები დაამარცხეს

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, 12 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შოტლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით: 17-12 დაამარცხა.

შოტლანდიელებმა ანგარიში მალე გახსნეს. მე-5 წუთზე ბრიტანელები უკვე 0-7 იგებდნენ და შესვენებაზე გუნდები მე-5 წუთისთვის დაფიქსირებული ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ბორჯღალოსნებმა“ ლამაზი შეტევა გაითამაშეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ოთარ ლაშხს ბურთი წინ დაუვარდა.

ვითარება 47-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3-7 გახდა.

ამის შემდეგ ისევ შოტლანდიელები გააქტიურდნენ და 52-ე წუთზე მეორე ლელოს დადებაც მოახერხეს. თავი ისევ იუენ ეშმენმა გამოიჩინა – ანგარიში 3-12 გახდა.

57-ე და 75-ე წუთზე ქართველების ჯერი დადგა და საბოლოოოდ წინ გასვლაც შეძლეს. შოტლანდიელებმა საკუთარ ჩათვლის ხაზთან ახლოს აუტის ჩაწოდებისას შეცდომა დაუშვეს, რითიც ნიორაძემ ისარგებლა და ბურთი დაამიწა. ამას აბჟანდაძის კიდევ ერთი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ 17-12 საქართველოს სასარგებლოდ დაფიქსირდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე და ჯგუფური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს. I და II ადგილი კი სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის გუნდებმა 10-10 ქულით გაინაწილეს.

კომენტარები