სიახლეები

97 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: პომპეომ, რას მაიმუნობთ არ გვაინტერესებს, პორტი დაიდოსო

11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძესთან საუბრის ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტიც იყო:

იმედი მაქვს, საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს.

აღნიშნულ თემაზე, ზურა ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით". მისი თქმით, მაიკ პომპეოს პორტი შემთხვევით არ უხსენებია, რადგან ისედაც გასაგებია, რომ აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს. 

თავის დროს, როცა საქართველოს არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი, იქ ამერიკელების ინტერესები დაგვეცვა თუ ჩინეთის, ჩვენ, როგორც ქვეყანამ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის ინტერესები დაგვეცვა... ახლა პომპეომ კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ იმედი გვაქვს პორტი აშენდებაო. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეხებზე ჰკიდია, ხაზარაძის მხარეს არის პრობლემები თუ ხელისუფლება უქმნის მას პრობლემებს, საერთოდ არ აინტერესებთ ეს. ძალიან კონკრეტულად თქვეს, რომ იქ პორტი უნდა აშენდეს. რას მაიმუნობთ შიგნით, "ვაფშე" არ გვაინტერესებს, პორტი დაიდოსო. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, საუბარი იმაზე, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა შეიძლება გადაიფიქრონ ფულის ჩადება, ზღაპარია:

ამერიკისგან პრობლემა არანაირად არ იქნება. აქ ჩვენს მხარეზეა საქმე გასაკეთებელი და აქ ადამიანებმა თავის პირად ინტერესებს არ უნდა გადააყოლონ ეს ამბავი; თუ მართლა ის თემა არაა, რომ რუსეთი უშლის ამ პორტის მშენებლობას ხელს, რაც ასევე ლეგიტიმური აზრი შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და ამერიკის მხრიდან სრული მზაობაა.

 ზურა ჯაფარიძემ იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორების როლში ამერიკასა და ჩინეთს შორის არჩევანის გაკეთება მარტივი არ იყო. ჯაფარიძის აზრით, ჩინეთიც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძლება ყოფილიყო:

ჩინელებს ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში ფულის ჩადების ინტერესი ჰქონდათ, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რუსეთი ჩინეთს იოლად ვერაფერს გაუბედავდა, თუმცა ამერიკაზე არჩევანის გაკეთება, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას იმ სამ მთავარ საკითხზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ აშშ-ს თხოვნით უნდა შეასრულოს, ესენია: სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და ანაკლიის პორტი. სწორედ ამ რეკომენდაციების განხორციელებას ითხოვს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლებისგან. 

კომენტარები