სიახლეები

56 Views
ეკონომიკა

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასება „გირჩისგან“

რა უნდა იყოს ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში?

საქართველოს მთავარი გამოწვევა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. თუ ქვეყანა სწრაფად არ გამდიდრდა, საუბარი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უბრალოდ ფუჭია, და ამას დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიაც ადასტურებს. შესაბამისად, ბიუჯეტი, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, უნდა ასახავდეს გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას როგორც 2017, ისე შემდგომ წლებში.

რას გვიჩვენებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსია?

პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა, ჩანს შემდეგი:

  1. ხელისუფლება არ აპირებს ბიუროკრატიის შემცირებას; სამინისტროების რაოდენობა რჩება უცვლელი; საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 115,756-დან 116,757-მდე იზრდება; კვლავ ვინარჩუნებთ რწმუნებულების უფუნქციო ინსტიტუტს.
  2. ხელისუფლება არ აპირებს შემოსავლებისა და ხარჯების შემცირებას; შემოსავლები იზრდება 8.555 მილიარდიდან 9.490 მილიარდამდე; ხარჯები იზრდება 8.544 მილიარდიდან 9.121 მილიარდამდე; ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები იზრდება 10.145 მილიარდიდან 11.457 მილიარდამდე.
  3. ხელისუფლება არ აპირებს გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვის შეწყვეტას სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე, პირიქით - სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება თითქმის ორჯერ, 688 მილიონიდან 1.312 მილიარდამდე.
  4. ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ვალების აღება; 2017 წელს დაგეგმილია 1.793 მილიარდი ლარის ვალის აღება - 1.393 მილიარდი საგარეო, ხოლო 400 მილიონი ლარი საშინაო ვალის სახით; ვალის მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებაში იზრდება 44.2%-მდე.
  5. ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს ეკონომიკის დაგეგმილ 4%-იან ზრდაში; ვერც იმაში, რომ მისივე გათვლებით (თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია), 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე უფრო ღარიბები ვიქნებით, ვიდრე დღევანდელი იამაიკა, ირანი, აზერბაიჯანი ან ბელორუსი.
  6. ხელისუფლება არ აპირებს სისტემური ცვლილებების განხორციელებას განათლებაში, ჯანდაცვაში, თავდაცვაში, თვითმმართველობაში და უბრალოდ, ამ სფეროებში ფულის ფლანგვის გაგრძელებას გეგმავს.
  7. ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ასობით მილიონი ლარის ფუჭად ხარჯვა ვითომ ეკონომიკის მასტიმულირებელ პროგრამებზე, ისევე, როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის (ამ სამინისტროს დაფინანსება იზრდება 90 მილიონიდან 137 მილიონამდე) საკითხებზე.
  8. ხელისუფლება აპირებს გადასახადების ზრდას (აქციზის) და შემოსული თანხების მიმართვას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე (ამ სამინისტროს დაფინანსება იზრდება 950 მილიონიდან 1.258 მილიარდამდე); „ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის“ ილუზიას ანაცვლებს ახალი (მივიწყებული) ილუზია - „ინფრასტრუქტურული ხარჯები გაზრდის ეკონომიკას“.
  9. ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს სხვადასხვა სტრუქტურებზე ისეთი ხარჯების გაწევა, რომელთაც რაციონალური ახსნა არ აქვს: რელიგიის საკითხთა სააგენტო, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სოლიდარობის ფონდი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, კონკურენციის სააგენტო, საპატრიარქო, საზოგადოებრივი მაუწყებელი (ამ უკანასკნელის დაფინანსება იზრდება 46 მილიონამდე) და სხვ.
  10. ხელისუფლება აპირებს მოსახლეობაზე ლარის იძულებით თავსმოხვევის პოლიტიკა (ე.წ. ლარიზაცია) აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს; 2017 წელს საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობა 65 მილიონი ლარით დააფინანსებს კომერციულ ბანკებს, რომლებიც მოსახლეობის შედარებით შეძლებულ ნაწილს დოლარში გაცემულ სესხებს ლარში დაუკონვერტირებენ.

სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი:

  1. შემდეგი 8 წლის განმავლობაში მთავრობის ხარჯები უნდა შემცირდეს მშპ-ს 32-დან 15%-მდე და შემცირების საფეხურები გაიწეროს კონსტიტუციაში; კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ მთავრობის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს 15%-ზე მეტი.
  2. შემდეგი 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში უნდა შემცირდეს 0%-მდე და შემცირების საფეხურები გაიწეროს კონსტიტუციაში; კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს 25%-ზე მეტი.
  3. მთავრობას კონსტიტუციით აეკრძალოს შიდა ვალის აღება.
  4. კონსტიტუციით აიკრძალოს ბიუჯეტის დეფიციტი.
  5. კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ საქართველოში დაშვებულია თავისუფალი სავალუტო რეჟიმი; ახალ რეჟიმზე გადასვლა მოხდეს 2017 წლის განმავლობაში; გადასახადების აკრეფა და სახელმწიფო ხარჯების გაწევა მოხდეს აშშ დოლარში.
  6. 2017 წლიდან გაუქმდეს მოგების, საშემოსავლო, იმპორტისა და ქონების გადასახადები; 2017 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი შემცირდეს 2 მილიარდი ლარით.
  7. 2017 წლის პირველ 6 თვეში მიწა უსასყიდლოდ დაურეგისტრირდეთ მის ფაქტობრივ მფლობელებს.
  8. ჰოლანდიური აუქციონის წესით მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების პრივატიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შპს-ების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების.
  9. 2017 წლიდან მოხდეს ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და კანაფის ლეგალიზაცია.
  10. 2017 წლიდან მოხდეს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების სრული დერეგულაცია.

ეს არის ერთადერთი სწორი გზა სწრაფი ეკონომიკური განვითარებისკენ!

რა შედეგებს მოიტანს 2017 წლის ბიუჯეტის არსებული პროექტი?

თუ პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსიას დაამტკიცებს, შედეგები იქნება შემდეგი:

  1. არ მოხდება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის მკვეთრი ზრდა;
  2. არ გაიზრდება ან შემცირდება ეკონომიკის დაკრედიტება;
  3. შენარჩუნდება ეკონომიკის ზრდის ძალიან დაბალი ტემპი ან ქვეყანა წავა ეკონომიკურ რეცესიაში;
  4. არ მოხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ან შემცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა;
  5. ვერ მოხდება სიღარიბის დაძლევა და სოციალური დახმარების სისტემა კვლავ იქნება არაეფექტური;
  6. განათლების სისტემა ისევ არ აღჭურვავს მომავალ თაობას ისეთი უნარებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინათ.

თუ შევაჯამებთ, 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი არის, კარგ შემთხვევაში ქვეყნისთვის არაფრის მომცემი, თუმცა მაღალი ალბათბით - საზიანო, როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ასე რომ, 90-იანი წლების ცნობილი ვიდეო-არტისა არ იყოს - გვენძვრისი მეფეო!

კომენტარები