სიახლეები

იაგო ხვიჩია: მე მინდოდა, რომ ოპოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც შევთანხმდით ერთიანები ვყოფილიყავით და ხელისუფლებისთვის ერთიანი ფრონტით შეგვეტია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია "ტვ პირველის" ეთერში გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როდესაც პარტიაში მთავარ წინასაარჩევნო სლოგანზე საუბრობდნენ, სწორედ ჰქონდა იდეა, რომ ეს ყოფილიყო "winter is coming", რომელიც ერთგვარი ალუზია იქნებოდა, რომ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებს ჰგავს.

თუმცა ხვიჩია გიგი უგულავას პათოსს ბოლომდე არ იზიარებს, რადგან თვლის, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს მთლად ასე სასტიკადაც არ უსწორდებიან. რაც შეეხება განცხადების შინაარს, ერთი პოლიტიკური პარტია - მეორის შეცდომაზე ცდილობს იხეიროს. 

პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ცხადია "ნაციონალური მოძრაობის განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ მარტო სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, ეს ფაქტი ბუნებრივია ოპოზიცაში კრიტიკას გამოიწვევდა. მისივე თქმით, ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესია, რომ ხელისუფლებაში არც მიშა და არც ბიძინა არ მოვიდეს.   

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შანსი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთის კრიტიკის და ლანძღვა-გინების ნაცვლად, საქმეზე სალაპარაკოდ გამოეყენებინა. 

ჩვენ შეგვეძლო კრიტიკის ნაცვლად, ჩვენს შეთანხმებებზე და იმაზე თუ, როგორ ვაპირებთ ქვეყნის შეცვლას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამაზე გვესაუბრა. მე მინდოდა, რომ ოპოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც შევთანხმდით ერთიანები ვყოფილიყავით და ხელისუფლებისთვის ერთიანი ფრონტით შეგვეტია. 

                                                                                                                                                            - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის ერთობის დაშლაში დაადანაშაულა და დღევანდელი პოლიტიკური ვითარება "სამეფო კარის თამაშებს" ხოლო, მიხეილ სააკაშვილი სერსეი ლანისტერს შეადარა.

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები